ღვინის მეწარმეებისთვის საერთაშორისო ბაზარზე მარკეტინგული ხარჯების სუბსიდირების პროგრამაში ცვლილებები შევიდა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი, 13 ივნისს გამოქვეყნებული მთავრობის დადგენილებიდან ვიგებთ.
მთავრობის მიერ 2021 წლის 7 სექტემბერს გამოქვეყნებულ დადგენილებაში, რომელიც „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ წესებს განსაზღვრავს, მესამე მუხლში ემატება ქვეპუნქტები, რომელიც ღვინის პოპულარიზაციის მარკეტინგული ხარჯების გაწევის რეგიონებს განმარტავს - ეს რეგიონებია აზიის რეგიონი, ევროპის, ამერიკის და სხვა რეგიონი, რომელიც მოიცავს ქვეყნებს, რომლებიც აზიის, ევროპის და ამერიკის რეგიონებში არ არის. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ არ მოიცავს საქართველოში, სუამისა და დსთ-ის რეგიონებში მარკეტინგული ხარჯების ანაზღაურებას.
კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც პროგრამაში შედის ის არის, რომ ბენეფიციარებს ან ყველა რეგიონებში ერთად, ან მათ მიერ შერჩეულ არაუმეტეს ორ რეგიონში გაწეული მარკეტინგული ხარჯები აუნაზღაურდებათ. ამასთან, თითოეულ ბენეფიციარზე სახელმწიფო წლის მანძილზე გასაცემი ანაზღაურების მაქსიმალური მოცულობა 600 000-დან 300 000 ლარამდე შემცირდა.
ცვლილებების მიხედვით, პროგრამის ბენეფიციარები არ იზღუდებიან აუდიტორული ფირმის შერჩევისას.
მთავრობამ „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ 2021 წლის სექტემბერში დაამტკიცა, რაც ღვინის კომპანიებისთვის მარკეტინგულ კამპანიებში დახმარებას გულისხმობს. პროგრამაში შესული ცვლილებები გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.
რამ განაპირობა საერთაშორისო ბაზარზე მეღვინეებისთვის მარკეტინგული ხარჯების სუბსიდირების პროგრამაში ცვლილებების შეტანა - ამ და სხვა კითხვებით BM.GE-მ ღვინის ეროვნულ სააგენტოს მიმართა და უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.