მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პატარა მარნები ახერხებენ, ღვინო 5-ჯერ უფრო ძვირად გაყიდონ, ვიდრე საშუალო საექსპორტო ფასია - "იაგოს ღვინო"

იაგოს ღვინო

“იაგოს ღვინის“ დამფუძნებელი bm.ge-სთან კომპანიის 2023 წლის შედეგებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მეღვინეობამ 2022 წლის მოსავალი სრულად საექსპორტო ბაზრებზე გაყიდა. იაგო ბიტარიშვილის თქმით, 2023 წელი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო.

„ჩვენ 100%-ით ექსპორტზე ვართ ორიენტირებული. 2022 წლის მოსავლის 100% საერთაშორისო ბაზრებზე გავიტანეთ, თუმცა რაც შეეხება 2023 წელს, ძალიან რთული იყო კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ამიტომ იმედს ვიტოვებთ, ვენახების კუთხით წლევანდელი წელი უკეთესი იქნება“, - აღნიშნავს ბიტარიშვილი.

მეღვინე საზღვარგარეთ ქართული ღვინის ფასზეც საუბრობს, რომელიც 2023 წელს, 2022-თან შედარებით 41 ცენტით გაიზარდა და $ 2.89 შეადგინა. როგორც ბიტარიშვილი ამბობს, იმისათვის, რომ ქართულმა ღვინომ ადგილი მაღალ საფასო სეგმენტში დაიმკვიდროს, ხარისხზე უნდა იმუშაოს. მისივე ინფორმაციით, მაგალითად, პატარა მარნები ახერხებენ, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ღვინო თითქმის 5-ჯერ უფრო ძვირად გაყიდონ.

„როცა ფასზეა საუბარი, გარკვეულწილად მას ის ბაზარი განსაზღვრავს, რომელსაც ექსპორტში 65%-იანი წილი უჭირავს. თუმცა ვთვლი, რომ საკითხს კომპლექსურად უნდა შევხედოთ. თუ კი გვინდა ადგილი დავიკავოთ მაღალ საფასო სეგმენტში - დასავლეთში, ამ შემთხვევაში მეტი მუშაობა გვჭირდება, აქ საუბარია ხარისხზე, რომელიც ყოველ წელს იზრდება, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო. განსაკუთრებით სამუშაო გვაქვს ვენახების თვალსაზრისით.

ჩვენ არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ქართული ღვინო იმაზე მაღალ საფასო სეგმენტში გაიყიდება, ვიდრე ევროპული ღვინოები.

პატარა მარნები ახერხებენ, ღვინო 4-5ჯერ უფრო ძვირად გაყიდონ ვიდრე საშუალო საექსპორტო ფასია, მაგრამ ეს მცირე ნაწილია. რა შეიძლება გაკეთდეს ფასის გასაზრდელად? - საჭიროა მაღალი ხარისხი, ვენახებზე მუშაობა და მარკეტინგული ღონისძიებები.

თუ თავიდანვე არ ავიღეთ მაღალ საფასო სეგმენტზე სწორება - მერე უფრო გაგვიჭირდება“, - ამბობს მეღვინე.

ინფორმაციისთვის: TOP 10 ბაზარს შორის, ქართული ღვინის საშუალო ფასი ყველაზე დაბალი პოლონეთშია, ყველაზე მაღალი აშშ-ში.

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების რეიტინგი საშუალო ფასის მიხედვით

  • აშშ - საშუალო ფასი $6.19 / 5.612 მლნ დოლარი / 906 511 ლიტრი ღვინო
  • გერმანია - საშუალო ფასი $4.66 / 4.620 მლნ დოლარი/ 991 217 ლიტრი ღვინო
  • ჩინეთი - საშუალო ფასი $3.69 / 11.690 მლნ დოლარი/ 3 165 799 ლიტრი ღვინო
  • ლატვია - საშუალო ფასი $3.55 / 4.074 მლნ დოლარი/1 147, 000 ლიტრი ღვინო
  • ლიეტუვა - საშუალო ფასი $3.32 /2.166 მლნ დოლარი/ 651 627 ლიტრი ღვინო
  • ყაზახეთი - საშუალო ფასი $3.09 / 9.015 მლნ დოლარი / 2 914 542 ლიტრი ღვინო
  • ბელარუსი - საშუალო ფასი $2.89 / 8.013 მლნ დოლარი / 2 802 150 ლიტრი ღვინო
  • უკრაინა - საშუალო ფასი $2.79 / 14.481 მლნ დოლარი/ 5 188 531 ლიტრი ღვინო
  • რუსეთი - საშუალო ფასი $2.70 / 168.304 მლნ დოლარი / 62 282 750 ლიტრი ღვინო
  • პოლონეთი - საშუალო ფასი $2.51 / 15.046 მლნ დოლარი / 5 973 970 ლიტრი ღვინო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები