“არ მინდა გამომივიდეს, რომ ბიზნესები ლარის გამყარების წინააღმდეგები ვართ, ჩვენ სტაბილურობა გვინდა,” - ამის შესახებ “იაგოს ღვინის” დამფუძნებლმა bm.ge-სთან განაცხადა.
იაგო ბიტარიშვილის თქმით, ბიზნესები ლარის კურსის გამყარებით ზარალს ნახულობენ.
“კურსის მერყეობა ასე არ უნდა ხდებოდეს და ის უნდა დასტაბილურდეს. ჩვენი წარმოების 100% ექსპორტზეა დამოკიდებული. აქამდე ითვლებოდა, რომ ეს კარგი იყო, იმიტომ, რომ მუდმივად სტაბილურობის შეგრძნება იყო. თუ ადრე მაგალითად, 10 000 ევროში 40 000 ლარი მოდიოდა, ახლა 27 000 ლარი მოდის. მე ნებისმიერი კურსის არსებობის მომხრე ვარ, მაგრამ ის რაც შეიძლება სტაბილური უნდა იყოს. კურსი უნდა შენარჩუნდეს რათა მასზე ავიღოთ სწორება და დავიგეგმოთ,”- განმარტა ბიტარიშვილმა.
ბიზნესმენის თქმით, ის აშშ-სა და ევროპაში მისი ღვინის იმპორტიორებს ფასებს ვერ უზრდის, რაც ამ ვითარებაში ბიზნესისთვის დამაზარალებელია.
“ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ევროპის და აშშ-ს ბაზრებს ფასები ავტომატურად გავუზარდოთ, რადგან მათ სხვადასხვა დანახარჯები, მაგალითად ლოგისტიკის ისედაც მოემატათ და ეს რთულია. ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში ჩავვარდებით. ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესებისთვის, როგორც ლარის გაუფასურებაა პრობლემა, ასევეა პრობლემა ლარის სწრაფი გამყარება,” - აღნიშნა “იაგოს ღვინის” დამფუძნებელმა.
ლარი ყოველდღიურად გამყარების ახალ რეკორდებს ხსნის. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბოლო ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.5461ლარი შეადგინა. კურსის გამყარება ექსპორტიორ კომპანიებზე გავლენას ახდენს და ამის შესახებ bm.ge-ს ეთერებში არაერთმა ბიზნესმენმა ისაუბრა. ბიზნესმენები აღნიშნავენ, რომ ლარის ასეთი გამყარების ფონზე ექსპორტი უკვე ნაკლებად აკომპენსირებს შიდა დანახარჯებს, მათ შორის ენერგომატარებლებზე გაზრდილ ფასებს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ გამყარების ტენდენცია დიდხანს შენარჩუნდება მათ ფასების კორექტირებაც მოუწევთ.