კომპანია „იაგოს ღვინოს“ დამფუძნებლის იაგო ბიტარიშვილის მოსაზრებით, ქართული ღვინის ცნობადობის ასამაღლებლად მეტი თანხა უნდა გამოიყოს. როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ თქვა, ერთ ბაზარზე დამოკიდებულება რისკებს შეიცავს, ბაზრის დივერსიფიცირებისთვის კი ქართული ღვინის პოპულარიზაცია აუცილებელია.
„ღვინის ექსპორტი საქართველოს ეკონომიკაში ყოველთვის მოწინავე ადგილებზე იყო და იმედია სულ ასე იქნება - შემოსავალი უნდა გვიხაროდეს, მაგრამ ნებისმიერ ერთ ქვეყანაზე ამხელა წილით ჩამოკიდება სექტორისთვის დიდ რისკს შეიცავს. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რუსეთის ბაზარი ძირითადად დამოკიდებულია პოლიტიკურ სიტუაციასთან, პოლიტიკა კი ხშირად იცვლება და მომავლის განჭვრეტა რთულია. ამავე დროს ისიც გასათვალისწინებელია. რომ რუსეთშივე იზრდება დიდი რაოდენობით ადგილობრივი წარმოება და ისინი ითხოვენ საბაჟო მოსაკრებლის დაწესებას, რომელიც დაბალი პროცენტი არ არის, ამიტომ მოკლევადიან პერსპექტივაზე ეს ციფრები შეიძლება ბევრზე მეტყველებს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი პრიორიტეტი მაქსიმალური დივერსიფიცირება უნდა იყოს.
ბაზრის დივერსიფიცირებაზე და ცნობადობის ამაღლებაზე როცაა საუბარი იმ მიზერული შესაძლებლობით რაც დღეს არის გამოყოფილი წარმოუდგენელია ალტერნატიულ ბაზრებზე ღვინის გაყიდვები გაიზარდოს. ეს ხომ პირდაპირ პროპორციულია იმასთან რამდენს დავხარჯავთ კერძო მარნები და ასევე სახელმწიფოც. სუბსიდირება ბიუჯეტის ტვირთია, მაგრამ როდესაც ყოველწლიურად სუბსიდირების თანხა იზრდება, იქიდან 10 პროცენტიც, რომ იხარჯებოდეს ცნობადობის გაზრდაზე სხვადასხვა ქვეყნებში დარწმუნებული ვარ გაყიდვებში უკეთესი შედეგი გვექნებოდა“, - განაცხადა მან.
მან ასევე სახელმწიფო პროექტების ეფექტურობაზე გაამახვილა ყურადღება და ის ძირითადი მახასიათებლები განმარტა, რაც მარკეტინგული პროექტების გატარებას უნდა მოჰყვეს.
„ორი კომპონენტია, როდესაც მარკეტინგზე და ცნობადობის გაზრდაზეა საუბარი. მაგალითად, მარკეტინგული პროექტი რომელიც ორი წლის წინ დაიწყო თანადაფინანსებას ითვალისწინებდა კერძო მარნების მიერ დახარჯულ მარკეტინგზე, მაგრამ არც კი ვიცი ეს ვინმე კერძო მარანმა გამოიყენა თუ არა. თუ არავინ გამოიყენება ე.ი არ მუშაობს.
მეორეა, ის რასაც ღვინის ეროვნული სააგენტო წლების განმავლობაში ახორციელებს, სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა კომპანიების მეშვეობით, - ქართული ღვინის „პრომოუშენი“, ეს ზოგ ქვეყანაში კარგად გამოვიდა, მაგალითად პოლონეთში. მაგრამ, მაგალითად აშშ-ში 1 მილიონი ბოთლი საერთოდ არაფერი არ არის იმ ბაზრის მასშტაბები, რომ წარმოვიდგინოთ. ასევე აზიაშია ამის რესურსი, მაგრამ ყველა ერთად უნდა შევთანხმდეთ, რომ უფრო მეტი რესურსი უნდა დაიხარჯოს. ეს არ არის წყალში გადაყრილი ფული, რადგან ეს მოიტანს ღვინის გაყიდვას სხვადასხვა ბაზრებზე, რაც დამატებითი შემოსავალია, როგორც ქართული ეკონომიკისთვის, ისე ბიუჯეტისთვის და შესაბამისად უფრო ნაკლები წნეხი იქნება რთველი პერიოდში სუბსიდირებისთვის“, - განაცხადა „იაგოს ღვინოს“ დამფუძნებლმა.