მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად აქვს ქართულ მეღვინეობას სტაბილური მომავალი? - ზურაბ მარგველაშვილის მოსაზრება

64593ab7eed3d
თელარა გელანტია
08.05.23 23:00
840
“ქართული მეღვინეობის სტაბილური მომავალი იმ ქვეყნებში ექსპორტის და გაყიდვების ზრდის დაწყებაშია, სადაც არაა პოლიტიკური და ეკონომიკური რისკები და თუ არის, ყველაზე დაბალია“, - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კომპანია „თბილღვინოს“ დირექტორმა ზურაბ მარგველაშვილმა ექსპორტის დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.

საქმე ის არის, რომ 2023 წლის პირველ კვარტალში 56.5 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა ექსპორტზე, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23.3%-ია. აღსანიშნია, რომ ღვინის ექსპორტის 67.5% კვლავ რუსეთის ბაზარზე მოდის ანუ ამ ქვეყანაში 3 თვეში 38 მლნ დოლარის ქართული ღვინო გაიყიდა. აღსანიშნია ისიც, რომ 1 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ღვინო რუსეთის გამოკლებით მხოლოდ 5 საექსპორტო ბაზარზე გავიდა - ესენია პოლონეთი, უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი და ამერიკა.

აღსანიშნია, რომ BMG-ის ინფორმაციით, ღვინის სექტორიდან „თბილღვინო“ ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში ექსპორტი შეწყვიტა და არც განუახლებია.

„როგორც წესი, ეს ყველამ კარგად ვიცით, რომ არაა უსაფრთხო და ჯანსაღი, როდესაც შენი შემოსავლები ერთ ქვეყანაზეა დამოკიდებული და ეს დამოკიდებულება 50-60%-ია. ჩვენი კომპანია და ასევე, არიან სხვა კომპანიებიც, რომლებიც მაღალი ხარისხის, მსოფლიოს კლასის ღვინოს აწარმოებენ და როგორც „თბილღვინოს“, ისე ქართული მეღვინეობის სტაბილური მომავალი არის იმ ქვეყნებში ექსპორტის დაწყებასა და ზრდაში, სადაც არაა პოლიტიკური და ეკონომიკური რისკები და თუ არის, ყველაზე დაბალია. მარტივად შეგვიძლია ვნახოთ სტატისტიკა იმ ქვეყნების, რომლებიც ყველაზე დიდი რაოდენობით იმპორტს ახორციელებენ. შესაბამისად, ეს არის ის სამიზნე ბაზარი, რაც ჩვენთვის გახდა სამიზნე. ვისურვებდი, რომ ქართული მეღვინეობაც წასულიყო იმ ბაზრებისკენ და სახელმწიფოს მიერ ქართული ღვინის ცნობადობაზე თანხები დახარჯულიყო ზუსტად ასეთ ქვეყნებში, სადაც ცნობადობის გაზრდას პირდაპირ მოჰყვება გაყიდვები და წარმატება“, - განაცხადა ზურაბ მარგველაშვილმა.

„თბილღვინოს“ დირექტორი სახელმწიფოს მოუწოდებს, არატრადიციულ ბაზრებზე ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით, უფრო მეტი თანხა დაიხარჯოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები