2025 წელს ღვინის გლობალური წარმოება 227 მლნ ჰექტოლიტრს შეადგენს, რაც 0.6%-ით აღემატება 2024 წლის რეკორდულად დაბალ მაჩვენებელს - ამის შესახებ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ბოლო ანგარიშში ვკითხულობთ, რომელიც ღვინის გლობალური ბაზრის გასული წლის შედეგებს აჯამებს.
ანგარიშის თანახმად, ეს არის ზედიზედ მესამე წელი, როდესაც წარმოების დაბალი დონე ფიქსირდება (ხუთწლიან საშუალოზე 9.4%-ით ნაკლები). არახელსაყრელი კლიმატური პირობები, მათ შორის ყინვები, ჭარბი ნალექები და გვალვები, კვლავ უარყოფით გავლენას ახდენს ვენახების პროდუქტიულობაზე როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ნახევარსფეროში.
ზოგიერთ რეგიონში წარმოების კლება ასევე მწარმოებლების უფრო ფრთხილ სტრატეგიას ასახავს. არსებულ პირობებში, საშუალოზე დაბალი წარმოება მარაგებზე ზეწოლის შემსუბუქებას უწყობს ხელს და დეფიციტის რისკებს ამცირებს.
წამყვანი მეღვინეობის ქვეყნები
2025 წელს ევროკავშირში ღვინის წარმოება 136 მლნ ჰექტოლიტრად ფასდება, რაც 2024 წელთან შედარებით 1.3%-ით ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი გლობალური წარმოების 60%-ით კვლავ წამყვან რეგიონად რჩება, ეს მაჩვენებელი ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.
მონაცემები ევროკავშირის ვენახებზე კლიმატური ცვლილებების მზარდ გავლენას უსვამს ხაზს. ზოგიერთ რეგიონში გვალვა და პიკური სიცხეები დაფიქსირდა, სხვაგან კი ჭარბმა ნალექებმა, ქარიშხლებმა და ვაზის დაავადებებმა მოსავლიანობა შეამცირა. ეს გავლენა რეგიონების მიხედვით არათანაბარი იყო: ზოგან არახელსაყრელი პირობების გამო მოსავალი შემცირდა, ნაწილმა კი ხელსაყრელი ამინდით ისარგებლა და საშუალო მაჩვენებელს მიაღწია.
იტალია მსოფლიოში ღვინის უმსხვილესი მწარმოებელია. ის ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანაა, რომელმაც 2025 წელს საშუალო მაჩვენებელთან ახლოს მყოფი მოსავალი - 44.4 მლნ ჰექტოლიტრი მიიღო, რაც 2024 წლის იდენტურია (+0.7%). თუმცა, ეს მოცულობა ხუთწლიან საშუალოზე 4.1%-ით ნაკლებია. ამინდი ზოგადად ხელსაყრელი აღმოჩნდა, თუმცა წარმოების ზრდა რეგიონების მიხედვით განსხვავდებოდა. მატება ძირითადად სამხრეთ და ჩრდილოეთ რეგიონებში დაფიქსირდა, ცენტრალურ იტალიაში კი (განსაკუთრებით ტოსკანაში) წარმოება შემცირდა. გარდა ამისა, რამდენიმე ადგილწარმოშობის ზონაში მარაგების მართვის მიზნით მოსავლიანობა ნებაყოფლობით შეიზღუდა.
საფრანგეთმა, რომელიც მსოფლიოში მეორე უმსხვილესი მწარმოებელია, 2025 წელს 36.1 მლნ ჰექტოლიტრი ღვინო აწარმოვა, რაც 2024 წლის დაბალი მაჩვენებლის იდენტურია (ხუთწლიან საშუალოზე 16%-ით ნაკლები). კლების მთავარი მიზეზი არახელსაყრელი კლიმატური პირობები გახდა, რამაც ყველა მეღვინეობის რეგიონი დააზიანა. განსაკუთრებით აგვისტოს გვალვამ და სიცხემ ყურძნის დამწიფება დააჩქარა, თუმცა მისი ზრდა შეაფერხა. ამასთან, ვენახების ამოძირკვის კამპანიებმაც ქვეყანაში წარმოების საერთო დონე მნიშვნელოვნად შეამცირა.
ესპანეთი 28.7 მლნ ჰექტოლიტრით გლობალურად მესამე პოზიციას ინარჩუნებს. ეს მაჩვენებელი 2024 წელთან შედარებით 7.7%-ით ნაკლებია (ხუთწლიან საშუალოზე 17%-ით დაბალი). ზედიზედ მესამე წლის გვალვამ და სიცხეებმა მოსავლიანობის მკვეთრი შემცირება გამოიწვია, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. კლება ძირითადად კასტილია-ლა მანჩას რეგიონმა განაპირობა, სადაც წარმოება 11%-ით შემცირდა. კატალონიის გარდა, ყველა წამყვანმა რეგიონმა წინა წელთან შედარებით დაბალი შედეგი აჩვენა.
სად არის საქართველო?
ორგანიზაციის თანახმად, საქართველოში ღვინის წარმოება 2025 წელს 2.6 მლნ ჰექტოლიტრს აღწევს, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. ეს მოცულობა 2024 წლის უხვ მოსავალს 5.0%-ით აღემატება (ხუთწლიან საშუალოზე 25.1%-ით მეტი). ეს რეკორდული მაჩვენებელი ხელსაყრელ კლიმატურ პირობებსა და ქართული ღვინის სექტორის მუდმივ გაფართოებას ასახავს, რაც დიდწილად საექსპორტო მოთხოვნის ზრდით არის განპირობებული.
შესაბამისად, ღვინის მწარმოებელ უმსხვილეს ქვეყნებს შორის საქართველო მე-16 ადგილზეა და მასზე გლობალური წარმოების 1.1% მოდის.
ღვინის მწარმოებელი უმსხვილესი ქვეყნები, 2025
| ქვეყანა | 2020 | 2021 | 2022 | 2023 | 2024 | 2025 | 25/24 % ცვლილება | 2025 % გლობალური წილი |
| იტალია | 49.1 | 50.2 | 49.8 | 38.3 | 44.1 | 44.4 | 0.7% | 19.7% |
| საფრანგეთი | 46.7 | 37.6 | 46.0 | 47.2 | 36.1 | 36.1 | -0.1% | 16.0% |
| ესპანეთი | 40.9 | 35.5 | 36.0 | 28.4 | 31.1 | 28.7 | -7.7% | 12.7% |
| აშშ | 23.9 | 25.3 | 23.5 | 25.5 | 21.1 | 20.0 | -5.3% | 8.9% |
| ავსტრალია | 10.9 | 14.8 | 13.1 | 9.6 | 10.4 | 11.3 | 8.8% | 5.0% |
| არგენტინა | 10.8 | 12.5 | 11.5 | 8.8 | 10.9 | 10.8 | -0.9% | 4.8% |
| სამხრეთ აფრიკა | 10.4 | 10.8 | 10.3 | 9.3 | 8.8 | 10.2 | 16.2% | 4.5% |
| ჩილე | 10.3 | 13.4 | 12.4 | 11.0 | 9.3 | 8.4 | -9.9% | 3.7% |
| გერმანია | 8.4 | 8.4 | 8.9 | 8.6 | 7.8 | 7.6 | -2.6% | 3.4% |
| პორტუგალია | 6.4 | 7.4 | 6.8 | 7.5 | 6.9 | 6.0 | -14.0% | 2.6% |
| რუსეთი | 4.4 | 4.3 | 5.0 | 4.5 | 5.1 | 5.7 | 11.5% | 2.5% |
| ახალი ზელანდია | 3.3 | 2.7 | 3.8 | 3.6 | 2.8 | 3.7 | 31.5% | 1.7% |
| რუმინეთი | 3.8 | 4.5 | 3.8 | 4.6 | 3.1 | 3.3 | 3.7% | 1.4% |
| უნგრეთი | 3.0 | 3.1 | 2.9 | 2.9 | 2.7 | 3.0 | 10.0% | 1.3% |
| ბრაზილია | 2.3 | 2.9 | 3.2 | 2.3 | 1.6 | 2.8 | 80.6% | 1.3% |
| საქართველო | 2.1 | 1.9 | 1.9 | 1.9 | 2.4 | 2.6 | 5.0% | 1.1% |
| ავსტრია | 2.4 | 2.5 | 2.5 | 2.4 | 2.2 | 2.5 | 17.5% | 1.1% |
| ჩინეთი | 6.6 | 5.9 | 4.7 | 3.2 | 2.6 | 2.2 | -17.8% | 1.0% |
| მოლდოვა | 0.9 | 1.4 | 1.4 | 1.8 | 1.2 | 1.8 | 53.1% | 0.8% |
| საბერძნეთი | 2.2 | 2.4 | 2.1 | 1.4 | 1.4 | 1.6 | 16.8% | 0.7% |
| სხვა ქვეყნები | 14.7 | 14.2 | 14.7 | 13.4 | 13.7 | 14.2 | 3.7% | 6.3% |
| გლობალური ჯამი | 264 | 262 | 265 | 236 | 225 | 227 | 0.6% | 100.0% |




























