მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექსპორტის რაოდენობა კი მცირდება, მაგრამ ქართული ღვინო უფრო დაფასებული ხდება | ლევან მეხუზლა

მეხუზლა

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა აცხადებს, რომ საექსპორტო ბაზრებზე ქართული ღვინო ძვირდება და უფრო დაფასებული ხდება.

მან "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში გლობალურ ტენდენციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებულ ვითარებაში, საქართველოს ღვინის ექსპორტის რაოდენობრივი კლების მიუხედავად, კარგი შედეგები აქვს.

"ზოგადად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გლობალურად საკმაოდ რთული პერიოდი დგას. ჩვენი ღვინის ექსპორტის რაოდენობა წინა წელთან შედარებით დაკლებულია, მაგრამ ფასი და შემოსავალი დგას დაახლოებით იგივე ნიშნულზე. ვფიქრობ, რომ გლობალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს არის საუკეთესო შედეგი. ერთი მხრივ ის, რომ ვინარჩუნებთ სტაბილურობას შემოსავლებში და მეორე მხრივ ის, რომ რაოდენობა კი მცირდება, მაგრამ ქართული ღვინო ძვირდება და უფრო დაფასებული ხდება.

დივერსიფიცირებას რაც შეეხება, ძალიან კარგი შედეგები გვაქვს გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში. იმ ფონზე, რომ გერმანული ბაზარი კლებულობს და ყოველწლიურად ნაკლებ და ნაკლებ ღვინოს მოიხმარენ, ჩვენ ვაჩვენებთ 20%-იან ზრდას, რაც პირდაპირი მანიშნებელია, რომ ქართული ღვინის წილი ამ ბაზარზე მატულობს და წინ მივდივართ. ასევე ქართული ღვინის წილი მატულობს ჩინეთის ბაზარზე, ჩინეთში რამდენიმე გამოფენა ახლაც მიმდინარეობს", - აცხადებს ლევან მეხუზლა.

წელს საქართველოდან ღვინის ექსპორტი მოცულობაში 6%-ით, თანხობრივად კი 0.6%-ით შემცირდა. საქსტატის 2026 წლის 9 თვის მონაცემებით საქართველომ ექსპორტზე 188.7 მილიონი აშშ დოლარის ღვინო გაიტანა, საიდანაც 119.7 მილიონი აშშ დოლარი რუსეთზე მოდიოდა, რაც სრული ექსპორტის 63.4%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები