მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადასახადების გაზრდით სახელმწიფო ნებსით თუ უნებლიეთ ზრდის ქართული ღვინის თვითღირებულებას - ვასილ მანაგაძე

ღვინო

მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან მეღვინეობის სექტორში მომსახურების ტარიფები გაიზარდა. კერძოდ, შეიცვალა ღვინის ეროვნული სააგენტოს მომსახურების საფასური, რომლითაც ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებლები სარგებლობენ.

მაგალითად, საექსპორტო/იმპორტირებულ პროდუქციაზე სერტიფიკატის გაცემა 1 სამუშაო დღის ვადაში 450 ლარიდან 650 ლარამდე გაძვირდა, წარმოების ტექნოლოგიური ინსტრუქციის შეთანხმება თითოეულ დასახელებაზე 450 ლარის ნაცვლად ამიერიდან 650 ლარი ეღირება, ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციო პროდუქციაზე სერტიფიკატის გაცემა კი ფასიანი გახდა და 10 ლარით განისაზღვრა.

მომსახურების ტარიფების ზრდას კრიტიკულად აფასებს კერძო სექტორი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, მთავრობა ამ გადაწყვეტილებით ღვინის თვითღირებულებას ხელოვნურად ზრდის, რაც განსაკუთრებით მცირე და საშუალო მარნებს აზარალებს.

“წარმოშობის სერტიფიკატი იქნება თუ საექსპორტო დოკუმენტაცია, საკმაოდ გაძვირებულია. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო ნებსით თუ უნებლიეთ რეალურად ზრდის ქართული ღვინის თვითღირებულებას საექსპორტო ბაზარზეც და ადგილობრივ ბაზარზეც.

ყველა იმ დოკუმენტზე, რომელიც გაიცემა სააგენტოში, ერთი და იგივე გადასახადია დიდი ქარხნისთვის, რომელიც 18 000 ბოთლს გაიტანს პირობითად ბალტიისპირეთში ან სკანდინავიაში, თუ პატარა მარნისთვის, ვისაც ორი პალეტი აქვს გასატანი. ამიტომ ეს თვითღირებულებას განსაკუთრებით პატარა და მცირე მარნებს გაუზრდის.

გაუგებარია, რატომ უნდა დააწესო ეს გადასახადები გლობალური კონკურენციის პირობებში, როცა ბევრ შემთხვევაში თავად სააგენტო ამბობს, რომ გლობალურად ღვინის მოხმარება შემცირდა. პირიქით, სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს, რომ გაიაფდეს ჩვენი პროდუქცია, რომ ევროპაში იქნება, ამერიკაში თუ სხვა ბაზრებზე, უფრო მოგებიან პოზიციაში ვიყოთ”,-აცხადებს ვასილ მანაგაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები