მეღვინეობა “ფაფრის ველის” დამფუძნებლის შალვა ქურდაძის შეფასებით, 1 სექტემბრიდან ამოქმედებული ღვინის სერტიფიცირების საფასური გაუქმებით, ბიუროკრატია არ მცირდება.
საქმე ის არის, რომ მთავრობა, ყველა ზომის ღვინის კომპანიებისთვის პირველი სექტემბრიდან ამოქმედებულ სერტიფიცირების მოსაკრებელს მცირე მარნებისთვის აუქმებს, თუმცა სერტიფიცირება სავალდებულო მოთხოვნად რჩება. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილება მცირე მარნებთან კონსულტაციის შედეგად მიიღეს.
თუმცა მეღვინე შალვა ქურდაძე BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, რომ უწყებასთან მას კომუნიკაცია არ ჰქონია და საფასურის გაუქმების შესახებ მედიიდან გაიგო.
“არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა. ღვინის ეროვნული სააგენტო პირდაპირ პასუხისმგებლობას იცილებს. ეს ორგანო ქართული ღვინის განვითარების ერთ-ერთ მთავარ მუხრუჭად გადაიქცა, რომლის მიზანიც დარგის წარმომადგენლების დახმარება უნდა იყოს, ამ დროს საგადასახადოს ფილიალად იქცნენ. ბუღალტრად მაქციეს მეღვინე კაცი.
არავინ არაფერს გვეკითხება, რა გადაწყვეტილებებს იღებენ, საიდან გამომდინარე - არავინ, არაფერი ვიცით.
სერტიფიკატის მოსაკრებლის გაუქმებით, ბიუროკრატია არ მცირდება. იგივე დრო უნდა დავხარჯო, ღვინო დეგუსტაციაზე უნდა მივიტანო, ახლა ვზივარ და ამ სერტიფიკატებს ვავსებ”, - აცხადებს “ფაფრის ველის” დამფუძნებელი და საქართველოში მეღვინეებისთვის სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ ბიუროკრატიას განმარტავს:
“ექსპორტზე ღვინის გატანისას სერტიფიცირებას გავდივართ, რადგან ევროპის ქვეყნები ითხოვენ მაგ სერტიფიცირებას და ზუსტად იგივე სერტიფიცირება უნდა გავაკეთო, რომ შიდა ბაზარზე, კუთხის მაღაზიაში გავყიდო. ყველა ღვინო ექსპორტზე არ გამაქვს. “ფაფრის ველის” წარმოებაში ყველა ქვევრი ინდივიდუალურია. 30 ქვევრი მაქვს. აქედან 3-4 ექსპორტზე გავა, დანარჩენი ქვეყნის შიგნით უნდა გავყიდო და ყველა ქვევრიდან ჩამოსხმულ ღვინოზე ცალ-ცალკე უნდა ავიღო სერტიფიკატი. ასე რომ არ მოვიქცე, მაშინ ნაკლები უნდა ვიწვალო და მათი მოსაწონი სტანდარტის ღვინო ვაკეთო.
მსოფლიოში გახმაურებული სტრუქტურა რომ არის, იქაც არ არის ეგეთი წესი, რომ ყველა სერტიფიკატი გამოეწეროს ყველა კონკრეტულ წერტილზე. კანარებში ვმუშაობდი და მშვენივრად ვიცი - ერთი სერტიფიკატია და იმით იყიდება ვისკი, კონიაკი, ყველაფერი შედის იქ… რუსეთშიც კი ასეა”, - აცხადებს შალვა ქურდაძე.
კითხვაზე - რა გადაწყვეტაა მისაღები მცირე მეღვინეობებისთვის, “ფაფრის ველის” დამფუძნებელი პასუხობს: “ჩვენთვის თავისუფალი ბაზრის პრინციპია მისაღები! ევროკავშირის კანონები გადმოიწერონ…ჭრიან და კერავენ, როგორც უნდათ",- ამბობს ის.
მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან მეღვინეობის სექტორში მომსახურების ტარიფები გაიზარდა. კერძოდ, შეიცვალა ღვინის ეროვნული სააგენტოს მომსახურების საფასური, რომლითაც ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებლები სარგებლობენ. მაგალითად, საექსპორტო/იმპორტირებულ პროდუქციაზე სერტიფიკატის გაცემა 1 სამუშაო დღის ვადაში 450 ლარიდან 650 ლარამდე გაძვირდა, წარმოების ტექნოლოგიური ინსტრუქციის შეთანხმება თითოეულ დასახელებაზე 450 ლარის ნაცვლად 650 ლარი ეღირება, ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციო პროდუქციაზე სერტიფიკატის გაცემა კი ფასიანი გახდა და 10 ლარით განისაზღვრა. ცვლილებამ მცირე მეწარმეების უკმაყოფილება გამოიწვია. მეღვინეების ნაწილი გაზრდილ ხარჯებზე საუბრობდნენ და აცხადებდნენ, რომ მათთვის ამ პირობებში წარმოების განვითარება გართულდებოდა.
























