მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისეთი საექსპორტო ქვეყნები გვემატება, რომლებზეც ადრე ვერც ვიოცნებებდით - „ფაფრის ველი“

ღვინის ექსპორტი

გლობალურ ბაზარზე ღვინის მოხმარების შემცირების შესახებ გავრცელებულ შეფასებებს ღვინის მარნის „ფაფრის ველი“ დამფუძნებელი შალვა ქურდაძე არ ეთანხმება. მან BMGTV-ის გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა, რომ მსოფლიო ბაზრის საერთო სურათზე საუბრისას ცალკეული ქვეყნების დინამიკის გათვალისწინებაა საჭირო.

„ბევრს ლაპარაკობენ, რომ, აი, იცით, მსოფლიო მასშტაბით, გლობალური მასშტაბით ღვინის მოხმარება და ღვინის ბაზრები შემცირდა. ესეც არ არის მართალი, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ. იმიტომ, რომ შემცირდა ჩინეთის და რუსეთის ხარჯზე“, - განაცხადა მან.

ქურდაძის შეფასებით, ჩინეთის ბაზარზე მკვეთრმა კლებამ გლობალურ სტატისტიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, თუმცა მისი თქმით, იგივე სურათი დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში არ შეინიშნება. როგორც მეღვინე ამბობს, მისი კომპანიის შემთხვევაში წელს ექსპორტის მიმართულებით ზრდაა და ახალ ბაზრებზეც გაჩნდა შესაძლებლობები.

„კატასტროფული ვარდნა მოხდა ჩინეთის ბაზარზე და, რა თქმა უნდა, გლობალურ გაყიდვებსა და მოცულობებში ამან დიდი გავლენა იქონია. მაგრამ, უკაცრავად, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ბრიტანეთის ქვეყნებში არ მომხდარა ასეთი ვარდნა. ამიტომ ჩვენ წელს გვაქვს რეკორდული ექსპორტი. არავითარი ვარდნა - რაზე ლაპარაკობენ ხოლმე, არ მესმის, როდესაც ჩვენ ექსპორტის ერთ-ერთი საუკეთესო წლები გვაქვს“, - აღნიშნა შალვა ქურდაძემ.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ქართული ღვინის მიმართ ინტერესი ისეთი ქვეყნებიდანაც გაიზარდა, სადაც მანამდე ექსპორტის მიმართულებით მნიშვნელოვანი მოლოდინი არ ჰქონდათ. მათ შორის მეღვინე პარაგვაისა და მექსიკას ასახელებს და ამბობს, რომ ამ ქვეყნებიდან თავად მიიღეს შეკვეთები.

„ისეთი ქვეყნები გვემატება, რომლებზეც ადრე ვერც ვიოცნებებდით. მაგალითად - პარაგვაი, მექსიკა. ვერ წარმომედგინა, თუ ოდესმე იქ ვინმე დაინტერესდებოდა ჩემი ღვინით. თვითონ გამოვიდნენ და წაიღეს საკმაოდ დიდი შეკვეთა. რატომ ჰგონიათ [სახელმწიფო მოხელეებს], რომ ჩვენ, მევენახეებს, თოხი გვიჭირავს ხელში, ვენახში ვართ მარტო და არც კომპიუტერში ვიხედებით და არც საერთაშორისო ანალიტიკას ვიცნობთ?“, - განაცხადა მან.

ზედიზედ მეექვსე წელია, გლობალური ღვინის მოხმარება მცირდება - სტატისტიკა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები