კომპანია „იაგოს ღვინოს“ დამფუძნებელმა, იაგო ბიტარიშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ჩინეთის, რუსეთის და ევროპის ბაზრებისთვის დამახასიათებელ მოთხოვნებზე ისაუბრა. მისი თქმით, ჩინეთის და რუსეთის შემთხვევაში მოთხოვნა უფრო ნახევრად ტკბილ ღვინოებზეა, რომელიც მაღალი ხარისხის ღვინოებად არ ითვლება.
„ზოგადად ბაზარი ბევრ რამეს გვკადრულობს, მითუმეტეს, როდესაც დიდ რესურსზეა საუბარი. ჩემთვის ხშირად დაუსვიათ კითხვა, რა მოგცა ევროპულმა ბაზარმა, - პირველ რიგში ცოდნა. ასევე, როგორც ბიზნესი გავიზარდე, ცოდნის კულტურის, მუშაობის კულტურის და ღვინის ხარისხის თვალსაზრისით ეს ყველაზე მეტია, რაც შეიძლება მე მიმეღო ნებისმიერი სხვა ბაზრით.
ყველა ბაზარს თავისი სპეციფიკა ახასიათებს, მაგალითად ჩინეთის და რუსეთის შემთხვევაში საუბარია ნახევრად ტკბილ ღვინოებზე, რომელიც მაღალი ხარისხის ღვინოებად არ ითვლება და მაგიტომაც არის, რომ თუ ღვინის გაყიდვა რუსეთში გაჭირდა ღვინოს სხვაგან ვერ გავყიდით - ეს ღვინო სხვას არ სჭირდება.
ამიტომ დასავლეთის ბაზრებზე ღვინის გაყიდვა ნიშნავს ქართული ღვინის ხარისხის გაზრდას, რადგან ის ბაზარი მაგას გვკარნახობს, რომ ხარისხიანი ბაზარი სჭირდებათ. ეს ფაქტორიც დამატებითი ფაქტორია თუ რატომ უნდა ვიყოთ ორიენტირებული ალტერნატიულ ბაზრებზე“, - განაცხადა იაგო ბიტარიშვილმა.
მას ასევე საექსპორტო ღვინის მოთხოვნის ტენდენციებზე ისაუბრა და თქვა, რომ მალე ჩინეთში და მათ შორის რუსეთშიც ხარისხიან ღვინოზე მოთხოვნა გაიზრდება.
"ძალიან მალე ჩინეთში ტკბილ ღვინოებს მშრალი ღვინოები ჩაანაცვლებს, რადგან მაღალი ეკონომიკაა და დასავლური კულტურა აქტიურად და სწრაფად შედის. ბევრი დასავლეთის ღვინის მწერალი თუ ჟურნალისტი საუბრობს იმაზე, რომ რამდენიმე წელიწადში ჩინეთის ბაზარი აღარ იქნება ისეთი როგორიც რამდენიმე წლის წინა იყო, რადგან ის ძალიან ემსგავსება დასავლეთის ბაზარს. ამიტომ იქაც ხარისხი პრიორიტეტი იქნება. ასევე შეიძლება ითქვას რუსეთზეც - ეს ტკბილი ღვინოები იქ ჯერ კიდევ პოპულარულია, მაგრამ ახალი თაობისთვის ვისაც მიმბაძველობა აქვთ დასავლურ კულტურასთან იქ ხარისხიანი ღვინო ჩანაცვლდება", - განაცხადა მან.