მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კარგია, რომ აშშ-ში ღვინის ექსპორტი გაიზარდა, თუმცა პოტენციალი ძალიან დიდია“ –„იაგოს ღვინო“

იაგოს ღვინო

ამერიკის შეერთებულ შტატებში ღვინის ექსპორტი 56%-ით გაიზარდა. როგორც „საქსტატის“ მონაცემებში ვკითხულობთ, წელს 5 თვეში შტატებში 2.988 მლნ დოლარის 486,555 ათასი ლიტრი ღვინო გაიგზავნა. შედეგად, შტატები ღვინის საექსპორტო ბაზრებში მე-7-დან მე-6 პოზიციაზე დაწინაურდა და ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ბაზარი გახდა.

შედარებისთვის, რუსეთში, სადაც ყველაზე მეტი ქართული ღვინო იყიდება, ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2.7 დოლარია, პოლონეთში 2.4 დოლარი. ამერიკაში კი 1 ლიტრი ექსპორტირებული ღვინის ფასი 6.14 დოლარს უტოლდება.

„იაგოს ღვინის“ დამფუძნებელი იაგო ბიტარიშვილი ამერიკის ბაზარზე ქართული ღვინის გაყიდვების ზრდას მარკეტინგულ აქტივობებს უკავშირებს და აცხადებს, რომ ცნობადობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფომ კერძო სექტორთან ერთად აქტივობები უნდა გააგრძელოს.

„ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ბაზარს თუ გაყიდვებს გავზრდით. ეს დიდი შედეგის მომტანი იქნება დარგისთვის. ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორია, თუმცა მთავარი გამოწვევა არატრადიციულ ბაზრებზე ცნობადობის გაზრდაა. ამ წლების განმავლობაში ბევრი სამუშაო ჩატარდა, გვაქვს ფილმები, რომელიც აშშ-ის არხებზე გადის. ვფიქრობ, ამ აქტივობების გამოძახილია ეს გაზრდა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ერთჯერადად. მეტი უნდა გავაკეთოთ, მეტი რესურსი უნდა დახარჯოს სახელმწიფომ, კერძო ბიზნესმა და დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ. ეს ერთ დღეში არ ხდება, დღევანდელმა აქტიურობამ მომავალ წელს შეიძლება მოგცეს გარკვეული შედეგი, მთავარია ტენდენცია გაჩნდეს აქეთკენ.

ამ პროცესში დიდი წილი სახელმწიფოს ეკუთვნი და დიდმა კომპანიებმა მხარი უნდა აუბან. პატარა მარნები ისედაც ჩართულები არიან ამერიკის და ევროპის ბაზრებზე. პატარა მარნები განსხვავებულ ბაზარზე შედიან, უფრო ძვირადღირებულზე. მასიურ ღვინოებში უფრო რთულია კონკურენცია, რადგან ძალიან ბევრ ღვინოს ყიდის საფრანგეთი, ესპანეთი თუ ავსტრალია,“ - განაცხადა ბიტარიშვილმა.

„საქმიანი დილის“ ეთერში მან ქართული მწარმოებლების განათლების დონეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი მარნების გაჩენამ ბაზარზე კონკურენციის და შესაბამისად ხარისხის გაზრდას შეუწყო ხელი.

„ქართული ღვინის ფასი წლიდან წლამდე იზრდება, ეს კარგია. ყველაფერს ეტყობა ეს ბაზარსაც, ექსპორტსაც, აღიარებასაც. თუ შენარჩუნდება ის ლიბერალური საკანონმდებლო ბაზა, რომელიც დღეს არის, როდესაც ბაზარი თავისუფალი და ბევრ ახალ მარანს შეუძლია ღვინის წარმოება, ეს უფრო გაზრდის კონკურენციას. დღეს მეტია კონკურენცია ვიდრე გუშინ და ბევრად მეტი ვიდრე გუშინწინ, ამიტომაც გაიზარდა ხარისხი,“ - მიიჩნევს იაგო ბიტარიშვილი.

ინფორმაციისთვის, „საქსტატის“ ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2024 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოდან მსოფლიოში 140 მლნ დოლარის ღირებულების 49 474 ტონა ღვინო გაიყიდა, რაც გასული წლის ექსპორტი ღირებულებას 35.9%-ით, ხოლო მოცულობას 38.9%-ით აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები