მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შიდა ბაზარზე ბოთლის ღვინოზე მოთხოვნა იზრდება - “იაგოს ღვინო”

ღვინო

“იაგოს ღვინო”, რომლის წარმოების 100%-იც საექსპორტო ბაზრებზე რეალიზდება, რამდენიმე ახალ ქვეყანასა და ადგილობრივ ბაზარზე გამოჩენასაც გეგმავს, - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, იაგო ბიტარიშვილმა, BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში, 2023 წლის შეჯამებისას ისაუბრა.

“2023 წელი ჩვენმა მეურნეობამ სტაბილურად დახურა - პროდუქციის 100% გავიდა ექსპორტზე 12 ქვეყანაში. ჯერჯერობით ახალ ბაზრებს ვერ ვამატებთ. მართალია, რამდენიმე ქვეყნიდან მოთხოვნა არის, თუმცა რაოდენობის გამო ვერ ხერხდება. გვაქვს გეგმაში, რომ მომდევნო წლებში რამდენიმე ქვეყანას დავამატებთ და ადგილობრივ ბაზარზეც შემოვალთ - ამ მიმართულებით ვმუშაობთ”, - ამბობს იაგო ბიტარიშვილი.

მეღვინე აღნიშნავს, რომ მიზეზი, რის გამოც კომპანიის პროდუქციის სრული წილი უცხოეთში იყიდება, კომპანიის დაარსების დროს ქართულ ბაზარზე ბოთლის ღვინოზე დაბალი მოთხოვნა იყო, თუმცა ეს მდგომარეობა იცვლება.

“რატომ არ ვყიდი ღვინოს საქართველოში? იმიტომ არა, რომ ასეთი კონცეფცია მაქვს, არამედ იმიტომ, რომ, როდესაც დავიწყე, ბოთლის ღვინოზე მოთხოვნა არ არსებობდა. ახლა ეს მოთხოვნა გაჩნდა, თუმცა რაოდენობრივად აღარ მყოფნის. სიტუაცია შეიცვალა, გაჩნდა ღვინის ბარები, სხვადასხვა კურსი სომელიეებისთვის, იზრდება ევროპული ღვინის კულტურა და აქამდე თუ ჭიქა ღვინოზე ვერავის დაპატიჟებდი, ახლა ეს შეგიძლია.

ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის პოპულარიზებას ღვინის ფესტივალები უწყობს ხელს, შიდა ბაზარი ნელ-ნელა ვითარდება, რასაც ჰორეკა სექტორში გაყიდული ქართული ღვინის რაოდენობაც მოწმობს, ფესტივალები და სხვა მარკეტინგული ღონისძიებები კი ქვეყანაში ტურისტს იზიდავს”, - განაცხადა “იაგოს ღვინის” დამფუძნებელმა.

მეღვინეს საერთაშორისო მარკეტინგულ აქტივობებსა და სამიზნე ბაზრებზეც ვესაუბრეთ. მისი თქმით, “ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის” 2024 წელს გაზრდილი ბიუჯეტი ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ქართული პროდუქტის დასავლურ ბაზრებზე პოპულარიზებისთვის ეს საკმარისი არ არის.

“ვფიქრობ, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ქართული ღვინის და, ზოგადად, მთლიანად საქართველოს ცნობადობაა და მივესალმებით ამ მიმართულებით მუშაობას. მიხარია, რომ სააგენტოს ბიუჯეტიც გაიზარდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის, რომ რეალური შედეგი მივიღოთ, მეტი აქტიურობა გვჭირდება. შესაძლოა, მხოლოდ ცნობადობამ არ უშველოს ღვინის გაყიდვებს, თუმცა ეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და ამას პოლონეთის მაგალითიც ადასტურებს, სადაც წარმატებულად გავზარდეთ ცნობადობა და გაყიდვები.

კიდევ ერთი, რაც მთავარია, იმის განსაზღვრაა, რა რაოდენობის ღვინოს გავყიდით და სად. დასავლეთისა და ამერიკის ბაზარზე შესვლამ ქართველებს ბიზნეს კულტურა და ცოდნა შესძინა, ამიტომ ამ ბაზრებზე ორიენტირება და გაყიდვების ზრდა უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიზანი. სწორედ ამას უნდა მოჰყვეს ხარისხის ზრდა, თუმცა არა მხოლოდ ხარისხი უნდა იყოს ჩვენი კონკურენტული უპირატესობა. ზოგ შემთხვევაში, ქვევრის ღვინოს გაცილებით მაღალი საექსპორტო ფასი აქვს, ვიდრე ფრანგულს და ასე წარმატების მიღწევა ძალიან რთული იქნება”, - აცხადებს იაგო ბიტარიშვილი.

ცნობისთვის, 2024 წლისთვის სამიზნე ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 2 მილიონი ლარით გაიზარდა. ჯამში მარკეტინგულ აქტივობებზე ღვინის ეროვნული სააგენტო წელს 16 მილიონ ლარს დახარჯავს. სტრატეგიულ ბაზრებს შორისაა ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები