მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვევრის ყიდვა მინდა და ვერ ვყიდულობ... ბაზარზე ხარისხიან ქვევრს ვერ იყიდი - იაგო ბიტარიშვილი

ქვევრის ყიდვა მინდა და ვერ ვყიდულობ... ბაზარზე ხარისხიან ქვევრს ვერ იყიდი - იაგო ბიტარიშვილი
BM.GE
31.07.23 16:00
426

ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კომპანია „იაგოს ღვინოს“ დამფუძნებელმა იაგო ბიტარიშვილმა მეღვინეობის სექტორის გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა


„ბოლო 5-7 წელია, ქვევრის ყიდვა მინდა და ვერ ვყიდულობ... ევროპაშიც ქართული ქვევრი ჩინურმა თიხის ჭურჭელმა ჩაანაცვლა“, - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კომპანია „იაგოს ღვინოს“ დამფუძნებელმა იაგო ბიტარიშვილმა მეღვინეობის სექტორის გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.

მეღვინის თქმით, პრობლემაა ქვევრის დამზადების ტექნოლოგია, რადგან ახლად დამზადებული ქვევრების გარკვეული ნაწილი არასათანადოდაა გამომწვარი, რაც ქვევრის ღვინის მწარმოებლებს აზარალებს.

- ჩემი გულისტკივილია ქვევრის ხარისხი, რომელიც არ ეკადრება ღვინის სამშობლოს ქვეყანას. ძალიან ბევრი პრობლემა, რაც გვაქვს ქვევრის ღვინოს მიმართულებით, სწორედ ქვევრის ხარისხითაა გამოწვეული, რაც გამოწვევად რჩება; ხარისხიანი ქვევრები უნდა ვაწარმოოთ... იყო პერიოდი, როდესაც ქვევრი არავის სჭირდებოდა. მახსოვს, მექვევრეები სულ ჩიოდნენ, რომ არავის სჭირდება ქვევრიო და ა.შ. შემდეგ კი, გაჩნდა ბუმი - ქვევრებზე მოთხოვნამ მიწოდებას გადააჭარბა, რაც ხარისხზეც უარყოფითად აისახა. ძალიან დიდი დარტყმა მივიღეთ იმით, რომ როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საზღვარგარეთაც ნებისმიერი ხარისხის ქვევრი იყიდებოდა.

- ექსპორტზეც გადის საქართველოდან ქვევრი?

- დიახ, საკმაოდ დიდი რაოდენობით გავიდა ბოლო წლებში... დადებითი ინფორმაციის გავრცელებაა ძნელი, თორემ უარყოფითი საკმაოდ სწრაფად ვრცელდება... 2-3 წელია, ნელ-ნელა, მოთხოვნა-მიწოდებას შორის ბალანსი დგება, მაგრამ დღესდღეობით, ბაზარზე ხარისხიან ქვევრს ვერ იყიდი. პირდაპირ ვამბობ, ბოლო 5-7 წელია ქვევრის ყიდვა მინდა და ვერ ვყიდულობ. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და ამ სიტუაციაში ყველაზე ნაკლებად დამნაშავე მექვევრეები არიან; მათ 8 000 წლის განმავლობაში ეს ხელობა შემოგვინახეს და ახლა სხვა სიმაღლეზე, ხარისხზე უნდა გადავიდეთ. ეს უნდა გახდეს ბიზნესი. ეს ხელობა არ უნდა დაიკარგოს.

- თუ ხარისხიან ქვევრებზე მოთხოვნა არის, რატომ ვერ იქცა ბიზნესად? მთავარი გამოწვევა რა არის?

- მთავარი გამოწვევა ის არის, რომ ქვევრის წარმოება ბიზნესად ვერ იქცა. გარკვეული ნიშნები არის, მაგრამ ეს არაა საკმარისი. პირდაპირ გეტყვით, დიდწილად ევროპაშიც, ევროპელ მეღვინეებშიც, ვისაც თიხის ჭურჭელში ღვინის დაყენება სურს, ქართული ქვევრი ჩინურმა თიხის ჭურჭელმა ჩაანაცვლა. ვერ წარმოიდგენთ, ევროპელების, ძირითადად, ფრანგების დახმარებით, რა მასშტაბის წარმოება ააწყვეს... აღსანიშნია ისიც, რომ ჩინეთს კერამიკის ძალიან დიდი კულტურა აქვს და ყოველ წელს, როდესაც ჩავდივარ ევროპაში, უფრო და უფრო მეტი ჩინური ჭურჭელი მხვდება.

- სახელმწიფოს როლს რაში ხედავთ - როგორ უნდა შეუწყოს ხელი ხარისხიანი ქვევრების წარმოებას?

- საქართველოში, ძირითადად, სამი ადგილია, სადაც ქვევრი იწარმოება: ერთი - კახეთში და ორი - დასავლეთ საქართველოში, იმერეთში. მექვევრეებს ყველაზე მეტად სჭირდებათ თანამედროვე ღუმელები, სადაც თიხის გამოწვა ხდება... სახელმწიფოს შეეძლო, რთველის სუბსიდირებიდან, რომლის ბიუჯეტი 100 მლნ ლარს აჭარბებს, 2 მლნ ლარი მოეკლო და 2-3 ადგილას გაკეთებულიყო საქვევრე ღუმელები, რაც ვფიქრობ, ყველას წაადგებოდა და რაღაცნაირად უნდა შეეწყოს ხელი. მეღვინეები ამ გამოწვევის დაძლევას ნაკლებად შევძლებთ, ჩვენ შეგვიძლია ვიყიდოთ ძვირიანი და ხარისხიანი ქვევრები.


BMG დაინტერესდა, საქართველოდან ქვევრის ექსპორტის სტატისტიკით, მაგრამ როგორც საქსტატში გვითხრეს, მსგავსი მონაცემები არ აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები