2023 წელს ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამისთვის ბიუჯეტში 14 მილიონი ლარია გამოყოფილი. აღნიშნული თანხიდან, 2 მილიონი ლარი მიმართულია „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამისკენ“, რომლის ფარგლებში მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსება მხოლოდ იმ კომპანიებისთვის ხორციელდება, რომლებიც ექსპორტს პრიორიტეტულ ბაზრებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებენ, გარდა დსთ-ს ქვეყნებისა. ამასთან, ისინი პროგრამით განსაზღვრულ სხვა პირობებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ.
როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი BM.GE-სთან აცხადებს, „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სააგენტოში 40-მდე განაცხადია შესული. აღსანიშნია, რომ ამისთვის ღვინის კომპანიებს დრო 1 აგვისტომდე ჰქონდათ.
„ძალიან ბევრი განაცხადია შემოსული და წლის ბოლოს გვეცოდინება, რამდენი დააკმაყოფილებს პროგრამით გათვალისწინებულ პირობებს.
ეს არ არის გრანტი, თუმცა თუმცა ამავე დროს არის გრანტი, რადგან ამ გრანტის მისაღებად უნდა დააკმაყოფილო გარკვეული მოთხოვნები, რომელიც საკმაოდ მკაცრია. მარტივად რომ ვთქვათ, შენ უნდა დახარჯო ფული მარკეტინგში და შენ უნდა გაზარდო ექსპორტი. ამ ორი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში შენ აგინაზღაურდება გარკვეული თანხა. ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით, მაგრამ 40-მდე განაცხადია შემოსული“,-აცხადებს ლევან მეხუზლა.
მთავრობამ „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ 2021 წლის სექტემბერში დაამტკიცა. პროგრამას ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ბენეფიციარი ჰყავს, რომელიც გასულ წელს გამოვლინდა.
პროგრამის ფარგლებში, მეწარმეებს შეუძლიათ სახელმწიფოსგან 600 ათასი ლარის თანადაფინანსება მიიღონ. ამისთვის ისინი შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ:
- ბენეფიციარი მიმდინარე საანგარიშო პერიოდში უზრუნველყოფს მეტი მარკეტინგული ხარჯის გაწევას, ვიდრე გასწია წინა საანგარიშო პერიოდში.
- მარკეტინგული ხარჯიც და ექსპორტის მოცულობაც დაითვლება საქართველოს, სუამის და დსთ-ის გარეთ არსებულ ბაზრებზე.
- ხარჯების ასანაზღაურებლად აუცილებელია ორივე პარამეტრის: ექსპორტის მოცულობა და მარკეტინგული ხარჯი, იყოს იმაზე მეტი, ვიდრე წინა წელს.
იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარს წინა კალენდარული წლის და საანგარიშო პერიოდში არ აქვს გაწეული მარკეტინგული ხარჯი ან/და არ განუხორციელებია ღვინის ექსპორტი პროგრამის პირობების შესაბამისად, დაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნება არაუგვიანეს გასული 3 წლის განმავლობაში უკანასკნელად გაწეული მარკეტინგული ხარჯი და ექსპორტირებული ღვინის მოცულობა.