მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნის შიგნით ღვინის პოპულარიზაციაზე მთავრობა ₾1,5 მილიონს დახარჯავს - ახალი პროგრამის დეტალები

ლევან მეხუზლა

2024 წლისთვის სამიზნე ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 2 მილიონი ლარით იზრდება. ჯამში მარკეტინგულ აქტივობებზე ღვინის ეროვნული სააგენტო მომავალ წელს 16 მილიონ ლარს დახარჯავს.

შემუშავდა ახალი სახელმწიფო პროგრამაც, რომელიც მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ღვინის პოპულარიზაციის წახალისებას ითვალისწინებს. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი bm.ge-სთან განმარტავს, საუბარია ქვეყნის შიგნით მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებაზე, რომლის ბიუჯეტი მომავალი წლისთვის 1,5 მილიონი ლარია.

„ადგილობრივ ბაზარზეც ვიქნებით აქტიური, თუმცა გვეცვლება ინსტრუმენტი, რომლითაც ვიმოქმედებთ ადგილობრივ ბაზარზე. შევიმუშავეთ სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გარკვეულ ნაწილს ავუნაზღაურებთ [ხარჯებს] იმ ორგანიზატორებს, რომლებიც ჩაატარებენ ფესტივალს, გამოფენას, დეგუსტაციას და ა.შ

₾16 მილიონიდან ამ ეტაპზე 2 მილიონია გათვალისწინებული იმ პროგრამაზე, რომელიც გულისხმობს მარკეტინგული ხარჯების ანაზღაურებას[ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა], 1,5 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული ადგილობრივ ბაზარზე აქტივობებისთვის და შესაბამისი პროგრამისთვის, ხოლო დანარჩენი გამოფენებზე და ჩვენს კონტრაქტორებს შორის ანუ საზღვარგარეთის ბაზრებზე სამოქმედოდ ნაწილდება“, - განმარტავს ლევან მეხუზლა.

მისი თქმით, სამიზნე ბაზრებზე მარკეტინგული აქტივობები მოიცავს ტრადიციულ გამოფენებში მონაწილეობას, როგორც დიუსელდორფში, ასევე პარიზში, ნიუ იორკში, კორეასა და იაპონიაში. სააგენტოს არჩეული აქვს სტრატეგიული ბაზრები, სადაც კონტრაქტორების საშუალებით მოახდენს საქართველო ღვინის პოპულარიზაციას. სტრატეგიულ ბაზრებს შორისაა ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები