ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლას განცხადებით, სერტიფიცირება არის სერვისი, რომელსაც სააგენტოს თანამშრომლები კერძო სექტორს უწევენ და შესაბამისად ის ფასიანი უნდა იყოს. მის კომენტარს სააგენტო ავრცელებს.
„ქართული ღვინის სერტიფიცირება საქართველოში სავალდებულოა როგორც ექსპორტისთვის, ასევე შიდა ბაზარზეც. ეს პროცედურა მხოლოდ სერტიფიკატის ბეჭდვას არ გულისხმობს, საკმაოდ შრომატევადი პროცედურებია, რომელსაც ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად ეწევიან. ეს არის სერვისი, რომელსაც ჩვენ კერძო სექტორს ვუწევთ, შესაბამისად, ისევე როგორც ყველა სერვისი, ეს მომსახურებაც ფასიანია. ექსპორტის სერტიფიცირების შემთხვევაში გარკვეული შეღავათები მცირე მარნებს აქვთ“, - აცხადებს მეხუზლა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მეღვინეობის დარგის განვითარების გარდამავალ ეტაპზე, სერტიფიცირების გარკვეული მომსახურება საფასურისგან გათავისუფლებული იყო, თუმცა, დღეს ვითარება შეცვლილია - საქართველოში 3 ათასზე მეტი ღვინის მწარმოებელია დარეგისტრირებული, ქართული ღვინო მსოფლიოს 70-მდე ქვეყანაში იყიდება, ხოლო წლიური ექსპორტი საშუალოდ 100 მლნ ლიტრს აღწევს, შესაბამისად, დარგის განვითარების ამ ეტაპზე სერტიფიცირების მომსახურების სრულად უფასოდ შენარჩუნების საჭიროება აღარ დგას. მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ადგილობრივ ბაზარზე ალკოჰოლიანი სასმელების რეალიზაციისთვის სერტიფიკატის გაცემა ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ფასიანი გახდა და ერთ განაცხადზე 10 ლარი შეადგინა.
ცნობისთვის, მეღვინეებისთვის როგორც შიდა ასევე გარე ბაზრებზე ღვინის რეალიზებისთვის სავალდებულო სერტიფიცირების ამოქმედებამ, მცირე მეწარმეების უკმაყოფილება გამოიწვია. მეღვინეების ნაწილი გაზრდილ ხარჯებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათთვის ამ პირობებში წარმოების განვითარება გართულდება.
























