„ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით“ 2023 წელს სულ ხუთმა კომპანიამ ისარგებლა. ამის შესახებ BM.GE-ს ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.
ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 2021 წელს დამტკიცდა და 2022 წლიდან ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში ექსპორტიორ კომპანიებს 600 000 ლარამდე თანადაფინანსების მიღება შეეძლოთ, თუმცა წელს თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა თითოეულ ბენეფიციარზე 300 000 ლარამდე შემცირდა. პროგრამაში მონაწილეობისთვის კი ერთ-ერთი აუცილებელი პირობა, განსაზღვრულ ბაზრებზე ქართული ღვინის ექსპორტია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, შარშან და წელს პროგრამის ბიუჯეტი 2-2 მილიონი ლარია. ამასთან როგორც BM.GE-ის ღვინის ეროვნული სააგენტოდან ჯერ კიდევ თებერვალში აცნობეს, 2023 წელს სააგენტოში მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებისთვის განაცხადი 26-მა კომპანიამ შეიტანა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2023 წლის პროგრამით ხუთმა კომპანიამ - „დავით მიხელიძის საოჯახო მარანმა“, „ბი ჯი ვაინსმა“, „ჯიველიმ“, „მეღვინეობა ჩელთიმ“ და „ასკანელი ძმებმა“ მიიღეს.
2 მილიონიანი ბიუჯეტის მქონე პროგრამით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, კომპანიებმა საექსპორტო ბაზრებზე გაწერილი მარკეტინგული ხარჯებისთვის 2023 წელს თანადაფინანსების სახით 243,281 ლარი მიიღეს.
„აღსანიშნავია, რომ პროგრამის მიმართ დაინტერესება წლიდან წლამდე იზრდება, შესაბამისად, არის მოტივაცია იმისა, რომ ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა ქართული ღვინის პოპულარიზაციისათვის თავად აწარმოონ მარკეტინგული აქტივობები სტრატეგიულ ბაზრებზე, რაც საშუალებას იძლევა ქართული ღვინის მიმართ დაინტერესება გაიზარდოს და მეტი ღვინის ექსპორტი განახორციელონ, რაც დადებითად აისახება პროგრამის მთავარი მიზნის მისაღწევად და საბოლოო ჯამში მეტ შემოსავალს მოუტანს ქვეყანას“, - აღნიშნავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, 2024 წლის პროგრამისთვის განაცხადების მიღება 24 ივნისიდან არის შესაძლებელი, ხოლო განაცხადების მითების ბოლო ვადა 30 აგვისტოა. „როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, მიმდინარე წლის პროგრამაში შევიდა გარკვეული ცვლილებები, რომელიც გულისხმობს საექსპორტო რეგიონების წინასწარ შერჩევას, ან შესაძლებელია რომ კომპანიებმა კვლავ გააკეთონ განაცხადი ყველა რეგიონში ერთობლივად“, - აცხადებენ სააგენტოში.