მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ კანონპროექტით ჯანდაცვის სამინისტრო ითავსებს პოლიციურ ფუნქციებს - რას ეხება EUGBC-ის კრიტიკა

5ef0cac854d5d
ინგა მურუსიძე
22.06.20 21:40
1680
"კანონპროექტის ამ სახით მიღება ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ითავსებს პოლიციურ ფუნქციებს" - ასე ეხმაურება "ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი კაჭარავა ჯანდაცვის სამინისტროს ავტორობით მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც სასამართლოს განჩინების გარეშე სამედიცინო დაწესებულებების შემოწმებას ეხება.

„ერთადერთი, რაც ვიცით არის ის, რომ ძალიან არასწორი რეგულაცია მზადდება, თან ისე, რომ დაგზავნილი არ ყოფილა ბიზნეს სექტორში და ჩვენი პოზიცია არ იციან. პრაქტიკულად, სამინისტროს შესაძლებლობა ექნება კომპანიებში აუდიტი მინიმუმ სამჯერ ჩაატაროს. კანონპროექტი ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ითავსებს პოლიციურ ფუნქციებს და იქნება ძალიან ცუდი ბიზნესის განვითარებისთვის. თუ კანონპროექტი ამ სახით მიიღეს, კატასტროფა იქნება“, - განაცხადა კაჭარავამ.

ცნობითვის: ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებს დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს. რამდენიმე კვირის წინ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაალ კაპანაძემ გადაცემა “საქმის კურსში” განაცხადა, რომ მათ მიერ აღმოჩენილია არაერთი შემთხვევა, როდესაც კლინიკებმა იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომელზეც რეგულირების სამსახური მოკვლევას აწარმოებდა, დოკუმენტები გააყალბეს. სწორედ ამით ხსნის უწყება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში“ დაგეგმილ ცვლილებებს.

საქმე იმაშია, რომ მოქმედი კანონმდებლობა კლინიკიდან ინფორმაციის ამოღების პროცესში სასამართლოს ჩართულობას ითვალისწინებს, რომლის განჩინების საფუძველზეც ხდება მოთხოვნილი ინფორმაციის ამოღება. ჯანდაცვის სამინისტროს ავტორობით, კანონში დაგეგმილი ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, სასამართლოს განჩინება საჭირო აღარ იქნება, თავად რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები კი გაიზრდება.

წარდგენილ ცვლილებებს “საქართველოს ბიზნეს ასოციაცია” ეწინააღმდეგება. ორგანიზაციის შეფასებით, “სუსტდება სამედიცინო საქმიანობის კონტროლის განხორციელებისას სასამართლოს როლი და მკვეთრად იზრდება გარკვეულ დარღვევებზე ჯარიმების ოდენობა.”

ამ თემასთან დაკავშირებით bm.ge-მ რამდენიმე კითხვა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესაც დაუსვა. ის ირწმუნება, რომ კანონი არ ისახავს მიზნად, ჯანდაცვის სამინისტრო დამსჯელი ორგანო გახდეს.