ქსელურ მარკეტებში არსებულ კაბალურ პირობებზე მცირე და საშუალო ბიზნესი კიდევ ერთხელ ალაპარაკდა, რამაც დღის წესრიგში დააყენა სამართლიანი ვაჭრობის შესახებ კანონპროექტის საკითხი. დარგობრივი ასოციაციები ამბობენ, რომ დღეს მეწარმეებს, რითეილ სექტორსა და დისტრიბუტორებს შორის არსებული ურთიერთობის დარეგულირების საჭიროებაა.
მთავრობის ამ პოზიციის მიუხედავად თემას კერძო სექტორში ისევ უბრუნდებიან. ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი ფიქრობს, რომ კანონპროექტის მიღება მხარეებს შორის ურთიერთობას პროგნოზირებადს გახდის, მცირე მეწარმეებს დაეხმარება და პროდუქციას გააიაფებს.
“ეს კანონპროექტი დაარეგულირებს ურთიერთობას ქსელურ მარკეტებს, დისტრიბუტორებსა და მცირე და საშუალო მეწარმეებს შორის, რაც არის უმნიშვნელოვანესი. ეს დამატებით პროგნოზირებადობის ელემენტს შემოიტანს მათ ურთიერთობებში.
ამ ეტაპზე კანონპროექტი არის ეკონომიკის სამინისტროში და დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი პრემიერ მინისტრი დიდ ყურადღებას მიაქცევს ამ კანონპროექტს, მის განვითარებას, სწრაფად შემუშავებას, ვინაიდან აღნიშნული კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს მომავალში ფასების შემცირებას, რაც მომხმარებლის ჯიბეზე აისახება”, - ამბობს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კაჭარავა.
კანონპროექტის დღის წესრიგში დაბრუნების მომხრეა დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაც. გაერთიანების პრეზიდენტი ამბობს, მარკეტებში პროდუქციის რეალიზაციისას პრობლემებს იმპორტიორებზე მეტად ადგილობრივი მეწარმეები აწყდებიან. ივა ჭყონიას თქმით, პრობლემა რომ გადაიჭრას კანონის არსებობის შემთხვევაში დოკუმენტმა ყველა მხარის პოზიცია უნდა გაითვალისწინოს.
“2023 წელს დაჩქარებული ტემპით უნდოდათ რომ მიეღოთ ეს კანონი, რაც ვფიქრობთ, რომ შედარებით უფრო უფრო მეტად ზიანის მომტანი იქნებოდა საბოლოო ჯამში ვიდრე გადაწყვეტდა პრობლემას.
ვფიქრობ, კანონპროექტთან დაკავშირებით გააქტიურება საუბრის, რომელზეც შარშან იყო არის დროული, მაგრამ აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის რომ ყველა დაინტერესებული მხარე აქტიურად იყოს ჩართული”, - აცხადებს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია.
რითეილ სექტორის წარმომადგენლები ეკონომიკის სამინისტროს კოორდინაციით შექმნილ პროექტთან დაკავშირებით ამბობენ რომ მასზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რადგან პროექტი არათუ ყველას ინტერესს არ ითვალისწინებს, პირიქით, ადგილობრივ მწარმოებლებზე მეტად იმპორტიორების ინტერესებზეა მორგებული. რითეილ ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, კანონპროექტის განხილვის შემთხვევაში სამუშაო ვერსიას დახვეწა დასჭირდება.
“დირექტივა ემსახურება კონკრეტულად ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერას და განვითარებას. ხოლო კანონპროექტი უფრო მაინც იმპორტირებულ პროდუქციაზე და დისტრიბუტორებზე იყო მორგებული. შესაბამისად, ბევრი კონსულტაციების და მსჯელობის შედეგად ამ ეტაპზე სახელმწიფომ მიიჩნია, რომ მისი მხრიდან ჩარევა ბიზნეს სუბიექტებს შორის სამოქალაქო ურთიერთობაში არ არის მიზანშეწონილი.
დოკუმენტი იქნება ნამდვილად გასამართი და დასახვეწი. არ იყო გათვალისწინებული ორივე მხარის ინტერესი, შესაბამისად, თუ გააქტიურდება კანონპროექტის პროცესი განახლდება კონსულტაციებიც.”-ამბობს რითეილ ასოციაციის ხელმძღვანელი სოფო ქაშაკაშვილი.
ცნობისთვის, სურსათის ფასების დარეგულირების მიზნით ეკონომიკის სამინისტროს ახალი კანონპროექტის შემუშავება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის თებერვალში დაავალა. ირაკლი ღარიბაშვილმა მაშინ აღნიშნა, რომ ბიზნესის საქმიანობაში სახელმწიფოს უხეში ჩარევა მისი ხელწერა არ არის, ამიტომ მთავრობამ სურსათზე ფასების შემცირება ევროდირექტივაზე დაფუძნებული კანონპროექტით გადაწყვიტა. საკითხის შესასწავლად შეიქმნა სამუშაო ჯგუფიც, რომელმაც კანონპროექტი შეიმუშავა, თუმცა კანონპროექტის ირგვლივ პროცესები მალევე გაჩერდა. დაბრუნდება თუ არა ისევ დღის წესრიგში უსამართლო ვაჭრობის აღმოფხვრის შესახებ კანონპროექტი უკვე ახალი პრემიერ მინისტრის პირობებში ეს ჯერ უცნობია. შესაბამისი კითხვები ეკონომიკის სამინისტროში გაგზავნილია, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.