13.აპრილი .2021 15:37

ამ კვირაში იმ კლინიკების რიცხვი გაიზრდება, სადაც აცრა ჩატარდება - პაატა იმნაძე

ამ კვირაში იმ კლინიკების რიცხვი გაიზრდება, სადაც აცრა ჩატარდება - პაატა იმნაძე
views 208
უკან

საქართველოში დღიურად საშუალოდ 1300-1400-მდე მოქალაქე იცრება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განსხვავებით რეგიონებისგან, მიმდინარე თვის ბოლომდე ვაქცინაციის დაჯავშნის ე.წ. კალენდარი დედაქალაქში სრულად არის შევსებული, ამიტომაც გუშინ საღამოს ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის გასავლელად თბილისში აცრისთვის ფანჯარა გაიხსნა და მოქალაქეებს რიგის მაისში დაჯავშნა შეუძლიათ.

თავის მხრივ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და მისი ხელმძღვანელობა მუდმივ რეჟიმში აცხადებს, რომ დღიურად 3000 მოქალაქე უნდა აიცრას და ვაქცინაციის ტემპი დაბალია, 
ამიტომ bm.ge-მ NCDC-ს ხელმძღვანელის მოადგილეს ჰკითხა - ვაქცინაციის არსებული დაბალი ტემპი მოქალაქეების სურვილის არქონას უკავშირდება თუ კლინიკური ინფრასტრუქტურის არასაკმარის რაოდენობას.

პაატა იმნაძეც აღნიშნავს, რომ ვაქცინაციის ტემპი საკმარისი არ არის. რაც შეეხება კლინიკური ინფრასტრუქტურის დეფიციტის საკითხს, მან კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ კეთდება აცრები მხოლოდ საავადმყოფოებში და არა - პოლიკლინიკებშიც.

„ვაქცინაციის მაჩვენებელი ცოტაა და იმისთვის, რომ გეგმას დავეწიოთ, დღიურად აცრის მაჩვენებელმა უნდა მოიმატოს. ჩვენ მოგვიწია იმუნიზაციის სისტემის ძალიან მკვეთრად შეცვლა იმის გამო, რომ ტრაგიკული შემთხვევა მოხდა და გადავწყვიტეთ, კიდევ უფრო დაგვეზღვია თავი და აცრა მხოლოდ საავადმყოფოებში დაწყებულიყო. ახლა მთელი სისტემა არის გადასაწყობი და ძირითადი დატვირთვა თავის თავზე უნდა აიღონ საავადმყოფოებმა. ამას ცოტა მეტი დრო დასჭირდა და უკვე გამზადებულია გეგმა, თუ როგორ უნდა გაიზარდოს საავადმყოფოების რიცხვი.


ამ კვირაში უკვე დაიწყება იმ კლინიკების რაოდენობის გაზრდა, სადაც აცრა ჩატარდება. რესურსი გვაქვს, ხვალ-ზეგ უკვე გაცილებით მეტი ადამიანის აცრა გახდება შესაძლებელი. უახლოეს მომავალში გაორმაგდება აცრილთა რაოდენობა, ამის რესურსი გვაქვს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ და დასძინა, რომ ვაქცინაციის ჯგუფების გაფართოება ამ ეტაპზე არ იგეგმება.