მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ამბასადორი გოდერძი“ 1 მარტს გაიხსნება - „გახსნისთვის დიდი ხანია მზად ვართ“

6037b74192a4d
ვიქტორია მღებრიშვილი
25.02.21 23:35
3157
სასტუმრო „ამბასადორი გოდერძი“, რომლის გახნა 5 თებერვალს იგეგმებოდა სტუმრებს 1 მარტიდან მიიღებს.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა თამარ გამყრელიძემ განმარტა, ამოქმედებისთვის მზაობა მათ 1 თებერვლიდან ჰქონდათ.

„1 მარტიდან, რეგულაციების დაცვით სტუმრების მისაღებად აბსოლუტურად მზად ვართ. 8 მარტიდან კი ჩვენს სტუმრებს საბაგიროების გახსნის შემდეგ სრულფასოვანი დასვენების შესაძლებლობა ექნებათ. რეალურად ოპერირებისთვის მზად 1 თებერვალს ვიყავით, თუმცა შეზღუდვების გამო ვერ გავიხსენით“, - აღნიშნა თამარ გამყრელიძემ.



კითხვაზე რატომ არ გაიხსნა სასტუმრო 25 თებერვლიდან, როდესაც სასტუმროებს მიეცათ ოპერირების ნებართვა, „ამბასადორი გოდერძის“ გენერალური მენეჯერი პასუხობს: „არ ვიცოდით როდის მოიხსნებოდა მთის კურორტებზე შეზღუდვები. მოგეხსენებათ, სასტუმროს ოპერირებისთვის აუცილებელი იყო პროდუქტების შეძენა, ამიტომ ამ პერიოდს საორგანიზაციო საკითხებისთვის გამოვიყენებთ“.

მისი ინფორმაციით, შეზღუდვების მოხნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გაჟღერების შემდეგ სასტუმრომ ჯავშნების მიღება ადგილობრივი მოსახლეობისგან უკვე დაიწყო.

„ჯავშნები ადგილობრივების მხრიდან უკვე კეთდება, თუმცა ინტერესი უცხოელ ვიზიტორებშიც არის და ზარებსაც ვიღებთ. საზღვრები გაიხსნა და ველოდებით საერთაშორისო ტურისტებსაც. ჩვენი ადგილმდებარეობის დადებითი მხარე ის არის, რომ კურორტ გოდერძიზე აპრილის ბოლომდე თოვლი სულ არის. ამიტომ ვფიქრობ რომ დამსვენებელი გვეყოლება“, - აღნიშნა თამარ გამყრელიძემ.



რაც შეეხება სასტუმროში განთავსების ღირებულებას, გენერალური მენეჯერი ამბობს, რომ ვინაიდან სეზონზე სასტუმრო დათქმულ დროს ვერ გაიხსნა, ამიტომ 2 ადამიანზე საუზმით განთავსების საშუალო ღირებულება 150 დოლარი იქნება.

შეგახსენებთ, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „ამბასადორი გოდერძის“ საინვესტიციო ღირებულება 30 მლნ დოლარს შეადგენს. სასტუმროს გახსნა თავდაპირველად დეკემბერში ზამთრის სეზონის დაწყებისას იგეგმებოდა, თუმცა მთავრობის მიერ მთის კურორტებზე დაწესებულმა შეზღუდვებმა „ამბასადორ ჯგუფის“ გეგმები შეცვალა და მისი გახსნა 5 თებერვლისთვის გადაიდო. პირველ ეტაპზე „ამბასადორი გოდერძი“ 120 ადამიანს დაასაქმებს, ხოლო სასტუმროს მეორე კორპუსის გახსნის შემდეგ ოთახების რაოდენობა 125-დან 270-280 მდე გაიზრდება, ხოლო დასაქმებულთა რიცხვი - 300-მდეა.