PMCG Research-ის მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში საქართველოში სასტუმრო ოთახის საშუალო ფასი 130 ლარიდან 546 ლარამდე მერყეობდა.
სასტუმრო ფასების ინდექსის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, სექტემბერში სასტუმროებში განთავსება წლიურად გაძვირდა, აგვისტოსთან შედარებით კი გაიაფდა.
PMCG Research-ის მიერ booking.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში სასტუმროების საშუალო ფასები რეგიონებისა და ვარსკვლავების მიხედვით არის წარმოდგენილი.
სექტემბერში სასტუმროების საშუალო ფასმა საოჯახო ტიპის სასტუმროებში 130 ლარი შეადგინა, 3*-იან სასტუმროებში - 186 ლარი, ხოლო 4*-იან სასტუმროებში - 290 ლარი.

საქართველოში 5*-იანი სასტუმროების საშუალო ფასი 546 ლარი იყო. ყველაზე მაღალი საშუალო ფასები დაფიქსირდა გურიაში - 795 ლარი, კახეთში - 775 ლარი და შიდა ქართლში - 736 ლარი.
3-, 4- და 5*-იანი სასტუმროების ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 8.7%-ით შემცირდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასების ინდექსი 3.1%-ით შემცირდა. მთლიანობაში, 2026 წლის სექტემბერში სასტუმროს ფასების ინდექსი თვის ჭრილში 7.2%-ით შემცირდა.
2026 წლის სექტემბერში 3-, 4- და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 8.0%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასების ინდექსი - 7.9%-ით. მთლიანობაში, 2026 წლის სექტემბერში სასტუმროს ფასების ინდექსი 8.0%-ით გაიზარდა 2025 წლის სექტემბერთან შედარებით.
























