მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

III კვარტალში თბილისში სასტუმროების დატვირთულობა 79%-მდე, ბათუმში კი 84%-მდე გაიზარდა - G&T

სასტუმრო

Galt & Taggart-ის ინფორმაციით, III კვარტალში თბილისსა და ბათუმში სასტუმროების ძირითადი მაჩვენებლები გაუმჯობესდა და დედაქალაქში დატვირთულობა 79%-მდე, ბათუმში კი 84%-მდე გაიზარდა.

საინვესტივიო ბანკმა ტურიზმის 2026 წლის III კვარტლის შეჯამება გამოაქვეყნა, სადაც არსებული ტენდენციებია მიმოხილული. Galt & Taggart-ი საკუთარ პროგნოზს უცვლელად ინარჩუნებს და ელის, რომ წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ ჯამურად, 2026 წლის 9 თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 4.4%-ით გაიზარდა და 3.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ვიზიტების დინამიკა:

2026 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად 3.3%-ით გაიზარდა და 2.6 მლნ შეადგინა. ვიზიტების რაოდენობა მოიცავს როგორც ტურისტულ, ისე ერთდღიან ვიზიტებს. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ რეკორდულ 2.1 მლნ-ს მიაღწია, რაც წლიურად 4.7%-იანი ზრდაა, ხოლო ერთდღიანი ვიზიტები 2.8%-ით შემცირდა და 0.5 მლნ შეადგინა.

ზრდა ძირითადად ევროკავშირიდან (+16.6% წ/წ), რუსეთიდან (+4.7% წ/წ) და აზერბაიჯანიდან (+36.2% წ/წ) ვიზიტების მატებამ განაპირობა. აზერბაიჯანიდან ვიზიტების ზრდა მაისში ბაქო-თბილისის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ დაჩქარდა, ისრაელიდან ვიზიტები წლიურად 19.1%-ით გაიზარდა, რაც ირანის კონფლიქტთან დაკავშირებული ტურისტული შეფერხებების შემსუბუქებას და დაგროვილი სამოგზაურო მოთხოვნის რეალიზებას უკავშირდება. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთიდანაც (+30.2% წ/წ), რასაც ხელი შეუწყო საჰაერო კავშირების გაუმჯობესებამ, მათ შორის ივლისში შანხაი-თბილისის პირდაპირი რეისების ამოქმედებამ.

ამავდროულად, ვიზიტები შემცირდა თურქეთიდან (-7.4% წ/წ), სომხეთიდან (-4.0% წ/წ) და ინდოეთიდან (-25.9% წ/წ). თურქეთიდან კლება ძირითადად ერთდღიანი ვიზიტების შემცირებამ გამოიწვია, ხოლო ინდოეთიდან ვიზიტების კლება კვლავ IndiGo-ს მიერ ფრენების შეწყვეტით იყო განპირობებული. სუსტი დინამიკა შენარჩუნდა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდანაც, მათ შორის საუდის არაბეთიდან ვიზიტები წლიურად 32.8%-ით შემცირდა.

2026 წლის 9 თვეში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად 0.1%-ით გაიზარდა და 5.3 მლნ შეადგინა. საერთო მაჩვენებლის სტაბილურობის მიუხედავად, ტურისტული ვიზიტები 2.3%-ით გაიზარდა და 4.4 მლნ შეადგინა, ერთდღიანი ვიზიტები კი 9%-ით შემცირდა და 0.9 მლნ შეადგინა.

შემოსავლები ტურიზმიდან:

2026 წლის III კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 11.9%-ით გაიზარდა და 1.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ზრდა ძირითადად რუსეთიდან (+32.3% წ/წ), ევროკავშირიდან (+30.2% წ/წ) და ისრაელიდან (+24.8% წ/წ), ასევე უკრაინიდან (+52.5% წ/წ) და აზერბაიჯანიდან (+18.6% წ/წ) მიღებულმა შემოსავლებმა განაპირობა. ამასთან, ვიზიტების კლების შესაბამისად, შემცირდა შემოსავლები საუდის არაბეთიდან (-31.9% წ/წ) და თურქეთიდან (-11.5% წ/წ).

განთავსების სექტორი:

2026 წლის III კვარტალში სასტუმროების ძირითადი მაჩვენებლები (KPI) გაუმჯობესდა, რითაც ივნისში დაწყებული აღდგენის ტენდენცია გაგრძელდა. ორივე ქალაქში დატვირთულობა გაიზარდა, ხოლო ნომრის საშუალო დღიური ფასის (ADR) ზრდა უფრო ძლიერი ბათუმში იყო.

თბილისში სასტუმროების საშუალო დატვირთულობა 2025 წლის III კვარტალის 75%-დან 79%-მდე, ხოლო ნომრის საშუალო დღიური ფასი (ADR) 87 აშშ დოლარიდან 94 აშშ დოლარამდე გაიზარდა. ბათუმში დატვირთულობა 82%-დან 84%-მდე გაიზარდა, ხოლო ADR — 119 აშშ დოლარიდან 135 აშშ დოლარამდე.

Airbnb-ის მოთხოვნაც გაზრდილია: დაჯავშნილი ღამეების რაოდენობა თბილისში წლიურად 16%-ით, 354 ათასამდე, ხოლო ბათუმში 12%-ით, 174 ათასამდე გაიზარდა. თბილისში ADR 2025 წლის III კვარტალის 45 აშშ დოლარიდან 47 აშშ დოლარამდე გაიზარდა, ბათუმში კი უცვლელი დარჩა და 48 აშშ დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები