მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკის და ბრიტანეთის ბაზარი შესვლის კუთხით საკმაოდ რთული ბაზარია - მარიამ ქოიავა

5f251d6516b43
თამთა ჯიჯავაძე
01.08.20 12:07
1486
ამერიკის და დიდი ბრიტანეთის ბაზარი შესვლის კუთხით არის საკმაოდ რთული ბაზარი, – ამის შესახებ SavvY-ს მმართველმა პარტნიორმა მარიამ ქოიავამ „საქმიან დილაში“ ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაზე საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, ამას აქვს რამდენიმე მიზეზი:

„პირველი არის ხარისხის მოთხოვნები, მეორე არის გემოვნური მოთხოვნები, რა გემოსაც ითხოვს იქაური ბაზარი. მეტნაკლებად ქართველი მეწარმეებიც უნდა მოერგონ და თავად ბაზრის სპეციფიკაც. მგონია, რომ ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი მეწარმეები ზოგავენ ახალი გაყიდვების არხების კუთხით რესურსს და ვირჩევთ იმ ბაზარს, რომელიც არის ნაცადი. ჩემი აზრით, ეს არ არის სწორი სტრატეგია. იმიტომ, რომ როგორი მომგებიანი და მარტივიც არ უნდა იყოს ერთი ბაზარი, ცხადია, რომ დივერსიფიკაცია არის მნიშვნელოვანი.ეს 2006 წელს გავიარეთ უკვე და ვნახეთ როგორ მდგომარეობაში შეიძლება ჩავარდეს სექტორი“, – აღნიშნა მარიამ ქოიავამ.

მისი თქმით, 2014 წლიდან შეინიშნება მცოცავი და საკმაოდ მაღალი ტემპით მზარდი სტატისტიკა რუსეთში ექსპორტთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს საქართველომ რუსეთში 133 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო გაიტანა, რაც ქართული ღვინის მთლიანი ექსპორტის 57% იყო.

„ამერიკის და ბრიტანეთის შემთხვევაში შესვლა არის რთული, იმიტომ, რომ ბევრს არ აქვს ნაცადი და გზა არ არის ისე გაკაფული, როგორც რუსეთის შემთხვევაში, თუმცა ვფიქრობ, გრძელვადიანი მდგრადობისა და ეფექტიანობისთვის, ეს არის აუცილებელი“, – აღნიშნა SavvY-ს მმართველმა პარტნიორმა.

შეგახსენებთ, 2020 წლის 6 თვეში ღვინის ექსპორტმა ჯამურად $91.4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 6%-ით ნაკლებია.

ქართული ღვინის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი ასეთია:

რუსეთი - $54.2 მილიონი დოლარი;
უკრაინა - $9.6 მილიონი დოლარი;
ჩინეთი - $6.8 მილიონი დოლარი;
პოლონეთი - $4.5 მილიონი დოლარი;
ბელარუსი - $2.9 მილიონი დოლარი;
ლატვია - $1.9 მილიონი დოლარი;
გერმანია - $1.3 მილიონი დოლარი.