მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთში „შუხმანის“ ღვინოების ექსპორტი მცირედით შემცირდა - ნუცა აბრამიშვილი მიზეზებზე

64c49f5b48c3d
ვიქტორია მღებრიშვილი
28.07.23 22:30
737
საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, 45%-ით 219 მლნ დოლარამდე შემცირდა. ჩინეთის მიმართულებით, რეალიზებული საქონლის TOP-5-ეულში მეოთხე ადგილს ყურძნის ნატურალური ღვინოები იკავებს, რომლის ექსპორტიც მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 15.7%-ით შემცირდა. შედეგად ქვეყანამ ჩინეთში ღვინის გაყიდვით სულ 6 მილიონ 039 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2022 წლის იანვარ-ივნისშიც, 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით ეს რიცხვი 4.3%-ით იყო შემცირებული.

როგორია ღვინის ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ ექსპორტის მაჩვენებელი ჩინეთში - BMG-მ ეს კითხვა „შუხმან ჯგუფის“ გენერალურ დირექტორს ნუცა აბრამიშვილის დაუსვა. კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჩინეთის მიმართულებით რეალიზების მაჩვენებელის მცირედითაა შემცირებული, თუმცა არ აკონკრეტებს რამდენით და არსებული ვითარების მიზეზებს განმარტავს.

„შუხმან ვაინს ჯორჯიასთვის“ ჩინეთის ბაზარი კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. პოსტპანდემიური პროცესებიდან გამომდინარე ღვინის ექსპორტის ოდნავი შემცირება გვაქვს. რადგან დიდი ხნის განმავლობაში ჩინეთის ბაზარზე იმპორტთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები არსებობდა, აქედან გამომდინარე გარკვეული დაბნეულობა იყო. ღვინო პირველადი მოხმარების დანიშნულების პროდუქტი არ არის, რომ პირდაპირი მოთხოვნა ყოფილიყო. მიუხედავად ამისა ვაჭრობა და საერთაშორისო ურთიერთობა გრძელდება და ჩვენს გაყიდვებში ჩინეთის ბაზარს 25%-იანი წილი უკავია და ველით, ზოგადად ლოგისტიკის მიმართულებით, მეტი სტაბილურობის გაჩენას, რომ აღნიშნული მაჩვენებლების გაზრდა შევძლოთ“, - ამბობს აბრამიშვილი.

მისივე თქმით, ჩინეთის ბაზარზე მოთხოვნა ძირითადად დაბალი ღირებულების ღვინოზეა მოთხოვნა, რის გამოც ადგილობრივი მწარმოებლებს და კონკრეტულად „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ ამ მიმართულებით საშუალო და მაღალი ხარისხის ღვინის პოპულარიზებისთვის მეტი ძალისხმევის ჩადება უწევს.

„ჩინეთში ძირითადად დაბალი სეგმენტის ღვინოზეა მოთხოვნა, რაც ძალიან დიდი უარყოფითი ფაქტორია. აქედან გამომდინარე ფასი არც თუ ისე სახარბიელოა და სექტორი ყოველთვის ცდილობს ღირებულება შეინარჩუნოს. ჩვენი მიზანია საშუალო და მაღალი კატეგორიის ღვინოების პოპულარიზაცია მოვახდინოთ, რომ მეტი ეფექტი მივიღოთ როგორც ქვეყანაში, ისე კომპანიაში.

ფასის კუთხით ეს მიმზიდველი ბაზარი არ არის, საერთაშორისო ვაჭრობის კუთხითაც რთული ბაზარია, რადგან გრძელვადიანი მუშაობა სჭირდება. მათი ბიზნესის წარმოების კულტურაც უფრო სხვანაირია, ვიდრე ეს ჩვენ დასავლურ ქვეყნებში გვხვდება. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ბაზარია ნებისმიერი ქართული პროდუქტისთვის, რადგან ჩინეთი ძლიერი ეკონომიკის ქვეყანაა და აქედან გამომდინარე მათთვის ეკონომიკური კრიზისები ნაკლებად სავარაუდოა, რომელიც შემდეგ მწარმოებლებზე აისახება“, - აღნიშნავს „შუხმან ჯგუფის“ გენერალური დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები