მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკული ნავთობი მინუს $40-ად - რა "სეილია" ასეთი?! - ლევან სურგულაძე

5e9f2514577ca
BM.GE
21.04.20 20:50
4144
ამერიკული ნავთობი მინუს 40 დოლარად! რა ხდება, რა "სეილია" ასეთი?!, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი ლევან სურგულაძე "ფეისბუქზე" ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"WTI (West Texas Intermediate) - მარკის ნედლი ნავთობის 1 ბარელის ფასი 20 აპრილის ვაჭრობისას, ერთ მომენტში მინუს (!) 40 დოლარს ჩამოცდა და სავაჭრო დღე მინუს 37.63 დოლარზე დაიხურა. ასეთი რამ ისტორიულად უპრეცედენტოა.

რას ნიშნავს უარყოფითი ფასი? მარტივად: გამყიდველი გიხდით თქვენ, მყიდველს 40 დოლარს, რომ მისი საქონელი შეიძინოთ - უფრო სწორად - "მოაშოროთ".

რა ხდებოდა?

მცირეოდენი საწყისი განმარტებები: ნავთობი, როგორც წესი, ივაჭრება შესაბამის ბირჟაზე, ჩვენს შემთხვევაში, ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე (NYMEX), ფიუჩერსების საშუალებით.

ფიუჩერსი არის ფინანსური ინსტრუმენტი, სტანდარტიზებული ფინანსური კონტრაქტი, რომელიც ივაჭრება ბირჟაზე. მყიდველი და გამყიდველი თანხმდებიან, რომ მომავალში, მკაცრად განსაზღვრულ თარიღზე, მყიდველი იყიდის, ხოლო გამყიდველი გაყიდის შეთანხმებული რაოდენობის საქონელს (ნავთობს), შეთანხმებულ ფასად. ორივე მხარეს აქვს შესაბამისი ვალდებულება. ეფექტურ ბაზრებზე შეთანხმებული ფასი შეირჩევა კონტრაქტის ვადის ამოწურვის დღეს არსებული საბაზრო ფასის მათემატიკური მოლოდინის შესაბამისად. ამიტომ, ფიუჩერსის საწყისი ფასი ნულის ტოლია ორივე მხარისთვის. მოეთხოვებათ მხოლოდ გარკვეული თანხის დეპოზიტი საბროკერო ანგარიშზე, ვალდებულებების უზრუნველყოფის საგარანტიოდ.

ვაჭრობაში მონაწილეობენ ნავთობის მყიდველები და გამყიდველები, ასევე ე.წ. "სპეკულიანტები", რომლებიც არ აპირებენ ნავთობის ფიზიკურად არც ყიდვას და არც გაყიდვას. ისინი, ფიუჩერსს, როგორც დერივატივს, იყენებენ რისკის გადაცემის (მოშორების) საშუალებად ან რისკის აღების საშუალებად მოგების მიღების მიზნით. აღსანიშნავია, რომ ფიუჩერსის ფასი სავაჭრო დღის განმავლობაში, როგორც წესი განსხვავებულია ნავთობის იმ მომენტის საბაზრო ფასისგან. რაც უფრო ვუახლოვდებით ფიუჩერსის კონტრაქტის ვადის ამოწურვის თარიღს, კონტრაქტის ფასი უახლოვდება და ბოლოს ტოლი ხდება ნავთობის საბაზრო ფასისა.

21 აპრილს ვადა გასდის ნავთობის 2020 წლის მაისის ფიუჩერსულ კონტრაქტებს (მაისში ნავთობის ჩაბარება).

მიმდინარე პანდემიის პირობებში, ბუნებრივია, მოთხოვნა ნავთობზე მკვეთრად შემცირებულია. ამერიკელი ნავთობმომპოვებლები ცდილობენ არ შეამცირონ ან/და არ დახურონ ჭაბურღილები, რამაც ისინი შეიძლება დააზიანონ. დაბალი ნავთობის მოხმარების პირობებში, ნავთობსაცავები პრაქტიკულად შევსებულია, ხოლო დარჩენილი საცავების რესურსი მნიშვნელოვნად გაძვირდა.

20 აპრილის სავაჭრო დღის განმავლობაში, პირველ რიგში "სპეკულიანტები" ცდილობდნენ სასწრაფო წესით გაეყიდათ მაისის ფიუჩერსული კონტრაქტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ, ისინი ვალდებულნი იქნებოდნენ შეეძინათ და ფიზიკურად მიეღოთ შესაბამისი ნავთობი, რომელიც მათ არ ესაჭიროებოდათ და შენახვაც პრობლემატური და ძვირი იქნებოდა. ამიტომ, ცდილობდნენ ნებისმიერ ფასად (მათ შორის "უარყოფით ფასად") "მოეშორებინათ" მათ ხელთ არსებული კონტრაქტები. რეალური მყიდველები ასევე ცდილობდნენ მოეშორებინათ მაისის კონტრაქტები და ("გადაეგორებინათ") შეესყიდათ ივნისის, ივლისის ან უფრო გვიანდელი კონტრაქტები იმ გათვლით, რომ იმ დროისთვის "პანდემიური ჩაკეტილობა" მოიხსნებოდა და გაჩნდებოდა მოთხოვნა ნავთობზე. იგივეს ცდილობდნენ "სპეკულიანტებიც"", – წერს სურგულაძე.