მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის კონსორციუმი არბიტრაჟში მიდის, სარჩელის დეტალები უცნობია

5e171b6f916e4
ინგა მურუსიძე
09.01.20 16:20
1424
ჩვენ აღარ გვრჩება გამოსავალი გარდა იმისა, რომ მივმართოთ საარბიტრაჟო სასამართლოს, - ამის შესახებ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" აღმასრულებელმა დირექტომა ლევან ახვლედიანმა მთავრობის მიერ კონსორციუმისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

"უსაფუძვლოდ მიმაჩნია იმის თქმა, რომ ჩვენ ვერ შევასრულეთ ვალდებულებები - პირდაპირ გეტყვით, ამ ბრალდებებს ვერ მივიღებთ. დიდი შრომა გავწიეთ, დიდი ძალისხმევა ჩავდეთ ამ პროექტის წარმატებაში, ჩადებულია ინვესტიცია, შესრულებულია გარკვეული სამშენებლო სამუშაოები. მოზიდულია თანხები, გავაფორმეთ ხელეშეკრულება ორ ოპერატორთან და ა.შ. ვერ მივიღებთ ბრალდებას, რომ ვალდებულებები ვერ შევასრულეთ. აქ მთავრობას უნდა მიეღო მოწინავე როლი, ძალიან ცოტა იყო დარჩენილი, რომ შეთანხმება შემდგარიყო. თუმცა არათუ გადამწყვეტი როლი ითამაშა მთავრობამ, იმის ნაცვლად, რომ მოეწვია მხარეები, ესაუბრა, არც მოისურვა, რომ საუბარში შემოსულიყო ჩვენთან. ჩვენი წინადადებები, რომელზეც ვთვლით, რომ იყო ძალიან დაბალანსებული, მცირე დათმობები იყო საჭირო მთავრობის მხრიდან, რომ ეს პროექტი წარმატებით დასრულებულიყო, მთავრობამ არ მოისურვა კონსორციუმთან საუბარში შემოსვლაც კი. მთავრობის ამ ქმედებებით, თუ უმოქმედობით დაზიანდა პროექტი, დაზიანდა კონსორციუმი და ამის მტკიცებულებები არსებობს", - განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, მიუხედავად სირთულეებისა, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" შეძლო ინვესტორების დაინტერესება, რომლებიც ითხოვდნენ მხოლოდ ერთ რამეს, რომ შექმნილიყო კომფორტი მთავრობისგან მათ მიერ განსახორციელებელ ინვესტიციებთან მიმართებით "ანაკლიის განვითარებული კონსორციუმში".

"მთავრობის მხრიდან იყო პირდაპირი ნაბიჯები გადადგმული, რათა ინვესტორებს ეთქვათ, რომ არ შემოსულიყვნენ. ამ ვითარებიდან გამომდინარე და იმის გამოც, რომ 75 მილიონი დოლარის ინვესტიცია უკვე არის განხორციელებული, ჩვენ აღარ გვრჩება გამოსავალი გარდა იმისა, რომ მივმართოთ საარბიტრაჟო სასამართლოს. არსებობს იურიდიული პროცესები, რომელიც გასავლელია და რომელთა დასრულების შემდეგ მივმართავთ საარბიტრაჟო სასამართლოს", - განაცხადა ახვლედიანმა.

რაც შეეხება სარჩელს, ახვლედიანის თქმით, კონსორციუმი იურისტებთან მართავს კონსულტაციებს, რის შემდეგაც დავა სასამართლოში გაგრძელდება.

"გვაქვს კონსულტაციები, სარჩელი ჯერ არ გვაქვს მომზადებული, კონკრეტული იურიდიული სტრატეგიაა შესამუშავებელი, რაც გვაქვს გათვალისწინებული საინვესტიციო ხელშეკრულებით. საარბიტრაჟო სასამართლო გათვალისწინებულია ჟენევაში. ეს პროცესები უნდა გავიაროთ და შემდეგ უფრო დეტალურად შევძლებთ საუბარს. ახლა ვერ ვისაუბრებთ იმაზე, რა იქნება ჩვენს სარჩელში", - განაცხადა ახვლედიანმა.