ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი პასუხობს 9 ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაგზავნილ კითხვებს პასუხობს. მინისტრის განცხადებით, პორტის გენერალური კონტრაქტის შესარჩევად მიმდინარე აუქციონის დასრულებიდან და გამარჯვებულთან კონტრაქტის ხელმოწერის გაფორმებიდან 9 თვის ვადაში პორტის ახალმა ინვესტორმა სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს. ამასთან, მინისტრის თქმით, პორტის მიერ პირველი გემების მიღება და ექსპლოატაციაში შესვლა კონტრაქტის მიხედვით განსაზღვრულია მშენებლობის დაწყებიდან 3 წლის ვადაში.
2022 წელს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს ახალი პირობებით განახორციელებს და პორტში 51%-იანი წილი სახელმწიფო საკუთრებაში იქნება. წელს კი მთავრობამ პორტის ახალი ინვესტორის შესარჩევად ტენდერი გამოაქვეყნა.
ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვებზე სრული პასუხით მინისტრი პარლამენტში 19 მაისს არის დაბარებული.
მინისტრის 5 პასუხი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით:
1. კითხვა: არსებული მდგომარეობით, რომელი ქვეყნების ინვესტორებმა გამოხატეს ინტერესი ანაკლიის პორტის მშენებლობაში მონაწილეობაზე და რა გარანტიები არსებობს, რომ მოცემული 49%-იანი წილი არ აღმოჩნდება რუსეთის ხელში?
-როგორც მოგეხსენებათ 2023 წლის 20 თებერვალს გამოცხადდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტში კერძო პარტნიორის შესარჩევი პროცესი. შესაბამისი განზრახულობის შესახებ განაცხადის დოკუმენტით, ინტერესთა გამოხატვისა და საკვალიფიკაციო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 2023 წლის 19 მაისი. მოცემულ ეტაპზე, სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში (შემდგომში-სააგენტო) არცერთი ოფიციალური განაცხადი არ არის შემოსული, თუმცა შერჩევის პროცესის გამოცხადებამდე და მის შემდგომ პერიოდშიც, სააგენტოს მიერ მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები სხვადასხვა დაინტერესებულ პირთან, კერძოდ ევროპისა და აზიის ქვეყნების კომპანიების წარმომადგენლებთან (მათ შორის საზღვაო დარგში წამყვან სამშენებლო და მსხვილ სანავსადგურე ოპერატორ კომპანიებთან). აღნიშნული კონსულტაციები ასევე მიმდინარეობს კითხვა-პასუხისა და დაზუსტებების რეჟიმში, როგორც ეს განსაზღვრულია განზრახულობის შესახებ განაცხადის დოკუმენტით.
ამასთან, გაცნობებთ, რომ კანდიდატების შერჩევის პროცესში დაუშვებლობის ან/და დისკვალიფიკაციის კონკრეტული საფუძვლები განსაზღვრულია განზრახულობის შესახებ განაცხადის დოკუმენტში და ეფუძნება საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
2. კითხვა: საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სანამ კერძო ინვესტორი შეირჩევა, მანამდე სახელმწიფო მიმდინარე წელს დაიწყებს ანაკლიის პორტის მშენებლობას. იგულისხმება თუ არა ამაში გზების გაყვანაც? რა სახსრებით გეგმავს მთავრობა პორტის მშენებლობის ხარჯების დაფინანსებას მიმდინარე წელს, მაშინ, როდესაც 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მსგავსი რამ გათვალისწინებული არ არის? ახალი პროექტის შესაბამისად, რამდენი დაიხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაკლიის პროექტის პირველი ფაზის მშენებლობისათვის და რა რესურსებით მოხდება ამ თანხების მობილიზება ბიუჯეტში? რა ეტაპზეა ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობის პროექტი?
-როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს დაგეგმილია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო სამუშაოების დაწყება. აღნიშნული სამუშაოების დაფინანსების წყაროების მოზიდვაზე მუშაობა მიმდინარეობს და დაზუსტდება უახლოეს პერიოდში. რაც შეეხება გზებისა და რკინიგზის მშენებლობას, აღნიშნული სამუშაოების დაწყების კონკრეტული ვადა შესარჩევი პროცესის დოკუმენტაციით ამ ეტაპზე არ არის განსაზღვრული, თუმცა გარკვეული მოსამზადებელი ღონისძიებები შესაძლოა დაწყებულ იქნეს მიმდინარე წელს. რაც შეეხება პროექტის ღირებულებას, 2021 წელს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია MTBS ის მიერ შესრულებული დაანგარიშებით, პროექტის პირველი ფაზის ღირებულება შეადგენდა საორიენტაციოდ 500 მილიონ აშშ დოლარს. თუმცა, სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დაკვეთით, ამჟამად მიმდინარეობს საპროექტო დოკუმენტაციის, მათ შორის, კაპიტალური ხარჯების ღირებულების განახლება, რომელიც დასრულდება უახლოეს კვირებში.
3. კითხვა: როგორც ცნობილია, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს პორტის მშენებლობაში ინვესტირებული აქვს 75 მილიონი დოლარი. რა შემთხვევაში, რა ვადებში და ვინ უნდა დაუბრუნოს ინვესტორს აღნიშნული, არასადავო თანხა?
-შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ პროექტთან დაკავშირებით განხორციელებული დანახარჯები წარმოადგენს დავის საგანს საერთაშორისო არბიტრაჟში. 2016 წლის საინვესტიციო ხელშეკრულების შესაბამისად, რომელიც შეწყვეტილ იქნა 2020 წელს, საქართველოს მთავრობის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში (ე.წ „ადრეული შეწყვეტის“ შესაბამისი მუხლების საფუძველზე), ინვესტორის მიერ პროექტის ფარგლებში გაწეული დანახარჯები არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
4. კითხვა: მთავრობის მიერ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტას მოჰყვა კონსორციუმისა და მისი ინვესტორის, ბობ მეიერის მხრიდან საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დაწყება და აღნიშნული დავებით მოთხოვნილი კომპენსაცია 1.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს. რა მოლოდინი გაქვთ აღნიშნულ საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით? ამ დავის წაგების შემთხვევაში რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა? ხომ არ გამოიწვევს ეს ანაკლიის პორტის მშენებლობის გაჩერებას? ასევე, დავის წაგების შემთხვევაში, ხომ არ მოუწევს სახელმწიფოს 51%-იანი წილის უსასყიდლოდ დათმობა ინვესტორებისათვის?
-კონკრეტული მოლოდინების დაფიქსირება საარბიტრაჟო დავის შედეგთან დაკავშირებით სცილდება სამინისტროს კომპეტენციას, თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის პოზიციები გამყარებულია შესაბამისი არგუმენტებითა და მტკიცებულებებით. აქვე აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერი შედეგის დადგომის შემთხვევაში, აღნიშნული შედეგი არ აისახება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტის შემდგომ განხორციელებაზე, შესარჩევი პროცესის მიმდინარეობასა, თუ ახალ ინვესტორთან ხელშეკრულების გაფორმებაზე. საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დააფიქსირა აღნიშნული პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობა ქვეყნისთვის და მტკიცე და ურყევი ნება განახორციელოს პროექტი, რასაც ცხადყოფს 2023 წლის 20 თებერვალს გამოცხადებული შესარჩევი პროცესიც.
5.კითხვა: თავდაპირველი პროექტის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, პირველი გემი ანაკლიის პორტში 2020 წელს უნდა შემოსულიყო. თქვენი აზრით, როდის შემოვა პირველი გემი ანაკლიის პორტში?
-2023 წლის 20 თებერვლის განზრახულობის შესახებ განაცხადის მიხედვით, ნავსადგურის ოპერირების დაწყება უნდა განხორციელდეს საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიის (კონცესიონერის) მიერ მშენებლობის დაწყებიდან 3 წლის ვადაში. მშენებლობის დაწყების ვადად განსაზღვრულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვე, თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობა გეგმავს გარკვეული სამშენებლო სამუშაოების დაწყებას უკვე მიმდინარე წლის განმავლობაში, რაც კიდევ უფრო დააჩქარებს მშენებლობის დასრულებისა და ოპერირების დაწყების ვადებს.
პატივისცემით,
მინისტრი ლევან დავითაშვილი.