საერთაშორისო არბიტრაჟმა ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და საქართველოს მთავრობას შორის მიმდინარე საარბიტრაჟო დავაზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. ინვესტორი, ანუ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მიუთითებდა, რომ საქართველოს მთავრობამ პროექტის წინააღმდეგ მიზანმიმართული ნაბიჯები გადადგა, რასაც საბოლოოდ პროექტის განვითარების შეფერხება მოჰყვა, ამის საპასუხოდ კი საქართველოს მთავრობამ მათთან საინვესტიციო ხელშეკრულება გააუქმა. საერთაშორისო არბიტრაჟმა მოსარჩელის არგუმენტი არ გაიზიარა და გამარჯვება საქართველოს მთავრობას მიაკუთვნა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი - სრული ქრონოლოგია 10 წლის განმავლობაში
"ქართული ოცნების" მთავრობის პირობებში, ანაკლიის პორტის პროექტი 2014 წლის 5 აგვისტოს დაიწყო, როდესაც მთავრობამ პორტის მშენებლობის შესახებ ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. მას შემდეგ უკვე 10 წელი გავიდა და ეს პორტი ჯერ კიდევ არ არსებობს.
- 2014 წლის 5 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადა. აღნიშნულ პერიოდში პრემიერ-მინისტრის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკის მინისტრის პოსტს კი გიორგი კვირიკაშვილი იკავებდა.
- სამთავრობო კომისიამ 12 განაცხადის შესწავლა-შეფასების შემდგომ გამოავლინა 7 კომპანია. საბოლოო წინადადება მხოლოდ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ წარადგინა და იგი 2016 წლის 5 თებერვალს გამარჯვებულად გამოცხადდა. პროექტი მაშინდელმა პრემიერ- მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.
- 9-თვიანი მოლაპარაკების შემდეგ, შეიცვალა პროექტის განვითარების ქრონოლოგია და 7 ფაზის ნაცვლად პროექტის სახელმწიფო და ინვესტორი 9 ფაზად განვითარებაზე შეთანხმდნენ. ამასთან, კონსორციუმი სახელმწიფოსთან შეთანხმდა, რომ პროექტის საკრედიტო დაფინანსებას გამოყოფდა “საპარტნიორო ფონდიც”, რაც $100 მილიონი დოლარი უნდა ყოფილიყო. ამასთან, ფონდი გამოყოფდა სესხს მაშინ, თუკი კონსორციუმი მოიძიებდა პროექტის განვითარების ძირითად კაპიტალს $400 მილიონის ოდენობით, რომლისთვისაც კრედიტები საერთაშორისო დონორული ინსტიტუტებისგან უნდა აეღო.
- 2016 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის გაფორმდა ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის და ოპერირების საინვესტიციო ხელშეკრულება.
- ხელშეკრულების საფუძველზე, სახელმწიფოს ვალდებულება იყო პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის გადაცემა და საგზაო-სარკინიგზო ინფრასტრუქტურის პორტამდე მიყვანა.
- დადგენილ ვადებში კონსორციუმს გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და კერძო პირებისაგან გამოსყიდული მიწის ნაკვეთები. დანარჩენი მიწები კონსორციუმს გადაეცემა პორტის მშენებლობის პირველი ფაზისათვის. მიწების გამოსყიდვა ეკონომიკის სამინისტრომ დააფინანსა და ის 64 მილიონი ლარი დაჯდა.
- პორტთან დამაკავშირებელი გზისა და რკინიგზის მშენებლობისთვის მთავრობამ პროექტი მოამზადა, თუმცა სახელმწიფოს გზის და რკინიგზის მშენებლობის ტენდერი არ გამოუცხადებია, შესაბამისად აღნიშნული ინფრასტრუქტურა დღემდე არ არსებობს.
- აღნიშნულ პერიოდში პროექტის წარმმართველი ინფრასტრუქტურის სამინისტრო იყო, მაშინ სამინისტრო აცხადებდა, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან შეთანხმების საფუძველზე საინვესტიციო შეთანხმებაში 40-ზე მეტი ცვლილება გავიდა. 2019 წლის ჩათვლით, სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის შეთანხმების საფუძველზე 6-ჯერ გადავადდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თარიღი. აღნიშნულ პერიოდში ანაკლიის კონსორციუმი მოლაპარაკებებს მართავდა EBRD, EIB, OPIC და ADB-თან, რათა მათ გამოეყოთ $100-100-100-100 მილიონიანი კრედიტები პროექტის განვითარებისთვის.
- 2018 წლის დეკემბრიდან კონსორციუმის მიერ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან სესხის მისაღებად მოლაპარაკებებში ჩაერთო მთავრობა. ბანკებმა მთავრობას ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებების 8 პუნქტიანი პაკეტი წარუდგინეს.
- 2019 წლის მაისში მთავრობა ყველა ახალ პირობას დათანხმდა, გარდა კერძო ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევისა და 400 მილიონი დოლარის სესხის სრულად უზრუნველყოფისა.
- 2019 წლის ივნისში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ბახტაძესთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ აშშ იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო პორტის [ანაკლიის პორტის] პროექტს დაასრულებს.
- 2019 წლის 15 ოქტომბერს ამოიწურა ვადა, როცა კონსორციუმს უნდა წარედგინა120 მილიონი დოლარის ოდენობის კაპიტალის შევსების თაობაზე მავალდებულებელი შეთანხმება, ასევე - კრედიტორებთან დაფინანსების მისაღებად გასაფორმებელი დოკუმენტის პროექტი. ეს ვადა მთავრობამ გაახანგრძლივა 2020 წლის ბოლომდე.
2020 წლამდე ანაკლიის განვითარების კონსორციუმს პროექტზე 79 მილიონი დოლარი ჰქონდა დახარჯული. ეს თანხები ცალკეული მიმართულებით ასე ნაწილდება:
- სამშენებლო სამუშაოები (ანაკლიაში ფსკერის დაღმავება, პორტისთვის ტერიტორიის მომზადება) - $35 მილიონი დოლარი;
- საზღვაო და საინჟინრო კვლევები - $13 მილიონი დოლარი;
- სახელმწიფოსთვის გადახდილი გადასახადები და მოსაკრებლები - $7 მილიონი დოლარი;
- დეტალური დიზაინის მომზადება - $4 მილიონი დოლარი;
- პროექტის დაგეგმარება და მენეჯმენტი - $4 მილიონი დოლარი;
- დაფინანსების მობილიზება და იურიდიული ხარჯი - $4 მილიონი დოლარი;
- გარემოზე ზემოქმედების კვლევები და გარემოზე ზემოქმედების შემსუბუქების ღონისძიებები - $2 მილიონი დოლარი;
- სხვა ხარჯები - $3 მილიონი დოლარი.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან მიმდინარე მოლაპარაკებებში კრედიტორი საფინანსო ინსტიტუტები სახელმწიფოსგან მეტ ფინანსურ გარანტიას მოითხოვდნენ, საიდანაც მთავარი ტვირთბრუნვის რისკის დარღვევა იყო. ასევე სახელმწიფოს მხრიდან ფორს-მაჟორებზე პასუხისმგებლობის აღება.
მთავრობის მიერ ფაბრიკაციული სარჩელი ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ და 2020 წლის იანვარში ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების მოშლა
თუმცა, პროექტთან დაკავშირებით სახელმწიფომ თავად შექმნა მნიშვნელოვანი ფორს-მაჟორი, როდესაც 2019 წლის 24 ივლისს, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებლებს ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ, რაც აღნიშნულ დავამდე 15 წლით ადრე, TBC ბანკში განხორციელებულ ოპერაციებს უკავშირდებოდა. ხაზარაძე-ჯაფარიძის განცხადებით, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში პოლიტიკაში არ მონაწილეობდნენ და TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობები ეკავათ. მათი განცხადების თანახმად, მომხდარი სწორედ ანაკლიის პორტის განვითარების ხელშეშლის მიზნით განხორციელდა. სამართლებრივ დავას ხაზარაძისა და ჯაფარიძის პოლიტიკური საქმიანობის დაწყება და მათ მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე პარტია “ლელოს” დაფუძნება მოჰყვა.
აღნიშნულ პერიოდში მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მიუთითებდნენ, რომ ბრალდების მიზანი იყო, რომ მათ ვერ შეძლებოდათ კონსორციუმის სახელით საკრედიტო დაფინანსების მიღება. 2020 წლის იანვარში მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან საინვესტიციო შეთანხმება მოშალა.
მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად სახელმწიფომ საქმე აღძრა ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგაც. სასამართლომ განაჩენი 2022 წლის 12 იანვარს გამოიტანა. მოსამართლემ ბრალის გადაკვალიფიცირება თაღლითობის მუხლით მოახდინა და 7-7-წლიანი პატიმრობის განაჩენი გამოიტანა, თუმცა აღნიშნული მუხლის ხანდაზმულობა გასულია, შესაბამისად ბრალდებულების მიმართ პატიმრობის მოთხოვნა არ დამდგარა.
საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა
2020 წელს ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცესი დაიწყო. ასევე დავა დაიწყო ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ერთ-ერთმა ინვესტორმა ბობ მეიერმა. კონსორციუმი მიუთითებდა, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგა მიზანმიმართული ნაბიჯები, რომელთა შედეგადაც ინვესტორს ხელი შეეშალა და პროექტის განხორციელება ვერ მოხდა.
საქართველოს მთავრობის მიერ ამ დავასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოთხოვნილი კომპენსაცია 1.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა. აღნიშნულ დავაში მთავრობის ინტერესებს საერთაშორისო იურიდიული ფირმა White & Case-ი იცავდა, რომელმაც გასული 4 წლის განმავლობაში მომსახურების გასამრჯელოს სახით 70 მილიონი ლარი მიიღო.
პარიზის არბიტრაჟმა განაჩენი 2024 წლის 30 ივლისს გამოიტანა და კონსორციუმის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამასთან, 30 ივლისსვე კონსორციუმის იურისტებმა გააკეთეს განცხადება, რომ დავის საგანი არა 1.5 მილიარდ დოლარს, არამედ 476 მილიონ დოლარს შეეხებოდა.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მიუთითებდა, რომ იქამდე სანამ საქმე არბიტრაჟის განხილვის ქვეშ იქნებოდა, მისით რეპუტციული დასავლელი ინვესტორი არ დაინტერესდებოდა.
ახალი კონკურსი ანაკლიის პორტის ინვესტორის შესარჩევად
2022 წლის 12 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პროექტი შეცვალა. თუკი პირვანდელი პროექტით, პორტის ძირითადი აქციონერი ინვესტორი უნდა ყოფილიყო, ახალი კონფიგურაციით, პორტის 51%-იანი წილის მფლობელი საქართველოს მთავრობა იქნება. შესაბამისად, ინვესტორი, რომელიც პროექტის განვითარებაზე იქნება პასუხისმგებელი, მხოლოდ 49%-იან წილს დასჯერდება.
2023 წლის დასაწყისში ეკონომიკის სამინისტრომ სატენდერო განაცხადი მოამზადა და საერთაშორისო კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში უპირატესი მონაწილე 2024 წლის 29 მაისს დასახელდა. ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ტენდერში გამარჯვებულად კომპანია China Communications Construction Company დასახელდა, რომელმაც სახელმწიფოს სრულყოფილი საინვესტიციო წინადადება წარუდგინა.
თავად CCCC ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო კორპორაციაა, რომლის ყოველწლიური შემოსავალი 100 მილიარდ დოლარს აჭარბებს. კომპანია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით არის დაკავებული.
29 მაისს ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ საერთაშორისო კონკურსის ფინალურ ეტაპზე CCCC-ისთან ერთად გადასული იყო Terminal Investment Limited Holding S.A, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო ჯგუფის MSC-ის შემადგენელი კომპანიაა, თუმცა მან სახელმწიფოს საბოლოო საინვესტიციო წინადადება არ გაუგზავნა, შესაბამისად ერთადერთი ვინც განაცხადი შეიტანა CCCC იყო.
CCCC ამერიკული სანქციების ქვეშაა
2021 წლის ივნისიდან ჩინური კონსორციუმის წამყვან კომპანიას China Communications Construction Company Limited (CCCC) აშშ-ის მხრიდან შეზღუდვები აქვს დაწესებული. ის აშშ-ის ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) კონსოლიდირებული სანქციების (Non-SDN) სიაშია შეყვანილი ჩინური სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ნაწილად ყოფნის გამო. ამ სიაში შეყვანილ კომპანიებს არ ეზღუდებათ აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციები, მაგრამ გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარებიან. აშშ-ის ექსპორტის ადმინისტრაციის რეგულაციების შესაბამისად, თუ ამერიკულ კომპანიებს სურთ აღნიშნულ სიაში შემავალ კომპანიებთან ტრანზაქციების განხორციელება გარკვეული ტიპის ექსპორტზე, რეექსპორტზე, შიდა სახელმწიფოებრივი საქონლის ან ტექნოლოგიების ტრანსფერებზე, მთავრობისგან ნებართვა უნდა მოიპოვონ. ეს ნიშნავს, რომ CCCC-თან თანამშრომლობით საქართველო არ არღვევს სანქციების რეჟიმს, თუმცა Non-SDN სიაში შეყვანილ ჩინურ კომპანიას ეკრძალება ამერიკული წარმოების კომპონენტების შეძენა აშშ-ის მთავრობის ნებართვის გარეშე.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გურამ გურამიშვილი აცხადებს, რომ ეს არ წარმოადგენს აქტივების მაბლოკირებელ სანქციას, რომელიც კომპანიას საქართველოში პროექტების განხორციელებას შეუზღუდავდა. მისი თქმით, CCCC-ის მიმართ არ მოქმედებს არავითარი სანქცია, რაც კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტის მშენებლობაში შეზღუდავდა.
"2020 წელს ამერიკის კომერციის დეპარტამენტმა ჩინური კომპანია, რომელიც არის ამ კონსორციუმის წამყვანი და მისი რამდენიმე შვილობილი კომპანია შეიყვანა ე.წ. სპეციალურ სიაში. რა არის ეს სპეციალური სია - ამერიკული კომპანიები ამავე დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროდან საჭიროებენ სპეციალურ ნებართვას, თუ მათ სურთ სიაში არსებულ კომპანიებთან განახორციელონ გარკვეული ტრანზაქციები. ეს არის ექსპორტი, რეექსპორტი, შიდასახელმწიფოებრივი საქონლის ან ტექნოლოგიების ტრანსფერებზე გატანა. შესაბამისად, ამერიკული კომპანიებისთვის არსებობს დამატებითი სანებართვო ვალდებულებები ამ სიაში არსებულ კომპანიებთან ურთიერთობებისთვის და არა ამ სიაში არსებული კომპანიების დასანქცირება. შესაბამისად, ეს არ წარმოადგენს ამ კომპანიების აქტივების მაბლოკირებელ ზომას და არ ზღუდავს არანაირ ფინანსურ ტრანზაქციებს ჩინურ კომპანიებთან და მის შვილობილ კომპანიებთან. ის არ ზღუდავს სხვა პირებს შეიძინონ რაიმე სახის მომსახურება ან საქონელი იმ ჩინური კომპანიისგან რომელიც არის წამყვანი ამ კონსორციუმში და არც ასევე კონსორციუმში არსებული სხვა კომპანიებისგან,"- განაცხადა გურამ გურამიშვილმა.
არსებული მდგომარეობით, კომპანიასთან მოლაპარაკებები გრძელდება და ის პორტის მშენებლობის საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ოფიციალურად არ გამოვლენილა და მასთან საინვესტიციო შეთანხმება არ გაფორმებულა.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პორტის პირველი ფაზის განვითარება 600 მილიონ დოლარამდე დაჯდება.