მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეზღუდვა თუ სანქცია - ეკონომიკის სამინისტრო ანაკლიის ჩინური ინვესტორის მიმართ აშშ-ის 2020 წლის გადაწყვეტილებაზე განმარტებას აკეთებს

cccc

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი China Communications Construction Company Limited-ი (CCCC) გამოვლინდა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2020 წელს აშშ-ის კომერციის დეპარტამენტმა CCCC და მისი რამდენიმე შვილობილი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის თავდაცვის ძალების სასარგებლოდ ხელოვნური კუნძულების მშენებლობის პროცესში ჩართულობის გამო, შეზღუდულ პირთა ნუსხაში შეიყვანა. ეკონომიკის სამინისტრო განმარტავს, რომ ეს არ წარმოადგენს შეზღუდვას კომპანიისთვის საქართველოში განახორციელოს ინვესტიციები.

"სიცხადისთვის აღვნიშნავთ, რომ 2020 წელს აშშ-ის კომერციის დეპარტამენტმა CCCC და მისი რამდენიმე შვილობილი კომპანია შეიყვანა ე.წ Entity List-ში. ექსპორტის ადმინისტრაციის რეგულაციების შესაბამისად, ამერიკული კომპანიები ამავე დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროდან საჭიროებენ ლიცენზიას გარკვეული ტიპის ექსპორტზე, რეექსპორტზე, შიდა სახელმწიფოებრივი საქონლის, სოფტვეარის ან ტექნოლოგიების ტრანსფერებზე თუ მათ სურთ ტრანზაქციების განხორციელება ე.წ Entity List-ში მითითებულ კომპანიებთან. შესაბამისად, ზემოხსენებული კომპანიების შესაბამის სიებში შეყვანა გულისხმობს მხოლოდ კონკრეტული ტრანზაქციების განხორციელების შეზღუდვებს და არა მათ დასანქცირებას - შეზღუდვები არ წარმოადგენს კომპანიების აქტივების მაბლოკირებელ სანქციებს და არ ზღუდავს არანაირ ფინანსურ ტრანზაქციებს CCCC და მის კომპანიებთან, თუ აღნიშნული ტრანზაქცია არ მოიცავს ექსპორტს, რეექსპორტს და ზემოხსენებულ ტრანსფერებს. ასევე ის არ ზღუდავს სხვა პირებს, შეიძინონ რაიმე სახის მომსახურება ან საქონელი CCCC-დან და მისი შვილობილი კომპანიებისგან", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განმარტებაში.

რა არის ცნობილი კომპანია China Communication Construction Company Limited-ის შესახებ:

China Communication Construction Company Limited არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი მსხვილი კონგლომერატი, რომელიც ფოკუსირდება მსხვილი ინფრასტრუქტურული აქტივების მშენებლობაზე, ფლობასა და ოპერირებაზე, მათ შორის აეროპორტების, პორტების, რკინიგზების, ნავთობპლატფორმების და სხვა აქტივების ფლობა/ოპერირებაზე. კომპანია 2005 წელს არის დაფუძნებული, მისი 63.8%-იან წილს სახელმწიფო ფონდი SASAC ფლობს.

China Communication Construction Company Limited-ის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, კომპანიის შემოსავალი 5%-ით გაიზარდა და მან 756 მილიარდ იუანს, ანუ $106 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამასთან, კომპანიის წმინდა მოგება 31 მილიარდი იუანი ($4.3 მილიარდი დოლარი) იყო, რაც 2022 წლის მოგებას 20%-ით აღემატებოდა. ჯგუფის აქტივები 236 მილიარდ დოლარს აღემატება.

ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ China Communication Construction Company Limited-ის შემადგენლობაში შედის სინგაპურში რეგისტრირებული კომპანია China Harbour Investment Pte, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, პროექტის ერთ-ერთი განმახორციელებელი იქნება.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ დასახელებული კიდევ ერთი კომპანია China Road and Bridge Corporation-ი, პროექტის საინჟინრო/სამშენებლო პარტნიორი იქნება. თავად აღნიშნული კომპანიაც China Communication Construction Company Limited-ის საკუთრებაშია. ამასთანავე, აღნიშნული კომპანია საქართველოში არაერთი წელია საქმიანობს და ის წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმსხვილეს კონტრაქტორს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაში, ის რიკოთის უბისა-შორაპნის 13-კილომეტრიან მონაკვეთს აშენებს, რომლის ღირებულებაც 902 მილიონი ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები