გთავაზობთ 16-22 ნოემბრის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში.
ავტომობილების რეექსპორტზე შემოსავლების სამსახურმა 450-ლარიანი მოსაკრებელი დააწესა
2026 წლის 16 ნოემბრიდან შემოსავლების სამსახურმა საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტის გაფორმებაზე ახალი, 450-ლარიანი მოსაკრებელი დააწესა. ეს თანხა ემატება შსს მომსახურების სააგენტოში აქამდე არსებულ გადასახადს.
ინდუსტრიის შეფასებით, ეს სექტორისთვის დამატებითი ტვირთია: თვეში საშუალოდ 7,000 ავტომობილის რეექსპორტის პირობებში, ავტოდილერებს ყოველთვიურად დამატებით ~3.1 მლნ ლარის გადახდა მოუწევთ. პარალელურად, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ავტოექსპორტი წლიურად 25%-ით (566 მლნ დოლარით) შემცირდა და 1.72 მლრდ დოლარი შეადგინა (ექსპორტირებულია 69,925 ავტომობილი, რაც წინა წელზე 22,791-ით ნაკლებია).
ოქტომბერში ფულადი გზავნილები 9.5%-ით შემცირდა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის ოქტომბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები წლიურად 9.5%-ით (30.1 მლნ დოლარით) შემცირდა და 288.56 მლნ აშშ დოლარი (750.1 მლნ ლარი) შეადგინა. გზავნილების მოცულობით ლიდერი ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება:
- აშშ: 65.1 მლნ $ (მთლიანი გზავნილების 22.56% | წლიური ზრდა: +9.83%)
- იტალია: 52.4 მლნ $ (18.16% | კლება: -1.45%)
- გერმანია: 30.47 მლნ $ (ზრდა: +2.94%)
- საბერძნეთი: 26.93 მლნ $ (ზრდა: +4.33%)
- ისრაელი: 25.82 მლნ $ (ზრდა: +7.31%)
ყველაზე მკვეთრი კლება კვლავ რუსეთზე მოდის — ოქტომბერში გადმორიცხვები 72.84%-ით შემცირდა და 11.22 მლნ დოლარი შეადგინა. თუმცა, ნოემბრიდან კლების ასეთი მკვეთრი ტემპი მოსალოდნელი აღარ არის, რადგან სანქციების გამო სამთვიანი პაუზის შემდეგ, გასული კვირის ბოლოდან საქართველოში Zolotaya Korona-მ საქმიანობა განაახლა.
საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი 17.7-კილომეტრიანი რკინიზგსი ხაზის გასაყვანად 205-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა
საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი ~17.7 კმ-იანი ელექტროფიცირებული რკინიგზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. პროექტი ხამისკური-ანაკლიის ხაზის გაყვანას, ანაკლიაში ახალი სადგურის აშენებასა და ხობის სადგურის რეკონსტრუქციას მოიცავს.
მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული 205-მილიონდოლარიანი სამუშაოები 30 თვეში დასრულდება და 2029 წელს პორტის ოპერირების დაწყებისთვის იქნება მზად, რაც შუა დერეფანში საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს გაზრდის.
„რუსთავის ფოლადმა“ არმატურის ბიზნესი 72.3 მლნ დოლარად გაყიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის საკუთრებაში არსებულმა „რუსთავის ფოლადმა“ არმატურის წარმოება კომპანია „პიემ მეტალს“ 72.3 მლნ აშშ დოლარად მიჰყიდა (ძირითადი თანხა $51.8 მლნ, დანარჩენი - პროცენტი). მყიდველი თანხას 90-თვიანი განვადებით, 2034 წლის იანვრამდე დაფარავს.
გარიგებით „რუსთავის ფოლადი“ დაბალმარჟიანი სეგმენტიდან გადის და აქცენტს მაღალმარჟიან უნაკერო მილებსა და კვადრატულ ნამზადებზე გააკეთებს.
ქვეშეთი–კობის გზის 300-მეტრიანი ხიდის თაღის მშენებლობა დასრულდა
ქვეშეთი–კობის 23-კილომეტრიანი ახალი გზის მშენებლობის ფარგლებში, ხადის ხეობაში ყველაზე რთული ნაგებობის - თაღოვანი ხიდის 300-მეტრიანი თაღი შეიკრა. ხიდის საერთო სიგრძე 437 მეტრი, სიმაღლე კი 166 მეტრი იქნება. შემდეგ ეტაპზე თაღზე ბურჯები და სავალი ნაწილი მოეწყობა.
ამ ეტაპზე უკვე გაჭრილია ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გამავალი 9-კილომეტრიანი ძირითადი და პარალელური საევაკუაციო გვირაბები, სადაც ელექტრომექანიკური სისტემები მონტაჟდება.
პროექტი სულ 5 ახალ ხიდს, 5 გვირაბსა და გუდაურამდე მისასვლელ 5-კილომეტრიან გზას მოიცავს.
1.2 მილიარდი ლარის ღირებულების გზის მშენებლობა, რომელსაც ADB, EBRD და სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს, 2028 წელს დასრულდება. ახალი მარშრუტი უსაფრთხოს გახდის გადაადგილებას ზამთარში და სატრანზიტო მოძრაობას გუდაურის საკურორტო ზონას აარიდებს.
მეტროს ვაგონების რემონტიდან ₾41.1 მილიონის სავარაუდო მითვისებისთვის 4 პირი დააკავეს
პროკურატურამ მეტროს ვაგონების რემონტისა და მოდერნიზაციისთვის გამოყოფილი თანხების მითვისების ბრალდებით 4 პირი დააკავა - სარემონტო ქარხნის დირექტორი გელა ძიძიკაშვილი, ტექნიკური დირექტორი მამუკა ნოზაძე, ქარხნის წილის ერთ-ერთი რეალური მფლობელი პაატა სვანიძე და კონტრაქტორი კომპანიების („საჩინო“ და „ინტრანსი“) დირექტორი რუსლან დემუროვი.
გამოძიების თანახმად, 2017–2024 წლებში, 27 ტენდერის ფარგლებში გამოყოფილი 145.3 მლნ ლარიდან, ორგანიზებულმა ჯგუფმა 41.1 მლნ ლარი მიითვისა. ბრალდებულებმა დაარეგისტრირეს შპს „საჩინო“, რომლის მეშვეობითაც ვაგონების დეტალების იმპორტს ყალბი დოკუმენტებითა და რეალურ ღირებულებაზე სამჯერ გაზრდილი ფასით ახორციელებდნენ. გამოძიება მერიის შიდა აუდიტის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ (სამს პატიმრობა შეეფარდა, ერთს — 2 მლნ ლარის გირაო).
ეკონომიკის სამინისტრომ ჰესების მხარდასაჭერად აუქციონის ახალ მოდელზე მუშაობა დაიწყო - მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სამინისტრომ ჰიდროელექტროსადგურების გასაძლიერებლად სიმძლავრისა და ტარიფის აუქციონის ახალ მოდელზე მუშაობა დაიწყო. მინისტრს დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ სექტორში ინვესტორთა ნდობა მზარდია.
ავტომობილების რეექსპორტი 25%-ით შემცირდა — რომელ ქვეყნებშია კლება
2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ავტომობილების ექსპორტი წლიურად 25%-ით (566 მლნ დოლარით) შემცირდა და 1.72 მლრდ დოლარი შეადგინა (სულ გაიყვანეს 69,925 ავტომობილი, რაც წინა წელზე 22,791-ით ნაკლებია).
კლება დაფიქსირდა ორ მთავარ ბაზარზე — ყირგიზეთში (-40%, $697 მლნ) და ყაზახეთში (-44%, $357 მლნ), ასევე აზერბაიჯანში (-3%, $175 მლნ). სანაცვლოდ მკვეთრად გაიზარდა ექსპორტი ირანში (+8,580%, $130 მლნ), სომხეთსა (+57%, $73 მლნ) და ერაყში (+39,208%, $45 მლნ).
























