მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის ქრონოლოგია - როგორ დაიწყო და რა ეტაპზეა საქართველოს უმსხვილესი პორტის პროექტი

5da9764c3d1c7
შოთა ტყეშელაშვილი
18.10.19 12:40
3552
ანაკლიაში დღეს პორტის ღრმაწყლოვანი სამშენებლო სამუშაოები გაჩერებულია. კონსორციუმმა და სახელმწიფომ ერთობლივად მასში (მიწების გამოსყიდვასა, პროექტირებასა თუ უშუალოდ პორტის ფსკერის დაღრმავებასა და სხვა სამუშაოებში) უკვე 250 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს. დღეს პროექტი არაერთი გამოწვევის წინაშეა. კონსორციუმი სახელმწიფოს დესტრუქციული ნაბიჯების გადადგმასა და პროექტის საბოტაჟირებაში ადანაშაულებს. ინფრასტრუქტურის სამინისტრო კი თავის მხრივ აცხადებს, რომ კონსორციუმმა დადგენილ ვადებში ვერც ხელშეკრულებით განსაზღვრული კაპიტალის მოზიდვა და ვერც საფინანსო ინსტიტუტებისგან $400-მილიონიან სესხზე წინასწარი თანხმობა ვერ მოიპოვა.

ანაკლიის პორტის ქრონოლოგია

"ქართული ოცნების" მთავრობის პირობებში, ანაკლიის პორტის პროექტი 2014 წლის 5 აგვისტოს დაიწყო, როდესაც მთავრობამ პორტის მშენებლობის შესახებ ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. მას შემდეგ უკვე 5 წელი და 2 თვე გავიდა.

BMG-იმ ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ქრონოლოგია გამოითხოვა, რომელსაც სრულად წარმოგიდგენთ:

  • 2014 წლის 5 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადა.
  • სამთავრობო კომისიამ 12 განაცხადის შესწავლა-შეფასების შემდგომ გამოავლინა 7 კომპანია. საბოლოო წინადადება მხოლოდ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ წარადგინა და იგი 2016 წლის 5 თებერვალს გამარჯვებულად გამოცხადდა. პროექტი მაშინდელმა პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა. 
  • 9-თვიანი მოლაპარაკების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებამდე, ინვესტორის სასარგებლოდ კონსორციუმს გაუხანგრძლივდა პორტის განვითარების ვადა და ნაცვლად 7 ფაზისა, მან პორტი უნდა განავითაროს 9 ფაზად, საპარტნიორო ფონდმა კი აიღო ვალდებულება მისცეს ინვესტორს 100 მილიონი დოლარის გრძელვადიანი (22 წლიანი) სესხი. ამ თანხას კონსორციუმი მიიღებს მას შემდეგ, რაც დადგენილ ვადაში მოიძიებს მშენებლობისათვის საჭირო სასესხო დაფინანსებას. შესაბამისად, ის სუბორდინირებული სესხის სახით გაიცემა. 
  • 2016 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის გაფორმდა ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის და ოპერირების საინვესტიციო ხელშეკრულება. 
  • ხელშეკრულების საფუძველზე, სახელმწიფოს ვალდებულება იყო პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის გადაცემა და საგზაო-სარკინიგზო ინფრასტრუქტურის პორტამდე მიყვანა. 
  • დადგენილ ვადებში კონსორციუმს გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და კერძო პირებისაგან გამოსყიდული მიწის ნაკვეთები. დანარჩენი მიწები კონსორციუმს გადაეცემა პორტის მშენებლობის პირველი ფაზისათვის. მიწების გამოსყიდვა ეკონომიკის სამინისტრომ დააფინანსა და ის 64 მილიონი ლარი დაჯდა. 
  • პორტთან დამაკავშირებელი გზისა და რკინიგზის მშენებლობის პროცესი დაწყებულია, ტენდერში გამარჯვებული კომპანია მუშაობს პროექტირებაზე, სამშენებლო სამუშაო კი დამკვეთთან შეთანხმების შემდეგ დაიწყება. 
  • 2016 წლიდან დღემდე საინვესტიციო ხელშეკრულებაში, ინვესტორის მოთხოვნის საფუძველზე, შესულია 40-ზე მეტი ცვლილება, რაზეც გაფორმებულია 11 შეთანხმება. ცვლილებები ითვალისწინებდა ინვესტორის მიერ დაფინანსების მოპოვების, ძირითადი სამშენებლო სამუშაოების დაწყების, პორტის ოპერატორის შერჩევის და სხვა ვალდებულებების შესრულების ვადის გაგრძელებას. 
  • ყველა ცვლილებით, ინვესტორს ჯამში არ დაერიცხა დაახლოებით 11 მილიონი დოლარი პირგასამტეხლო, კონსორციუმის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დრო კი 6-ჯერ გადავადდა. 
  • 2018 წლის დეკემბრიდან კონსორციუმის მიერ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან სესხის მისაღებად მოლაპარაკებებში ჩაერთო მთავრობა. ბანკებმა მთავრობას ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებების 8 პუნქტიანი პაკეტი წარუდგინეს. 
  • 2019 წლის მაისში მთავრობა ყველა ახალ პირობას დათანხმდა, გარდა კერძო ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევისა და 400 მილიონი დოლარის სესხის სრულად უზრუნველყოფისა. 
  • კონსორციუმს მიეცა ვადა შეათანხმოს ბანკებთან სესხის საბოლოო პირობები. 
  • კონსორციუმმა დაასრულა პორტის მშენებელი კომპანიის შერჩევა და წარადგინა შესათანხმებლად ფრანგული კომპანია Eiffage-ს, შვეიცარიულ კომპანია ABB-სა და ქართული კომპანია Caucasus Road Project-ის კონსორციუმი. 
  • 2019 წლის 15 ოქტომბერს ამოიწურა ვადა, როცა კონსორციუმს უნდა წარმოედგინა 120 მილიონი დოლარის ოდენობის კაპიტალის შევსების თაობაზე მავალდებულებელი შეთანხმება, ასევე - კრედიტორებთან დაფინანსების მისაღებად გასაფორმებელი დოკუმენტის პროექტი. ეს ვადა მთავრობამ გაახანგრძლივა წლის ბოლომდე. 
  • 2019 წლის 16 დეკემბრამდე ძალაში უნდა შევიდეს სასესხო ხელშეკრულებები, რომელიც საჭიროა პირველი ფაზის ფინანსური დახურვისთვის, ხოლო 17 დეკემბრამდე კონსორციუმმა უნდა წარმოადგინოს 20 მილიონი დოლარის ოდენობის საბანკო გარანტია, რომელიც უზრუნველყოფს ინვესტორის მიერ ვალდებულებების შესრულებას. 

როგორც რამდენიმე დღის წინ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, ბანკებთან $400-მილიონიან სესხზე შეთანხმების მიღწევისთვის აუცილებელია, რომ კონსორციუმთან ერთად მოლაპარაკების მაგიდაზე თავად ინფრასტრუქტურის სამინისტროც დაჯდეს. ახვლედიანის თქმით, რვაპუნქტიანი მოთხოვნების უდიდეს ნაწილზეც, რომელზეც ბანკებთან პოზიციები უკვე შეჯერებულია, დარჩენილია გარკვეული დეტალები, რომლებიც სახელმწიფოსთან მოლაპარაკებით უნდა გადაწყდეს.

ამ დროისთვის ანაკლიის განვითარების კონსორციუმს პროექტზე 74 მილიონი დოლარი (218 მილიონი ლარი) აქვს დახარჯული. ეს თანხები ცალკეული მიმართულებით ასე ნაწილდება:

  • სამშენებლო სამუშაოები (ანაკლიაში ფსკერის დაღმავება, პორტისთვის ტერიტორიის მომზადება) - $35 მილიონი დოლარი; 
  • საზღვაო და საინჟინრო კვლევები - $13 მილიონი დოლარი; 
  • სახელმწიფოსთვის გადახდილი გადასახადები და მოსაკრებლები - $7 მილიონი დოლარი; 
  • დეტალური დიზაინის მომზადება - $4 მილიონი დოლარი; 
  • პროექტის დაგეგმარება და მენეჯმენტი - $4 მილიონი დოლარი; 
  • დაფინანსების მობილიზება და იურიდიული ხარჯი - $4 მილიონი დოლარი; 
  • გარემოზე ზემოქმედების კვლევები და გარემოზე ზემოქმედების შემსუბუქების ღონისძიებები - $2 მილიონი დოლარი; 
  • სხვა ხარჯები - $3 მილიონი დოლარი.
შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის აუცილებელია $400-მილიონიანი სესხი, რომელსაც უმსხვილესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჯგუფი - EBRD, EIB, OPIC და ADB გამოყოფენ. ბანკებმა თავის მხრივ წარადგინეს რვაპუნქტიანი მოთხოვნების სია, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც ისინი თანახმა არიან დაიწყონ ანაკლიის დაფინანსება.

კრედიტორი საფინანსო ინსტიტუტების 8 პუნქტიანი მოთხოვნები:

1. პორტის განვითარების ფაზებისთვის არ იყოს დაწესებული ვადები
სანამ არ დაიფარება პორტის პირველი ფაზის განვითარებისთვის ბანკების მიერ გამოყოფილი სესხები, მანამდე მომდევნო ფაზების განვითარება მოხდეს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, რომელიც დასაბუთებული იქნება შესაბამისი კვლევებით. ინვესტორისთვის არ უნდა იყოს სავალდებულო ააშენოს მეორე ფაზა თუ არ იქნება ტვირთნაკადი.

2. სახელმწიფომ დააზღვიოს ტვირთბრუნვის რისკი
სახლემწიფომ დააზღვიოს ის სხვაობა, რაც დააკლდება კონსორციუმს, რომ ბანკებს გადაუხადოს სესხი გრაფიკის მიხედვით. მთავრობამ ეს თანხა უნდა ასესხოს კონსორციუმს, ხოლო კონსორციუმმა უნდა გადაუხადოს ბანკებს. ბანკების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, კონსორციუმმა უნდა გაისტუმროს ეს სესხი, შემდეგ სუბორდინირებული სესხი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ კონსორციუმის ინვესტორები მოგებას პორტიდან.

3. მთავრობის პასუხისმგებლობა გასცეს კომპენსაცია რკინიგზის და გზის მშენებლობის გაჭიანურების შემთხვევაში

თუ დაგვიანდა გზისა და რკინიგზის მშენებლობა, პორტი ვერ დაიწყებს ოპერირებას. მის შედეგად მიყენებული ფინანსური ზარალის გამო კი კონსორციუმი სესხის მომსახურებას ვერ შეძლებს. შესაბამისად, ბანკები მთავრობას აკისრებენ პასუხსიმგებლობას აანაზღაურონ აღნიშნული გზით მიყენებული ზარალი.

4. კონსორციუმის მიერ სესხის აღების პროცედურა გახდეს მოქნილი

საუბარია თავად ბანკების მიერ სესხის გასხვისებაზე, ან კრედიტორის ჩანაცვლებაზე.

5. სახელმწიფოს “ოქროს აქციას” დაუწესდეს შეზღუდვები

სახელმწიფოს ოქროს აქციას აქვს ძალიან ფართო უფლებები, საუბარი არის მათ შეკვეცაზე.
საქართველოს სახელმწიფო ანაკლიის პროექტში “ოქროს აქციის მფლობელია, რომლითაც პორტის კომერციულ საქმიანობაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია. საინვესტიციო ბანკების შეფასებით, “ოქროს აქციის” უფლებების შეკვეცა უნდა მოხდეს.

6. სახელმწიფომ გასცეს კომპენსაცია პოლიტიკური ფორსმაჟორის შემთხვევაში

7. საკანონმდებლო ცვლილებების შეთანხმება ან კომპენსირება

არსებული მდგომარეობით საინვესტიციო ხელშეკრულებით ვიწროა იმ საკანონმდებლო ცვლილებებისგან გამომდინარე კომპენსაცია, რომელიც მთავრობამ უნდა აუნაზღაუროს კონსორციუმს. საინვესტიციო ბანკების შეფასებით ეს სია უნდა გაფართვოდეს, რომ ინვესტიცია დაცული იყოს ნეგატიური საკანონმდებლო ცვლილებებისგან.

8. Build–operate–transfer კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, $400 მლნ სესხი სახელმწიფომ დაფაროს კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში მთავრობას აქვს უფლება დაფაროს სესხი და დაეუფლოს პორტის აქტივებს სრულად. ამ შემთხვევაში კონსორციუმის ინვესტორები კარგავენ საკუთარ ინვესტიციებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები