პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ თანადამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საარბიტრაჟო დავაზე - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება მაქსიმუმ სამ თვეში გამოცხადდება.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას წამყვანის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.
"დაახლოებით, ორ თვეში ან მაქსიმუმ სამ თვეში იქნება რეზულტატი. საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო (ICC) გამოაცხადებს თავის გადაწყვეტილებას. მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - თქვა მამუკა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ: „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“, 2020 წელს, საქართველოს წინააღმდეგ საინვესტიციო საარბიტრაჟო დავა ICC-ში მას შემდეგ დაიწყო, რაც სახელმწიფომ, ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზით, კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა. სასარჩელო მოთხოვნა დაახლოებით, 1,620,000,000 აშშ დოლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით, საქართველოს წინააღმდეგ საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში (ICSID) კიდევ ერთი დავა მიმდინარეობს - „ბობ მეიერი საქართველოს წინააღმდეგ“. ამ საქმეზე ინვესტორი სასარჩელო მოთხოვნა დაახლოებით, 64,000,000 აშშ დოლარია.
საქართველოს მთავრობას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტისთვის ახალი ინვესტორი ამ დრომდე არ შეურჩევია. "ანაკლიის პორტზე წინადადებების წარმოდგენა 20 მაისისთვის დასრულდება" - თქვა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.