საქართველოს ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის შესახებ წინადადებების წარმოდგენა 20 მაისისთვის დასრულდება. აღნიშნულის შესახებ მან პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ასევე მიმდინარე წელს შეირჩევა კერძო პარტნიორი და 2024 წელს დაიწყება საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამუშაოებიც.
„ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მოსახლეობას ვუთხარით, რომ წინადადებების წარდგენის ფორმალურ ეტაპზე გადავდიოდით, რაც ჩვენი კერძო/საჯარო თანამშრომლობის კანონმდებლობით არის განსაზღვრული. დღეს ფინალურ ეტაპზე გვყავს ორი პრეტენდენტი, რომლებმაც იქიდან გამომდინარე რომ ეს ძალიან კომპლექსური პროექტია, 3 თვით ვადის გახანგრძლივება მოითხოვეს, რომ დაზუსტებული წინადადებები წარმოადგინონ.
ასევე თითოეულ კომპანიასთან გვქონდა საკმაოდ დეტალური განხილვის პროცესი, მათ დამაზუსტებელი კითხვები წარმოადგინეს და ჩვენ ამ კითხვებზე პასუხი გავეცით, ეს იყო 100-ზე მეტი კითხვა ორივე პრეტენდენტის მხრიდან.
საბოლოოდ, 20 მაისისთვის წინადადებების წარმოდგენა უნდა დასრულდეს და შემდეგ გაწერილი გეგმის მიხედვით უნდა შევარჩიოთ, თუმცა ყველა შემთხვევაში კერძო პარტნიორი მიმდინარე წელს იქნება შერჩეული.ასევე მიმდინარე წელს დავიწყებთ საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამუშაოებს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.