მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ანაკლია, როგორც ტურისტული ზონა, რატომღაც ყველას მიავიწყდა" - სასტუმრო "თეთრი სახლი ანაკლიაში"

თეთრი სახლი ანაკლიაში

"ანაკლია, როგორც ტურისტული ზონა რატომღაც ყველას მიავიწყდა", - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „ქალების ნარატივში“, ანაკლიაში მდებარე სასტუმროს „თეთრი სახლი ანაკლიაში“ დამფუძნებელმა მარინა თოდუამ განაცხადა.

მისი შეფასებით, ანაკლიაში ტურისტული მიმართულებით ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეინიშნება, მაშინ როდესაც რეგიონს უნიკალური სანაპირო ზოლი და ტურისტული პოტენციალი აქვს.

მარინა თოდუას თქმით, წლევანდელ სეზონზე სასტუმროების დატვირთვაზე გავლენა როგორც ხშირი წვიმების გამო შექმნილმა კლიმატურმა პირობებმა, ისე ინფრასტრუქტურულმა პრობლემებმა მოახდინა.

მისი განცხადებით, ანაკლიაში წლების განმავლობაში მოუგვარებელი რჩება საფეხმავლო ხიდისა და ბულვარის განათების საკითხიც.

„ინფრასტრუქტურის კუთხით არაფერი შეცვლილა, არაფერი არ მომატებულა. ეს ხიდი, რომელიც სულ განათებული იყო და რაღაც სავიზიტო ბარათივით არის, გულსატკენია, რომ წელსაც ვერ განათდა. ელემენტარული, თითოეულ პალმას ჰქონდა მინათებები და რომ შემოდიხარ ბულვარში და ანაკლიაში, ხომ უნდა იგრძნო, რომ სიცოცხლეა, კარგ ადგილას ხარ. ჩაბნელებულია წლებია“, - განაცხადა მან.

თოდუას თქმით, ხიდის მოწესრიგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წვიმიან პერიოდში, როდესაც ანაკლიაში ზღვა ამღვრეულია. ასეთ დროს დამსვენებლებს ალტერნატივად განმუხურის მიმართულებით გადასვლა შეუძლიათ, თუმცა ამისთვის საფეხმავლო ხიდი უსაფრთხო და განათებული უნდა იყოს.

რაც შეეხება კვების ობიექტებს, სასტუმროს მეპატრონე ამბობს, რომ ანაკლიაში კვების ობიექტების გარკვეული არჩევანი არსებობს და არსებული ტურისტული ნაკადის მომსახურებას ადგილობრივი ბიზნესი ახერხებს, თუმცა მთავარი პრობლემა სტუმრების სიმცირეა.

„თითოეული სტუმრის გულისტკივილია და აღნიშნავენ ამას ჩვენთან საუბარშიც, რომ სამწუხაროა ასეთი ლამაზი ადგილი, ასე მიტოვებულია. და მართლა, რატომღაც ყველას მიავიწყდა ანაკლია, როგორც ტურისტული ზონა“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ელოდება.

პარალელურად, ანაკლიაში პორტთან დაკავშირებული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა როგორც თოდუა ამბობს, ტურიზმის მიმართულებით მნიშვნელოვანი ახალი პროექტები არ დამატებულა. სასტუმროს დამფუძნებლის ინფორმაციით, ანაკლიაში დამსვენებლების ძირითადი ნაწილი ქართველი შიდა ტურისტია.

„საერთოდ ტურისტი, როგორც ასეთი, უცხოელი, ანაკლიაში არ შემოსულა, მე თამამად ვიტყვი ამას. ადრე იყვნენ უკრაინელები და რუსები, ახლა ისინიც არ არიან. ჩვენ უფრო გვყავს ქართველი დამსვენებელი, შიდა ტურისტი“, - აღნიშნა მარინა თოდუამ.

მისი აზრით, უცხოელი ტურისტების მოსაზიდად ანაკლიას მეტი ტურისტული შეთავაზება და ინფრასტრუქტურული განვითარება სჭირდება. მისივე შეფასებით, გარკვეული აქტიურობა მაშინ შეინიშნება, როდესაც აჭარის კურორტებზე მაღალი დატვირთვაა, თუმცა ეს ანაკლიაში ტურისტული ნაკადის სტაბილურ ზრდას ვერ უზრუნველყოფს.

სასტუმრო „თეთრი სახლი ანაკლიაში“ სეზონს 15 სექტემბერს დაასრულებს. როგორც მარინა თოდუა ამბობს, ამის მიზეზი როგორც სეზონის შემცირებული აქტიურობა, ისე სასტუმროში გარკვეული სარემონტო და სახანძრო მიმართულებით მოსაწესრიგებელი საკითხებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები