“გოცირიძის მეღვინეობის” დამფუძნებელი ანდრო გოცირიძე ელის, რომ მიმდინარე წელი მეღვინეობა/მევენახეობისთვის რთული იქნება. მან BM.GE-სთან განაცხადა, რომ მაღალი ტემპერატურისა და ნალექის გამო ვენახებში სოკოვანი დაავადებების გავრცელების რისკი გაიზარდა.
მისი შეფასებით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა ბიომევენახეობისთვის, რადგან ასეთ ვენახებში სისტემური პრეპარატები არ გამოიყენება და დაავადებებმა მოსავალზე შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს. მეღინეობის დამფუძნებელი ამის მიზეზად უამინდობას ასახელებს, რომელიც მოსავლის რაოდენობას არ ამცირებს, თუმცა ყურძენის ხარისხზე ახდენს გავლენას.
„საკმაოდ რთული წელია მევენახეობისთვის, იმიტომ რომ უხვი ნალექი და თან თბილი ტემპერატურა სოკოვანი დაავადებების გავრცელებას იწვევს. განსაკუთრებით რთულია ეს ბუნებრივია ბიო ვენახებისთვის. საბოლოო ჯამში, შეიძლება არ იყოს საუკეთესო წელი, მაგრამ ნორმალური მოსავალი იქნება და ჯერ ყველაფერი წინ არის. ალბათ სექტემბრის შუა რიცხვებიდან უფრო მეტად გამოჩნდება პერსპექტივა“, - აღნიშნა მან.




























