მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინის სერტიფიკატის 10-ლარიანი მოსაკრებელი მცირე მარნების ღვინოს გააძვირებს - "გოცირიძის მეღვინეობა"

გოცირიძის მეღვინეობა

1-ელი სექტემბრიდან საქართველოში წარმოებული ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების ადგილობრივ ბაზარზე რეალიზებისთვის შესაბამისობის სერტიფიკატის აღება 10 ლარი გახდა. „გოცირიძის მეღვინეობის“ დამფუძნებელმა, ანდრო გოცირიძემ BM.GE-სთან განაცხადა, რომ ახალი მოსაკრებლის შესახებ მცირე მარნებს ინფორმაცია წინასწარ არ ჰქონიათ და თავად ცვლილების შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყო, როდესაც ღვინის მაღაზიაში 10 ბოთლის რეალიზაციაზე განაცხადი უკვე შეტანილი ჰქონდა.

„სრულიად შემთხვევით გავიგე ეს ამბავი. შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან ინფორმირება არ მომხდარა. მართალია "მაცნეზე" დადგენილება გამოსცეს, მაგრამ რაიმე შეტყობინება ამის შესახებ არავის მიგვიღია“, - აცხადებს გოცირიძე.

მისი თქმით, მისთვის პრობლემურია არა მხოლოდ თავად 10-ლარიანი მოსაკრებელი, არამედ ის, რომ სერტიფიკატის აღება და 10 ლარის გადახდა თითოეულ ცალკე შეკვეთაზე უწევთ, შეკვეთის მოცულობის მიუხედავად. როგორც მეღვინე განმარტავს, სარეალიზაციო ობიექტები მცირე მარნებს ღვინოს ხშირად მხოლოდ 6, 10 ან 12 ბოთლის ოდენობით უკვეთენ. შესაბამისად, მცირე რაოდენობის თითოეული შეკვეთა მათთვის დამატებით ხარჯს ნიშნავს.

„ერთ ჯერზე შეკვეთა შეიძლება 6 ბოთლი, 10 ბოთლი, 12 ბოთლი იყოს. თითოეულ 6 ბოთლზე, როდესაც მთელი წარმოება შეიძლება 1000 ან 2000 ბოთლი იყოს წლის განმავლობაში, 10-10 ლარის გადახდა, ერთი მხრივ, ფასს გააძვირებს, მეორე მხრივ კი დამატებითი დანახარჯია მცირე მარნებისთვის.

ჩვენ არ ვართ სუპერმარკეტის მომხმარებლის მიმწოდებლები, რომ ერთი პალეტი შეგვიკვეთოს ვინმემ. ერთ პალეტზე 10 ლარი შეიძლება დიდი თანხა არ იყოს, მაგრამ როდესაც 6 ბოთლს ან 10 ბოთლს გიკვეთავენ, ეს უკვე მნიშვნელოვანი ხარჯია“, - აღნიშნავს მეღვინე.

გოცირიძის შეფასებით, მცირე მარნებისთვის შესაბამისობის სერტიფიკატზე მოსაკრებლის დაწესება განსაკუთრებით პრობლემურია, რადგან ისინი ხშირად მცირე მოცულობით, მათ შორის იშვიათი ქართული ჯიშებისგან, მაღალხარისხიან ღვინოს აწარმოებენ.

„რაღაც დეფინიცია უნდა არსებობდეს მცირე მარნების წასახალისებლად, რომლებიც ნამდვილად მაღალხარისხიან და ხშირ შემთხვევაში ძალიან იშვიათ ღვინოს აწარმოებენ, იშვიათი ქართული ჯიშების ღვინოს“, - ამბობს ის.

მეღვინე მიიჩნევს, რომ ცვლილების შესახებ მეწარმეების წინასწარ და უფრო ეფექტიანად ინფორმირებაც მნიშვნელოვანი იყო. „მესმის, რომ დადგენილება შესასრულებელია, მაგრამ ალბათ ცოტა მეტი პატივისცემა მეწარმის მიმართ და ცოტა მეტი ინფორმირება არ აწყენდათ“, - აცხადებს გოცირიძე.

აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს ახალი ტარიფები 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა. ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციისთვის შესაბამისობის სერტიფიკატის საფასური 10 ლარია. ექსპორტისთვის საჭირო სერტიფიკატის ღირებულება კი მომსახურების მიღების ვადის მიხედვით 110-დან 650 ლარამდე მერყეობს, ხოლო მცირე ზომის მარნებისთვის ექსპორტის სერტიფიკატზე ცალკე, შეღავათიანი ტარიფებია განსაზღვრული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები