მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაყიდვების ზრდა არ არის, ხარჯები კი იზრდება - რა გამოწვევები აქვთ მცირე მარნებს?

გოცირიძის მეღვინეობა

საქართველოში მცირე მარნების გაყიდვები მნიშვნელოვან ზრდას ვერ აჩვენებს, მაშინ როდესაც ღვინის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები მატულობს. „გოცირიძის მეღვინეობის“ დამფუძნებლის, ანდრო გოცირიძის შეფასებით, ეს მცირე მწარმოებლებისთვის ფინანსურ პრობლემებს აჩენს.

მან BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მცირე მარნების სეგმენტში გაყიდვები დაახლოებით გასული წლის ნიშნულზეა შენარჩუნებული, თუმცა იმ მაღაზიებსა და ღვინის ბარებს, სადაც მცირე მარნების პროდუქცია იყიდება, თავად აქვთ პრობლემები.

„გაყიდვები დაახლოებით იგივე ნიშნულზეა, რაც გასულ წელს იყო. უბრალოდ მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს იმ მაღაზიებს და იმ ბარებს, ღვინის ბარებს, სადაც ჩვენი ტიპის ღვინო იყიდება და შესაბამისად მხოლოდ რამდენიმეს აქვს შენარჩუნებული გაყიდვების ტემპი.

როცა გაყიდვების ზრდა არ არის, ყოველთვის რთულია, იმიტომ რომ იზრდება ფასები მოყვანაზე, ქიმიკატებზე, სხვადასხვა პრეპარატებზე, თუნდაც მუშახელის ფასი იზრდება და საპირისპიროდ, როცა გაყიდვები არ იზრდება, თავისთავად ცხადია რთულია ეს პროცესი“, - აღნიშნა მეღვინემ.

გოცირიძე ასევე საუბრობს მცირე მარნებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემაზე. მისი თქმით, არსებული საკრედიტო ხაზები და პროგრამები საკმარისი აღარ არის იმისთვის, რომ მცირე საწარმოებმა განვითარება შეძლონ.

მისი შეფასებით, საჭიროა ახალი პროექტები, რომლებიც მცირე მარნების განვითარებას შეუწყობს ხელს და მათ მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებასა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლაში დაეხმარება. მისივე თქმით, არსებული მხარდაჭერის პოლიტიკა უფრო მეტად რაოდენობაზეა ორიენტირებული, ვიდრე მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების წახალისებაზე.„იმ ხარისხის ღვინის მიღება და ხელშეწყობაა საჭირო, რომელიც მცირე მეწარმეებს ხელს შეუწყობს, რომ ევროპის და ამერიკის ბაზრებზე შეაღწიონ“, - განაცხადა გოცირიძემ.

რაც შეეხება ფასებს, მეღვინე არ ელოდება ღვინის ფასების მნიშვნელოვან ცვლილებას. მისი თქმით, მცირე მარნები ძირითადად საშუალო საფასო სეგმენტში ოპერირებენ და გაყიდვების ზრდის გარეშე ფასის მატება რთული იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები