მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის შესაძლო ინვესტორის - Cerberus-ის დამფუძნებელი დონალდ ტრამპის უფროსი მრჩეველია

5db304691ae0e
შოთა ტყეშელაშვილი
25.10.19 19:00
2190
ტელეკომპანია "პირველის" ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ინვესტირებას ამერიკული საინვესტიციო ჰოლდინგი “Cerberus Capital Management”-ი გეგმავს. არხის ცნობითვე, ეს სწორედ ის ამერიკული ფონდია, რაზეც ბოლო კვირების განმავლობაში ანაკლიის განვითარების კონსორციუმის თანადამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საუბრობდა, მაგრამ კომპანიის ვინაობას არ ასახელებდა. 

ამასთან, ტელეკომპანის ინფორმაციითვე, საინვესტიციო ჰოლდინგის წარმომადგენლები თბილისში იმყოფებიან და  ინფრასტრუქტურის სამინისტროში შეხვედრებიც გამართეს, თუმცა აღნიშნულს არც მაია ცქიტიშვილის უწყებაში ადასტურებენ და არც - ანაკლიის განვითარების კონსორციუმში. 

რა ვიცით “Cerberus Capital Management”-ის შესახებ? 

“Cerberus Capital Management”-ი 27 წლისწინ, ბიზნესმენმა სტივ ფაინბერგმა დააფუძნა. ფონდის აქტივები 2018 წლის მდგომარეობით, $40 მილიარდს შეადგენს. მისი დამფუძნებელი სტივ ფაინბერგი, ამავდროულად, თეთრ სახლში იკავებს მაღალ თანამდებობას - ის პრეზიდენტ დოლანდ ტრამპის სადაზვერვო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეა.

თავად Cerberus Capital Management-ი აქტივებს არაერთი მიმართულებით ფლობს; მათ შორისაა ვაჭრობის, საფინანსო, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციების, მრეწველობისა და სხვა მიმართულებები.

მართალია,  ანაკლიის განვითარების კონსორციუმში Cerberus-თან დაკავშირებით ინფორმაციას, ჯერჯერობით, არ ადასტურებენ, მაგრამ იმას კი ღიად ამბობენ, რომ  კონსორციუმის კიდევ ერთი პარტნიორი, შეიძლება ამერიკული ფონდი  გახდეს. ლევან  ახვლედიანის თქმით, ამერიკული ფონდის სახელი მხოლოდ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ შეიძლება გახდეს ცნობილი. 

"ჩვენ ამ ფონდის ვინაობას ვერ დაგიდასტურებთ და ვერ დაგისახლებთ, ჩვენ ვაწარმოებთ ასევე მოლაპარაკებას ამ ამერიკულ ფონდთან. მიდის მოლაპარაკება. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიდის მოლაპარაკება მთავრობის წარმომადგენლებთანაც და უნდა დაველოდოთ ამ მოლაპარაკებების შედეგებს. ვერ დაგიდასტურებთ ამას [კითხვა Cerberus-სს შეეხებოდა] ამის უფლება არ მაქვს; როდესაც იქნება შესაბამისი მზაობა და დასრულდება მოლაპარაკებები, ჩვენ ამერიკული ფონდის სახელს ამის შემდეგ გავაჟღერებთ", - ამბობს ლევან ახვლედიანი. 

ერთ-ერი პირველი, ვინც ანაკლიის პორტის პროექტში მსხვილი ამერიკული ფონდის შესაძლო ჩართვის შესახებ განცხადება გააკეთა, კონსორციუმის თანადამფუძნებელი  იყო. მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში, 16 სექტემბერს თქვა, რომ კონსორციუმი მოლაპარაკებას უკვე არაერთი თვეა $40 მილიარდის აქტივების მქონე ამერიკულ ფონდთან მართავს.

"გვითხრეს, რომ მათ მიიღეს ორჯერ გაფრთხილება, ერთი პომპეოს, სახელმწიფო მდივნის გამოსვლამდე, რომ მათ შეეჩერებინათ ინვესტიცია ჩვენთან, ეს არის უზარმაზარი, 40 მილიარდიანი ფონდი. შემდგომ, პომპეოს განცხადების მერე, მეორე დღეს ზუსტად, როცა ბახტაძე, წინა პრემიერი იმყოფებოდა შეერთებულ შტატებში, გვიკავშირდება იგივე კომპანია და გვეუბნება, რომ ჩვენ დაგვირეკეს და გვითხრეს, მწვანე შუქი აინთოო. გაგრძელდა ეს პროცესი. აგვისტოში ველოდებით დოკუმენტს, საბოლოო დოკუმენტს. დაამთავრეს ე.წ due diligence, შიდა აუდიტი. ყველაფერზე მოვილაპარაკეთ, ველოდებით დოკუმენტს და ისევ არის ნიშანი. უთხრეს ინვესტორს, გაჩერდიო", - განაცხადა  16 სექტემბერს მამუკა ხაზარაძემ. 

თავის მხრივ, ამერიკულ ფონდთან მოლაპარაკების შესახებ განცხადება ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა 2019 წლის 15 ოქტომბერსაც გააკეთა. კონკრეტულად კი, კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა თქვა, რომ სახელმწიფომ ამერიკულ ფონდს, რომელიც ანაკლიაში ინვესტირებით არის დაინტერესებული, მხარდაჭერის შესახებ წერილიც კი არ გაუგზავნა. 

“ჩვენ მოვიყვანეთ ასევე ამერიკული ფონდი, რომელიც დაინტერესდა ამ პროექტით. მან მოითხოვა წერილობითი განცხადება მთავრობისგან, რომ ისინი მიესალმებოდნენ მათ მონაწილეობას. ჩვენ ამ წერილის მომზადებას დაგვპირდა მთავრობა, რომ გაუგზავნიდა აღნიშნულ წერილს ამერიკულ ფონდს, მაგრამ ეს წერილი ადრესატთან არ მისულა. ერთის მხრივ, ყაზახურ ინვესტორს ეუბნებიან, რომ თქვენ რადგან ამერიკული წარმოშობის არ ხართ, თქვენ მონაწილეობას ვერ მივესალმებით, მოვიყვანეთ ამერიკული ინვესტორი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ის ელემენტარული მინიმუმი, რაც წერილის გაგზავნაში მდგომარეობს, ესეც კი არ გააკეთა მთავრობამ,” - განაცხადა 15 ოქტომბერს
ლევან ახვლედიანმა.

ცნობისთვის: bm.ge კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ Cerberus-ის წარმომადგენლების თბილისში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას არც ინფრასტრუქტურის სამინისტროში ადასტურებენ და არც - ანაკლიის განვითარების კონსორციუმში.