მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანგარიშვალდებულების გარეშე, ახალ ინიციატივებს აზრი არ აქვს - ლალაზაშვილი ტრასტების მოზიდვის სტრატეგიაზე

629cbe633dce4
BM.GE
06.06.22 09:00
757
საქართველოს მთავრობას ქვეყანაში “ტრასტების” მოზიდვა სურს - ამის შესახებ მთავრობის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილ ანგარიშში არის საუბარი. მთავრობამ ამ მიზნის მისაღწევად გასული წლის ბოლოს საკონსულტაციო კომპანიები Rothschild & Co და Kaiser Partners-ი დაიქირავა, რომელთა მიერ მომზადებული სტრატეგიითაც ხელისუფლება უცხოური ტრასტების ნდობის მოპოვებას შეეცდება.

თავად ტრასტები, ძირითადად, აქტივების მართვისთვის იქმნება და მათი მასპინძლობის წამყვან იურისდიქციებს ე.წ. „საგადასახადო სამოთხეები“ წარმოადგენენ. ტრასტი ქართული კანონმდებლობით განიმარტება როგორც „ნდობითი ფუნქცია“. მაღალი ალბათობით, ტრასტების მოზიდვას ჯერ საკანონმდებლო ცვლილება და ამ მხრივ, აქტიური მარკეტინგი დასჭირდება. ტრასტების მოზიდვის გარდა, მთავრობას საქართველოში “ფინანსური ჰაბის” ჩამოყალიბებაც სურს, რაზეც ასევე Rothschild & Co მუშაობს.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით BDO Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ლალაზაშვილმა „ანალიტიკის“ ეთერში აღნიშნა, რომ მთავრობის მხრიდან მხოლოდ ზოგადი ინიციატივების წარდგას აზრი არ აქვს, რადგან აუცილებელია, რომ ინიციატივას მოჰყვებოდეს შესაბამისი ანგარიშვალდებულებით პროცესი, სადაც განხილული იქნება ის შედეგები, მიზნები და პოტენციური შესაძლებლობები, რისი მიღწევაც იქნა ან ვერ იქნება შესაძლებელი გასული წლების განმავლობაში.

საგულისხმოა, რომ ფინანსური ჰაბის გარდა, საქართველოს მთავრობას ქვეყნის ლოგისტიკურ და ენერგეტიკულ ჰაბად გარდაქმნის იდეაც ჰქონდა, თუმცა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა, ამის თვალსაჩინო მაგალითები კი ანაკლიის პორტისა და ნამახვანჰესის მშენებლობის საკითხებია.

„მთავრობის მხრიდან თუ არ იქნება ანგარიშვალდებულება და ინიციატივას არ მოჰყვება შესაბამისი ანგარიში იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდება სამი თუ ხუთი წლის წინ გამოცხადებული პროექტები, ისევ იმავე [წარუმატებელ] შედეგს მივიღებთ.

ანგარიშვალდებულება აუცილებელია, რათა გავიგოთ, თუ რა ბედია ეწია წლების განმავლობაში გამოცხადებულ ინიციატივებს. ახალ ინიციატივებს კი მხოლოდ მაშინ აქვს ნდობა და ფასი, როცა ჩვენ ვიცით, როგორ შესრულდა ან არ შესრულდა ძველი ინიციატივები“, - განაცხადა ზურაბ ლალაზაშვილმა „ანალიტიკის“ ეთერში.