მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპლიკაცია კომპანიებისთვის - ვინ და რა პირობით შეძლებს მუშაობის განახლებას

5e8723a3b2e7a
შოთა ტყეშელაშვილი
03.04.20 16:32
5447
საქართველოს მთავრობამ შექმნა სარეგისტრაციო ფორმა ბიზნეს სუბიექტებისთვის, რომელთაც კომერციული საქმიანობის გაგრძელება სურთ და რომლებიც არ მოხვდნენ იმ გამონაკლისი სექტორების ჩამონათვალში, რომლისთვისაც საქართველოს მთავრობამ საქმიანობის გაგრძელების უფლება დაუშვა. 

ამ ფორმაში ბიზნესებმა უნდა მიუთითონ თუ რა სფეროში მოღვაწეობენ, ასევე, რამდენი ადამიანისგან შედგება კომპანია და რა რაოდენობის პერსონალი აგრძელებს მუშაობას ოფისიდან. ასევე, კომპანიებმა უნდა დაადასტურონ, რომ ისინი იცავენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს COVID-19-თან დაკავშირებით. 

"მეწარმე სუბიექტებმა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ზემოთაღნიშნული ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელებით არიან დაინტერესებული, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდზე (www.economy.ge) უნდა  შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა.

სარეგისტრაციო ფორმის შესწავლის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მომზადდება ინფორმაცია მეწარმე სუბიექტისთვის საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისი პირობებით განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ, ასევე რამდენად აქვს მას შესაძლებლობა ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების შესაძლებლობა.

აღნიშნული ინფორმაცია წარედგინება საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოსთან არსებულ საგანგებო მდგომარეობის მართვის ოპერატიულ შტაბს.

მეწარმე სუბიექტისთვის საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობის დადგენილების დანართით განსაზღვრული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შესახებ წინადადებით  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მთავრობას მხოლოდ აღნიშნული შტაბის თანხმობის შემთხვევაში მიმართავს.

გადაწყვეტილებას მეწარმე სუბიექტისთვის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ იღებს საქართველოს მთავრობა.

აღსანიშნავია, რომ მეწარმე სუბიექტების მიერ გაცხადებული პირობების და აღებული ვალდებულებების შესრულება-დაცვაზე კონტროლს განახორციელებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  შესაბამისი სამსახურები, შესაბამისი ტერიტორიული ერთეულების - მერიებისა და მუნიციპალიტეტების სამსახურების ჩართულობით.

საქართველოს პრეზიდენტის N1 დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, რაც გამოიხატება მეწარმე სუბიექტისთვის ადმინისტრაციული ჯარიმის გამოწერასა და საქმიანობის განხორციელების უფლების შეჩერებაში", - ნათქვამია სარეგისტრაციო ფორმაში. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2 აპრილს განაცხადა, რომ ყველა ის კომპანია, რომელიც დაადასტურებს, რომ აკმაყოფილებს ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებს, ექნება საშუალება, გააგრძელოს ფუნქციონირება

"მოთხოვნა არის დავაკმაყოფილოთ უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გვიდგენს," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.