მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“აქამდე ადამიანები რაჭაში მოგზაურობაზე გზის გამო უარს ამბობდნენ, ახლა თავისუფლად ჩამოდიან” - “ჰაერი”

61c60659459b1
მარიამ ადამია
25.12.21 00:26
900
იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზით თბილისიდან რაჭაში ჩასვლა სამ საათში გახდა შესაძლებელი, რამაც, როგორც ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, ტურიზმს დიდი ბიძგი მისცა. საჩხერე-ონის ახალი საავტომობილო გზით გადაადგილების მანძილი ძველ გზასთან შედარებით 80 კმ-ით, ხოლო დრო 1,5 საათით მცირდება. გზის დიდი ნაწილი ტყიან ზონაში, მდინარე ხეორის ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. არსებული გზა გრუნტოვანი იყო, პროექტის შესაბამისად კი, გზა სრულად რეაბილიტირდა და ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ოქტომბერში, მას შემდეგ, რაც ახალი გზა გაიხსნა, რაჭა გაცილებით დინამიკური და ხალხმრავალი გახდა.

თემაზე, გადაცემა “საქმიან დილაში” უწერაში კოტეჯების - “ჰაერის“ დამფუძნებელმა, გენო თაყაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ადამიანები, რომლებიც აქამდე უარს ამბობდნენ რაჭაში მოგზაურობაზე სწორედ გზის გამო, ახლა თავისუფლად ჩამოდიან.

“სამ საათში სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ ახალი გზის საშუალებით რაჭაში ჩამოვიდნენ და ეს ფაქტი დაეტყო უკვე ჯავშნების რაოდენობას. დღეს აქაურობა გაცილებით დინამიკური და ხალხმრავალია, ვიდრე აქამდე იყო, რადგან გზას 5-6 საათი სჭირდებოდა და ხშირად ამის გამო უარს ამბობდნენ. ახლა კი, შეგვიძლია სტუმარი დაპატიჟების შემთხვევაში დღესვე მივიღოთ და ადამიანები, რომლებიც აქამდე სწორედ გზის გამო უარს ამბობდნენ, ახლა თავისუფლად ჩამოდიან,” - აღნიშნა გენო თაყაძემ.

მისივე თქმით, სამივე კოტეჯი უმეტესად შიდა ტურიზმზე მუშაობს და დამსვენებელთა 70-80% ქართველები არიან.

“წარმატებით ვმუშაობთ შიდა ტურიზმზე და ნოემბრამდე სამივე კოტეჯი მუდმივად დაჯავშნილი იყო, ახლა დღესასწაულებზე მეორე ტალღა წამოვიდა და ცარიელი ფაქტობრივად არცერთ დღეს არ არის კოტეჯი", - განაცხადა “ჰაერის” დამფუძნებელმა.

გენო თაყაძემ გადაცემაში ასევე ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომლებიც რაჭაში დღეს მთავარ გამოწვევად რჩება და მათ შორისაა ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების მოწესრიგება, რის გამოც რაჭა სხვა რეგიონებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

“გვაქვს კომუნიკაცია ადგილობრივ მთავრობასთან ამ საკითხზე, მათ იციან აღნიშნული პრობლემების შესახებ, მაგრამ ის რასაც მთავრობა აკეთებს რაჭაში, არ არის საკმარისი. არ გვაქვს საჭირო რაოდენობის სასტუმროები, არც მისასვლელი გზებია მოწესრიგებული, კომუნიკაციები გასაყვანია. თუკი ეს პრობლემები არ მოგვარდა ჩვენ ვერ შევძლებთ ვუმასპინძლოთ ყველა სრულფასოვნად სტუმრებს,” - განაცხადა გენო თაყაძემ.

ინფორმაციისთვის, ახალი გზის მშენებლობაზე 4-მა ქართულმა კომპანიამ იმუშავა. სულ, 900 ადამიანი იყო დასაქმებული და პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომლის საერთო ღირებულებამ 110 მილიონ ლარს გადააჭარბა.