მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში ინვესტირებულ 1 ლარზე 10 ლარი იქნა მოზიდული - არჩილ გაჩეჩილაძე

62efb212430c7
BM.GE
07.08.22 21:04
788
„საქართველოს ბანკის“, GITA-სა და მსოფლიოში წამყვანი გლობალური აქსელერატორის, 500 Global-ის პარტნიორობა გრძელდება. მხარეებს შორის დამატებითი, 4 წლიანი პარტნიორობის ფარგლებში 500 Global-ი ოთხი წლის განმავლობაში სტარტაპებს საქართველოში გადაამზადებს. გლობალური დონის აქსელერაციის პროგრამა წელიწადში ორჯერ ჩატარდება და სტარტაპებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით საშუალება ექნებათ, გაიარონ გადამზადების ინტენსიური კურსი, რომელიც დემო დღით დასრულდება.

დამატებით, ყოველი ნაკადის გამარჯვებული სტარტაპი, 500 Global-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 4 წლის მანძილზე, ქართული და რეგიონში მოღვაწე სტარტაპების განვითარებისა და მასშტაბირებისთვის, დამატებითი შესაძლებლობები შეიქმნება.

როგორც საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი "ფორბს კვირასთან" ინტერვიუში აცხადებს, წინა თანამშრომლობისგან განსხვავებით ახალი ხელშეკრულების ფარგლებში პროგრამა გაფართოვდება.

"შემდეგი 4 წლის განმავლობაში ძალიან კარგი პროგრამა გაგრძელდება. წელიწადში აქსელერაციის ორი პროგრამა იქნება და კიდევ უფრო გაფართოვდება. ვინაიდან წინა პროგრამის მასშტაბი არ იყო დიდი და თან გვინდოდა ბევრ სტარტაპს შეხებოდა ის, ეტაპებად დავყავით ინვესტიცია. პირველ ეტაპზე 15 000 დოლარს იღებ, შემდეგ იყო $40 000, $100 000 და $100 000-ს ვინც მიიღებდა, ისინი მიდოდნენ სილიკონ ველიზე. დღეს რაზეც არის ლაპარაკი არის ის, რომ რადგან პროგრამა გაფართოვდა $15 000 აზრი არ აქვს, ამიტომ გვინდა $50 000 და $100 000-მდე იყოს ინვესტიცია",-განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მძლავრი გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლატფორმა, 500 Global-ი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შემოვიდა. პირველად სამმხრივი ხელმოწერა 2020 წლის 20 თებერვალს განხორციელდა. 2020-2021 წლის განმავლობაში 500 Global-მა საქართველოში აქსელერაციის ორი პროგრამა ჩაატარა, რომელიც ჯამში 30-მა ქართულმა და საერთაშორისო ტექნოლოგიურმა სტარტაპმა გაიარა. მათგან ოთხი სტარტაპი - CARDEAL, Cargon, Payze, Agrolabs - სილიკონის ველზე გაემგზავრა პროგრამის ფინალურ კომპონენტში მონაწილეობისთვის, რაც ახალი კონტაქტების დამყარების და ინვესტორებთან დაკავშირების აქტივობებს მოიცავდა.

"ჩვენი ინვესტიცია დაახლოებით 3 მლნ ლარი იყო წინა შემთხვევაში. ამ კომპონენტმა როგორც კი აქსელერაცია გაიარა, სხვა ინვესტორებისგან მოიზიდეს დამატებითი თანხები. ჯამში ამან გადააჭარბა 30 მლნ ლარს. ანუ ჩვენს თითოეულ 1 ლარზე 10 ლარი იქნა მოზიდული. ეს არის წარმატების ყველაზე კარგი მაჩვენებელი. ამ კომპანიებმა დიდი ნაბიჯები გადადგეს წინ. მათ სხვა ინვესტორებისგან 10 იმდენი ფული მოიზიდეს",-განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

500 Global არის გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანია, რომელიც ადრეულ ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპ დამფუძნებლებში, რომლებიც აშენებენ სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 2010 წელს დაარსების დღიდან, 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს, რომლებიც წარმოადგენენ 2600-ზე მეტ კომპანიას, რომლებიც მუშაობენ 81 ქვეყანაში. მისი პორტფელი მოიცავს 45 კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 130+ კომპანია, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარზე მეტია. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს დაინტერესებულ მხარეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებსა და კორპორაციებს შექმნან სამეწარმეო ეკოსისტემები, სადაც სტარტაპები შეძლებენ სწრაფ განვითარებას.