მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“არ გამოვრიცხავთ, სოცაგენტების საქმეზე სასამართლოს მივმართოთ” - ადვოკატი

61e7d83eeab8e
ნინი ლონგურაშვილი
19.01.22 21:32
826
სოციალური მომსახურების სააგენტომ სოციალური აგენტებისა და უფროსი სოციალური აგენტების გაზრდილი ხელფასების შესახებ ახალი ბრძანება დაამტკიცა.

დამტკიცებული დოკუმენტის თანახმად, სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60%-მდე იზრდება. კერძოდ, მათი ხელფასი 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი - 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ. ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის თანამშრომლებს ხელფასი 40%-დან 60%-მდე ეზრდებათ.

BM.GE გაფიცული სოციალური აგენტების ადვოკატს, „სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენელ დავით ომსარაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, სოცაგენტებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება მიუღებელია და ხვალ, 20 იანვარს კანცელარიასთან მასშტაბური აქცია აქვთ დაანონსებული.

"დღეს ამ ადამიანების მოთხოვნა, ხელფასების 100%-იანი ზრდაა. ეს შეიძლება დიდ მატებად ჟღერდეს, თუმცა სინამდვილეში ამ ადამიანების ხელფასი იმდენად მწირია, რომ ის მატება, რომელზეც ბრძანება დამტკიცდა, არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა რიგ შემთხვევებში თავი ირჩინონ“, - ამბობს დავით ომსარაშვილი.

ხოლო კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ სოცაგენტების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, აპირებენ თუ არა საქმის გაგრძელებას სასამართლოს გზით, ადვოკატი პასუხობს, რომ ჯერ არიან მოლოდინის რეჟიმში, თუმცა უკან დახევას არ აპირებენ.

"ერთი მხრივ, ეს შეიძლება იყოს სასამართლო, როდესაც ვსაუბრობთ უფლებრივ დარღვევებზე. მაგალითად, თუ ისევ ერთთვიანი ხელშეკრულებები დარჩა და ეს ნაწილი არ დაკმაყოფილდება, არ არის გამორიცხული შრომის ინსპექციის შემდეგ მივმართოთ სასამართლოს. თუმცა, რაც შეეხება ანაზღაურების ნაწილს, სამწუხაროდ, არ გვაქვს მინიმალური ხელფასის შესახებ კანონი, რომელიც იტყოდა, რომ ამ ადამიანების შრომის ანაზღაურება კონკრეტულ თანხაზე შეიძლება დაკორექტირდეს. შესაბამისად, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, მივმართოთ ამ კუთხით სასამართლოს. ერთადერთი გზა, რომელიც დაგვრჩენია, ესაა თვითორგანიზება და საკუთარი ძალებით შესაბამისი ანაზღაურების მოპოვება", - ამბობს სოციალური აგენტების ადვოკატი.

ცნობისთვის, სოცაგენტებისთვის ხელფასების მატების ბრძანება დამტკიცდა, თუმცა გაფიცვა გრძელდება. სოციალური მომსახურების აგენტები 17 იანვრიდან ხელფასების მომატების მოთხოვნით აქციას მართავენ, მასშტაბური აქცია 20 იანვარს კანცელარიასთან არის დაგეგმილი.