მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ უნდა ვიგონებდეთ მიზეზებს, ვიღაცას რატომ არ ვაძლევთ მოქალაქეობას - პრეზიდენტი ქართველებისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებაზე

6471d23e7aa0f
BM.GE
27.05.23 13:46
986
დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველებისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ყველა ქართველს აქვს უფლება დაიბრუნოს მოქალაქეობა, მიუხედავად იმისა, სად და რამდენი ხანია ცხოვრობს.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რთული დასათვლელია, რამდენს შეადგენს ზუსტად უცხოეთში მყოფი ქართველების რაოდენობა, თუმცა, მისი თქმით, სავარაუდოდ, მათი რიცხვი დაახლოებით ერთი მილიონია.

„ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომ მათთან შევინარჩუნოთ ყველანაირი კავშირი და არ დავკარგოთ ჩვენი მოქალაქეები. ამის ერთი მაგალითი მსოფლიოში, რომელმაც ძალიან კარგად შეძლო თავის დიასპორასთან ურთიერთობა და მისი გაძლიერება, როგორც თავის თავის გაძლიერება და ეს არის ისრაელი. ისრაელს აქვს ამ მხრივ ძალიან ბევრი ჩვენთვის სასწავლებელი, რომ ჩვენც მივყვეთ ამ გზას და ამითი ჩვენ გავაძლიეროთ ჩვენი დიასპორა, ე.ი. ჩვენი თავი, იმიტომ რომ ეს არის კავშირი იმ ყველა ქვეყანასთან, რომელსაც გვინდა, რომ დავემსგავსოთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ასევე გააკრიტიკა სპეციალური კომისია, რომელიც მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე მუშაობს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არ შეიძლება გაგრძელდეს კომისიის მუშაობა ისე, როგორც გრძელდება. „მივაღწიეთ იმას და ამაში მე ჩემი წვლილი მქონდა, მაგრამ არამხოლოდ ყველას მიღწევა არის ის, რომ ორმაგი მოქალაქეობა არსებობს ჩვენს კანონმდებლობაში, მაგრამ არ უნდა იყოს ის, რომ პრაქტიკა ხელს უშლის ამ კანონმდებლობის შესრულებას. ჩვენ არ უნდა ვიგონებდეთ რაღაც მიზეზებს, ვიღაცას რატომ არ ვაძლევთ მოქალაქეობას. „არ ჩამოსულა ქვეყანაში დიდი ხანიაო“, „არა აქვს რაღაცა კავშირები ქვეყანასთანო“, ყველა ქართველი, რომელსაც აქვს სურვილი, რომ დაიბრუნოს, აღიდგინოს ან მივანიჭოთ იმიტომ, რომ არ ჰქონია [მოქალაქეობა], აქვს [ამის] უფლება. ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ, რომ მას აქვს უფლება, რომ დაიბრუნოს, არა აქვს მნიშვნელობა, ის ჩამოვიდა ქვეყანაში, რამდენჯერ ჩამოვიდა, აქ ფლობს ქონებას თუ არა. ეს არ წერია კანონმდებლობაში, რომ ეს კრიტერიუმები უნდა იყოს გამოყენებული?! რატომ იგონებს ვიღაც ჩინოვნიკი კომისიაში რა უნდა იყოს ახალი დამატებითი კრიტერიუმები.

მე მიმაჩნია და ამას ჩემი წარმომადგენლები კომისიაში ბოლომდე მიყვებიან, რომ წარმოშობით ყველა ქართველს, მათ შვილებს, ყველას აქვს უფლება, რომ დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა. სამწუხაროდ, არის რაღაც ტესტები, სამი წელია იუსტიციის სამინისტროსთან გვაქვს გაუთავებელი მოლაპარაკებები, გავამარტივოთ, ნუ ვეკითხებით უცხოეთში დაბადებულ ადამიანს, ვინ იყო შუშანიკის დედა. ნუთუ არ გვაინტერესებს, რომ ეს ადამიანები ხვალ იყვნენ ქართველები?! ხვალ მათ შორის დაიბადება დემნა გვასალია, კვარაცხელია და მაშინ მოვინდომებთ, „ოჰ, ქართველია თურმე“. ახლა უნდა ჩვენ მათ მივაწვდინოთ ეს ხელი, რომ, მოდით, იყავით ქართველი, იყავით ინგლისელი, გერმანელი, ამერიკელი, რუსი, რაც გინდათ, მაგრამ იყავით ასევე ქართველი, იმიტომ, რომ ეს ბმა, რაც გაქვთ ჩვენთან, არის ჩვენთვის, ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის ძალიან ძვირფასი და აუცილებელი. ამიტომ იმის მაგივრად, რომ ფრენებზე ვიფიქროთ, ვიფიქროთ იმაზე, რომ მივცეთ მოქალაქეობა. ეს არის მათი პირველი მოთხოვნა“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები