მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არასასურსათო პროდუქციის ონლაინ გაყიდვები, ფაქტობრივად, აკრძალულია" - ეკონომიკის მინისტრი

5e85b4b23ae12
ვიქტორია მღებრიშვილი
02.04.20 13:55
2743
„არასასურსათო პროდუქციის ონლაინ გაყიდვები ფაქტობრივად აკრძალულია“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ონლაინ-გაყიდვების მომსახურების განმახორციელებელი კომპანიების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ეს შეზღუდვა არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე დაწესდა და კომპანიას ამ მიმართულებით მუშაობა მხოლოდ გარკვეული გაიდლაინების დაკმაყოფილების შემდეგ შეეძლება.

„ვიცი, რომ ეს საკმაოდ მტკივნეული თემაა; ზოგადად, ბიზნესის შეზღუდვა ყოველთვის არასასიამოვნოა და მტკივნეულია, მაგრამ კვლავინდებურად მინდა გავიმეორო, რომ ეს, პირველ რიგში, ნაკარნახევია იმ აუცილებლობით, რომ ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ბიზნესებს, რომ გადაეწყონ ახალი საქმიანობის წესზე და მაქსიმალურად დავრწმუნდეთ, რომ ისინი შეძლებენ დაიცვან უსაფრთხოების ყველა ზომა.

ამ ეტაპზე, გამომდინარე ამ ამოცანიდან, არასასურსათო პროდუქციის ონლაინ გაყიდვები, ფაქტობრივად, აკრძალულია. ამაში არ შედის ფარმაცევტული ნაწარმი. რაც შეეხება სასურსათო სიას - ის გრძელდება იმიტომ, რომ ის არის სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჩვენ გადავამოწმებთ და მოვითხოვთ ყველა წესის დაცვას.
ეს არის დროებითი იძულებითი ზომა, რადგან საკმაოდ დიდი სფეროა, საკმაოდ დიდი სისტემაა, დიდი ურთიერთობათა ჯაჭვია, იქ არის საწყობები, იქ არის მიტანის სერვისები ჩართული, ოფისები ჩართული“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა კომპანიებს, რომლებმაც შეძლეს ამ რთულ პერიოდში დისტანციური მომსახურების სერვისებზე გადაწყობა, მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ ყველა კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს თავისი თანამშრომლების და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, შეძლებს ოპერირებას უმოკლეს პერიოდში. შესაბამისად, მთავრობა მათ წარუდგენს იმ მოდელს, რომლის მიხედვითაც, უნდა მოხდეს ბიზნესების გადაწყობა.

„მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ კომპანიას, რომელმაც ძალიან მოკლე ხანში ააწყო  ონლაინ გაყიდვები, იმიტომ რომ ესეც არ იყო მარტივი, ძალიან კარგად ვიცი, რა რესურსთანაც იყო ეს დაკავშირებული.

ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, როგორი მოდელით და ფორმატით შევძლებთ რომ შევთავაზოთ ამ ბიზნესებს მუშაობის გადაწყობა, მათ შორის, პირველ რიგშi, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის ადამიანები ვინც არიან საწყობებში, არიან აბსოლუტურად სამედიცინო გაიდლაინებთან შესაბამისობაში, აღჭურვილები, ეკიპირებულები, მათი ქცევის ალგორითმი უნდა იყოს გათვლილი, ის ადამიანები, ვინც მიდიან ამა თუ იმ ოჯახში და ჩვენ ვუღებთ ჩვენი სახლის კარებს,  თვითონაც უნდა იყვნენ დაცულები და კლიენტებიც იყვნენ დაცულები. ჩვენ ამაზე უკვე ვმუშაობთ და ძალიან მალე შევთავაზებთ კონკრეტულ წესებს და მოსაზრებებს; მათ, ვისაც შესაძლებლობა აქვს გადავიდეს ონლაინ გაყიდვებზე და ვინც არის ამ ბიზნესში ჩაართული და როგორც კი დავრწმუნდებით რომ ესა თუ ის კომპანია სრულად პასუხობს მოთხოვნებს და გარანტიას გვაძლევს, რომ მისი საქმიანობა იქნება უსაფრთხო, ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ რომ დავუშვათ ამა თუ იმ კომპანიის საქმიანობა.

როგორც კი მთელი სფერო უპასუხებს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე მოხდება ეს, რა თქმა უნდა,მთელი სფერო იფუნქციონირებს.

ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ ფუნქციონირება ახალ ვითარებაში, გადავეწყოთ კრიზისულ ვითარებაში და ამის შემდეგ ნებისმიერი კომაპნიის საქმიანობა იქნება უსაფრთხო და შესაძლებელი“, - განაცხადა თურნავამ.