მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სებ-ში ვერ დაინახეს, რომ ბიზნესის კეთებას შევძლებთ" - პაპაშვილი ციფრული ბანკის ლიცენზიას ელოდება

649ab3da80081
შოთა ტყეშელაშვილი
27.06.23 16:42
2693
სტატიაში საუბარია:
“ერთი "მარშუტკით" მივიტანეთ საბუთები, 21-ე საუკუნეში ასე არ შეიძლება... ახალგაზრდა ადამიანებმა ეროვნულ ბანკში ვერ დაინახეს, რომ ჩვენ შევძლებთ ბიზნესის კეთებას. ვერ დაგვარწმუნეთო,”- ამის შესახებ “რედიქს ჯგუფის” დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილმა გადაცემა “წერტილის” ეთერში სტუმრობისას განაცხადა. ცნობისთვის, ლაშა პაპაშვილი უკრაინულ კრიპტო ბირჟა WhiteBit-თან ერთად ახალი ციფრული ბანკის დაფუძნებას გეგმავს. მისი განმარტებით, ის ბანკის 50%-იანი აქციონერი იქნება, WhiteBit-ი კი შესაბამისად ბანკის, ასევე 50%-იანი პარტნიორი იქნება. პაპაშვილის თქმით, სებ-ში გამართულ შეხვედრაზე მან ისიც კი განაცხადა, რომ ლიცენზიის მისაღებად მზადაა ბიზნესმენთა ხელმოწერებიც კი შეაგროვოს.

პაპაშვილი ბიუროკრატიის მხრივ სებ-ში არსებულ მდგომარეობას “გაუსაძლისს” უწოდებს და მის დროებით მმართველს, ნათია თურნავას უფრო მოქნილი გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდებს. ამასთან, მისი თქმით, დღევანდელი საბანკო სექტორი ახალ კონკურენციას საჭიროებს, რადგანაც ბაზარი "მოდუნებულია".

ინტერვიუ ლაშა პაპაშვილთან:

- ახლა, ეროვნულ ბანკში გაუსაძლისი მდგომარეობაა, მე როგორც ვიცი. იმედია, მალე შევალ საბანკო სექტორში და თავადაც დავრწმუნდები ამაში. ზედმეტი რეგულაციებია, ზედმეტი ქაღალდომანიაა. ჩვენ მაგალითად, ერთი "მარშუტკით" მივიტანეთ საბუთები და 21-ე საუკუნეში ეს არ შეიძლება. მე რა შესწავლა მინდა? ჩემი და ჩემი ოჯახის შემოსავლები ვიღაც ბავშვებმა უნდა შეამოწმოს.

- ეს ხომ არ არის ერთი რომელიმე პირის გადაწყვეტილება, რომ ამდენი საბუთი იყოს საჭირო. თვითნებურად ხომ არ მოქმედებენ, როდესაც გსურთ საფინანსო სექტორში შემოსვლა, მიიღოთ შემდგომ მოქალაქეების დეპოზიტები, გასცეთ სესხები... ამიტომაც ჰყავთ ბანკებს მარეგულირებელი. უნდა ვიცოდეთ ვინ ხართ...

- 35 წელია მიცნობთ, ვინც ვარ. ჩემი გამოცდილება იცით, თუნდაც საბანკო სექტორში. ვინ უნდა შემასწავლოს ახლა, როგორ უნდა დავიცვათ მოქალაქეთა დეპოზიტები.

- მეტს გკითხავთ თქვენს ბანკთან დაკავშირებით...

- დღესაც მირეკავენ სესხი როგორ ავიღო, ბანკს როგორ დაველაპარაკო. დღესაც ჩემი კლიენტია ყველა, არსად არ წასულან. ერთ დაძახებაზე ყველა მოვა. მილენიალებზე არ ვამბობ, უფრო ძველები. მითუმეტეს, რომ ბევრი ანგარიში აქვთ. ყველას ბევრგან აქვს ანგარიში გახსნილი.

- სერიოზული კონკურენტი უნდა გამოუჩნდეს მსხვილ მოთამაშეებს საბანკო სექტორში?

- მარტო ყოფნა მემგონი მათაც [ბანკებსაც] მობეზრდათ. თითოს 40% აქვს თითქმის ხელში და ამანაც იცის ჩამყაყება. როცა დიდი ხარ, მარტო ხარ, იცის მოდუნება...

- 26 ოქტომბერს შეიტანეთ განაცხადი ლიცენზიაზე. ეროვნულ ბანკს მარტამდე ჰყავდა პრეზიდენტი. შემდეგ, არჩილ მესტვირიშვილი ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას. ახლა უკვე ნათია თურნავა, რას გეუბნებიან? რა საბუთები არ გაქვთ სათანადოდ მომზადებული?

- მე ვფიქრობ, რომ ნათიას [თურნავას] პირველი ამოცანაა, ეს ბიუროკრატია და უსარგებლო პროცესი მოსპოს. არამხოლოდ ჩემდამი. ზოგადად, რეგულატორმა სხვა სიმაღლეზე უნდა აიყვანოს რეგულირება. ეს უნდა ხდებოდეს ფურცლომანიის გარეშე. ბანკები ისედაც გავდივართ ამ პროცესს, ქომფლაიენსის გარეშე ანგარიშს ვერ გახსნი, არათუ ბანკი გახსნა. ბანკები ამას ისედაც აკეთებენ და არ უნდა ისედაც გატანჯულ მოსახლეობას და ბიზნესებს კიდევ ამის დამატება. ჩვენ რაც შეგვეხება, რამდენიმე ახალგაზრდა ადამიანმა ეროვნულ ბანკში ვერ დაინახა, რომ ჩვენ შევძლებთ ბიზნესის კეთებას. ვერ დაგვარწმუნეთო. მე ბოლო შეხვედრაზე ვუთხარი, რა ვქნა ახლა გვითხარით, თუ გინდათ ხელმოწერებს შევაგროვებ და უმრავლესობა ამ ქვეყნის ბიზნესმენებისა ფიქრობს, რომ მე ამას შევძლებ და რომ პრეზენტაცია, რაც მე იქ წარვადგინე, აბსოლუტურად შეესაბამება გარემოებას და დროულია.

- რა გაკლიათ, რას გეუბნებიან, რომ დავიჯეროთო?

- ინოვაცია და ტექნოლოგიები გვაქვს. ჩვენ ფეი იუნიქარდის ბაზაზე ვაკეთებთ ამას. თუ გაგიგიათ ასეთი ბრენდი. ყველას აქვს მისი დამაგროვებელი ბარათი. 30,000 მოქმედი კლიენტით შევდივართ, Visa-ს და Mastercard-ის აფილირებულები ვართ უკვე. თავად ჩვენი ინვესტორი მოგვიყვანა Visa-მ, მან დაინახა, რომ ჩვენი მერჯერით იქნება სინერგია საბანკო სექტორში. ახალგაზრდა ბიჭები ვერ ხედავენ… "ჰაშ ბანკი" ჩვენი ბრენდია, რაც შევქმენით და ისინი არიან კრიპტო ბირჟა, მაგრამ ძალიან ძლიერი ბლოკჩეინ დეველოპერების გუნდი არის შეკრებილი. ჩემზე 15-20 წლით ბიჭებმა შექმნეს საერთაშორისო გიგანტი. სადაც კი ქვეყანაში შევიდნენ, ამ გიგანტებმა - "ბაინანსმა" და "კოინბეისმა" ბაზარი დატოვეს, იმდენად ძლიერები არიან ტექნოლოგიებში. JPMorgan-დან და MorganChase-დან მირეკავენ, რომ აქედან ვინმეს ჰედჰანტინგში დავეხმარო, ცდილობენ წაყვანას და ვერ მიჰყავთ, ისეთი მაგარი გუნდი ააწყო ამ უკრაინელმა ბიჭმა. ეს სჭირდება ახლა ბაზარს.

- ნათია თურნავას თუ ესაუბრეთ?

- დიახ, სებ-ის საბჭოს ყველა წევრს ვესაუბრეთ, მაგრამ ყველა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას [კობა გვენეტაძის] ელოდა. წასვლამდე 15 დღით ადრე შევხდი. ვუთხარი, არ გირჩევნია შენს პერიოდში იყოს ეს ლიცენზია გაცემული? შენ ჩაგეთვლება-თქო, მაგრამ ვერ აწია. არჩილსაც [მესტვირიშვილს] ვესაუბრე, ნათიასაც ვესაუბრე. ჩემი ძმა და მე ვართ 50%-ით, მეორე 50%-ის მფლობელია WhiteBit-ი. ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტო-ბირჟა.



ცნობისთვის: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში პირველი ციფრული ბანკის Paysera-ს საბანკო ლიცენზია 2022 წლის  ნოემბერში გასცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები