ეროვნული ბანკის სამმა ვიცე პრეზიდენტმა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ თანამდებობები დატოვეს. ვიცე პრეზიდენტების შემთხვევაში ცენტრალური ბანკის დატოვების მიზეზი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ 19 სექტემბერს მიღებული ბრძანებაა, რომელიც აწესებს გამონაკლისს საქართველოს მოქალაქეთა სანქცირების შემთხვევაში. ახალი წესის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქცია გავრცელდება მხოლოდ მაშინ, თუკი მის წინააღმდეგ საქართველოს სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას.
ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, სებ-ის საბჭოში სულ 9 წევრია, თუმცა ამჟამად ის 7 პირისგან იყო დაკომპლექტებული, საიდანაც 4 პოზიცია აღმასრულებელ პირებს - პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს და სამ ვიცე-პრეზიდენტს ეკავა. კანონის მიხედვით, საბჭო არ არის ქმედითი თუკი მასში წევრთა რაოდენობა 5-ზე ნაკლებია. იმის გათვალისწინებით, რომ საბჭო არსებული 7 წევრიდან 3-მა დატოვა კითხვის ნიშნები ჩნდება ეროვნული ბანკის ქმედუნარიანობასთან დაკავშირებით. როგორც საბჭოს წევრები გვიხსნიან, მათ თანამდებობის დაუყოვნებლივ დატოვების უფლება არ აქვთ, ისინი თავიანთ პოზიციების დატოვებას მხოლოდ 2 თვის შემდეგ ნოემბერში შეძლებენ. შესაბამისად, კანონის მიხედვით ამჟამად საბჭო ქმედუნარიანია.
ეკონომისტების შეფასებით, ნათია თურნავას გადაწყვეტილების საფუძველზე საბჭოს უკვე სამი წევრის, რომლებიც ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტის თანამდებობებსაც იკავებდნენ, ცენტრალური ბანკის დატოვება ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანია დარტყმაა. ეკონომისტი სოსო ბერეკაშვილი თვლის, რომ ეროვნული ბანკის ინსტიტუცია დღეს ქვეყანაში დანგრეულია.
“ეროვნული ბანკის ინსტიტუცია ამ ეტაპზე დანგრეულია, სამწუხაროდ, ეს გააკეთა ნათია თურნავამ გუშინ თავისი გადაწყვეტილებით. ვიცით ყველამ ეროვნული ბანკის საბჭოში ვინ და როგორ არის მოხვედრილი.
ორივე ეს ადამიანი, არჩილ მესტვირიშვილიც და პაპუნა ლეჟავაც იყვნენ პროფესიული ნიშნით და არა პოლიტიკური ნიშნით შერჩეულები. მესტვირიშვილი განსაკუთრებით დიდი ხანია ეროვნულ ბანკშია და არანაირი პოლიტიკური აფილაცია მას არ ჰქონია. ესენი არიან კარგი ეკონომისტები, რომლებმაც იციან მაკროეკონომიკა და თან ვიცე-პრეზიდენტები იყვნენ. ისინი არ ეთანხმებიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო გუშინ თურნავამ ერთპიროვნულად ან მათზე დაყრდნობით”, - ამბობს სოსო ბერიკაშვილი.
სოსო ბერიკაშვილის თქმით, ცენტრალური ბანკიდან ორი ვიცე-პრეზიდენტის წასვლა, რომლებიც არ ეთახმებოდნენ ნათია თურნავას გადაწყვეტილებას ბანკს მნიშვნელოვან რეპუტაციულ ზიანს აყენებს, რაც აჩენს რისკს იმისას, რომ ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან სანდო პარტნიორის სტატუსი დაკარგოს.
“პრობლემა არის ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის არ არსებობა. ეროვნული ბანკი აქამდე ყოველთვის იყო საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის სანდო პარტნიორი და დღეს ეს ვეღარ იქნება. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები კი სასიცოცხლოდ სჭირდება ქვეყანას. იმიტომ, რომ ისინი გვაძლევენ ხან შეღავათიან სესხს, ხან პირდაპირ გვჩუქნიან თანხას. არ შეიძლება ვერ განვვითარდებით საერთაშორისო ფინანსური სისტემის გარეშე.”-ამბობს ბერიკაშვილი.
ცნობისთვის: ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ ეროვნული ბანკი მესამე ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ გაგუამაც დატოვა.
მოგვიანებით სისო ბერიკაშვილი ნიკოლოზ გაგუას გადადგომას სტატუსით გამოეხმაურა და მის საქციელს ღირსეული უწოდა. როგორც სისო ბერიკაშვილი წერს, მისი წასვლით სებ-ის საბჭოში მხოლოდ ოთხი წევრი რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ საბჭო არაქმედუნარიანია.
"ნიკოლოზ გაგუა არ ყოფილა ეროვნული ბანკის საბჭოში პოლიტიკური აფილაციის გარეშე. სებ-ის საბჭომდე ის იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამ ხელისუფლებაში. დღეს ნიკა გაგუაც გადადგა.
ძალიან პრინციპული, დასაფასებელი და ღირსეული საქციელია მისი მხრიდან.
მისი წასვლით სებ-ის საბჭოში მხოლოდ ოთხი წევრი რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ საბჭო არაქმედუნარიანია (შეიძლება აქ სხვა იურიდიული ტერმინი უნდა, მაგრამ შინაარსი ისაა, რომ გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიათ, რადგან ადგილების ნახევარზე მეტი ვაკანტური აქვთ).
ტექნიკურად, როგორც ჩანს, საბჭოს ეს წევრები ჯერ კიდე თანამდებობაზე არიან", - წერს ბერიკაშვილი.