მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორი ვიცე-პრეზიდენტის წასვლის შემდეგ არის თუ არა სებ-ის საბჭო ქმედითი?

სები

დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის ორმა ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა საბჭოს შემადგენლობა დატოვეს. ამის მიზეზი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ 19 სექტემბერს მიღებული ბრძანებაა, რომელიც აწესებს გამონაკლისს საქართველოს მოქალაქეთა სანქცირების შემთხვევაში. ახალი წესის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქცია გავრცელდება მხოლოდ მაშინ, თუკი მის წინააღმდეგ საქართველოს სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას.

ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, სებ-ის საბჭოში სულ 9 წევრია, თუმცა ამჟამად ის 7 პირისგან იყო დაკომპლექტებული, საიდანაც 4 პოზიცია აღმასრულებელ პირებს - პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს და სამ ვიცე-პრეზიდენტს ეკავა. კანონის მიხედვით, საბჭო არ არის ქმედითი თუკი მასში წევრთა რაოდენობა 5-ზე ნაკლებია. შესაბამისად, ამჟამად საბჭო ქმედუნარიანია.

“ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომელიც შედგება 9 წევრისაგან. თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 5-ზე ნაკლებია, ეროვნული ბანკის საბჭო არ არის უფლებამოსილი, შეასრულოს თავისი ფუნქციები. ამ შემთხვევაში ვაკანსია უნდა შეივსოს ამ ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს 2 თვისა,”- ნათქვამია კანონში.

2023 წლის დეკემბერში ეროვნული ბანკის საბჭოს დატოვებს რობერტ სინგლეტერი, შესაბამისად, პარლამენტი ვალდებული იქნება აირჩიოს საბჭოს მინიმუმ ერთი წევრი, რათა სებ-ის საბჭო კვლავ ქმედუნარიანი იყოს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები